ამ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ურეკის დენდროლოგიური პარკისთვის 200-წლოვანი ტიტას შემდეგ, კიდევ ერთი იშვიათი ჯიშის, ასწლოვანი ხე ოზურგეთში, სოფელ მერიაში მცხოვრები გობრონიძეებისგან 44 000 დოლარად იყიდა. აღნიშნულმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველადი ინფორმაციით, ეს ხე - იშვიათი აფრიკული მცენარე - ბაობაბი იყო, რაზეც კვირისპალიტრა.გე-მაც დაწერა, თუმცა ინფორმციის დაზუსტება იმ ოჯახისგან გადავწყვიტეთ, ვისგანაც იყიდა ხე ივანიშვილმა და როგორც აღმოჩნდა, ეს ბაობაბი სულაც არ ყოფილა.
დიმა გობრონიძე, სოფელ მერიის მკვიდრი:
- რატომღაც
დაიწერა, რომ ჩვენი ხე ბაობაბია, თუმცა ეს გინკგო ბილობას ასწლოვანი ხეა. სოფლის უძველესი ოჯახი გახლავართ, დღესაც იმავე ეზოში ვცხოვრობთ, რომელშიც ჩვენი წინაპრები. ბაბუაჩემმა, დიომიდემ ჩამოიტანა და სწორედ ამავე ეზოში დარგო იშვიათი ნერგი, რომელსაც შვილივით უვლიდა თურმე და ნერგმაც გაიხარა. მე ბაბუა არ მახსოვს, - ის მე-19 საუკუნის ბოლოს იყო დაბადებული, მაგრამ, როგორც ვიცი, ბაბუამ გინკგო ბილობა ბათუმიდან მერიაში, დაახლოებით, 100 წლის წინ ჩამოიტანა და საგულდაგულოდაც უვლიდა - უცხო კლიმატსა და გარემოში მცენარეს მხოლოდ მიწაში ჩარგვა არ უშველიდა და ბაბუას მონდომება რომ არა, ალბათ ვერც გაახარებდა. ბაბუას ბუნება უყვარდა, სილამაზის ფასი იცოდა და ცხადია, თუკი რაიმე განსაკუთრებული ჯიშის ნერგს წააწყდებოდა, ოჯახში მოჰქონდა. ასე რომ ჩვენს ეზოში სხვა ლამაზი ხეებიც იყო და არის. თუმცა ზოგიერთი დრომ შეიწირა.
- ბიზნესმენმა თქვენი ხის შესახებ როგორ შეიტყო?
- იმ ადამიანისაგან, რომელიც ურეკის დენდროლოგიური პარკის მშენებლობასთან არის დაკავშირებული და, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა ჩვენს ხეს. ზოგადად ამ ხით ყოველთვის ინტერესდებოდნენ, გვეკითხებოდნენ ხოლმე, რა ხეა, საიდან არის ჩამოტანილიო.
- გული არ გწყდებათ, რომ ამ სილამაზეს დაემშვიდობებით?
- გული ერთ რამეზე მწყდება, - ჯერ ხე არავის წაუღია და ზოგიერთები იმას გაიძახიან, მამაპაპისეული ქონება გაყიდა, ეს რა გააკეთაო! ჩემი აზრით კი, ადამიანი იმიტომ მუშაობს, იმიტომ ქმნის ქონებას, რომ იარსებოს და ოჯახიც აცხოვროს. ასე იქცეოდა ბაბუაჩემი დიომიდე, ასე იქცეოდა მამაჩემი, რომელიც ეზო-კარში მუხლჩაუხრელად შრომობდა. ასე ვშრომობ მეც და ვუვლი ჩემს კარ-მიდმაოს, ჩემი შვილებიც ასე შრომობენ და ვართ ასე. ბაბუაჩემს კი ვენაცვალე, ისე იშრომა, რომ ამდენი წლის შემდეგ, მისი შრომა ასე გამოადგა შთამომავლებს. ხეებს კი კიდევ დავრგავთ, სოფელში ვცხოვრობთ, ეს არ გაგვიჭირდება. ერთ რამეშიც კი დარწმუნებულები ვართ, - სადაც ამ ხის წაღებას აპირებენ, იქ მოვლა-პატრონობას არავინ დააკლებს, ჩვენზე უკეთესადაც მოუვლიან. განსხვავება კი ის იქნება, რომ მარტო ჩვენი სოფელი კი არა, მთელი საქართველო და ტურისტებიც ნახავენ.
იხილეთ სრულად