30 დეკემბერი, 2020
2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ასტროლოგ რამაზ გიგაურისგან
ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის 2021 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:

ვერძი

2021 წელი თქვენთვის პოზიტიური ცვლილებების პერიოდი იქნება. განსაკუთრებით ეს ეხება თქვენი მომავლის ფორმირებას, ახალი შემოქმედებითი პროექტების დაწყებასა და განვითარებას. თუმცა მნიშვნელოვანი გახდება ერთობლივი საქმიანობა. შეძლებთ ახალი მეგობრების, პარტნიორების, მასწავლებლების და სპონსორების მოძიებას. იოლად და რაც მთავარია, წარმატებით შეძლებთ ახალ სამუშაო სივრცეში ან სოციალურ გარემოში ადაპტაციას. ამ პერიოდში მოგიწევთ ურთიერთობების სწორად და ეფექტიანად წარმართვა, რადგან სწორედ საქმიან ურთიერთობებზე იქნება თქვენი გამარჯვება დამოკიდებული.
წლის პირველი ნახევარში შეეცადეთ, რომ გადაჭრათ ძველი პრობლემები, რათა ახალ წამოწყებებში ძველმა კრიზისებმა ხელი არ შეგიშალოთ. გაზაფხულის ბოლო და ზაფხულის პირველ ნახევარი თვითშემეცნებაში, განვითარებაში და ჯანმრთელობის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ. წლის მეორე ნახევარში ბევრი საკითხი თუ ურთიერთობა თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს, აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული მიმართულებით წინსვლა დამუხრუჭდეს. შეეცადეთ, თქვენი რესურსები პრიორიტეტის მიხედვით სწორად გადაანაწილოთ. რიგ პერიოდებში მოგიწევთ ლიდერის თვისებების გამოვლენა, რათა მართვის სადავეები ხელიდან არ გაგისხლტეთ. თუმცა მოერიდეთ იმპულსურობას, ნერვიულობას და გაუმართლებელ რისკზე წასვლას. შემოდგომა საშუალებას მოგცემთ დაასრულოთ გადადებული საქმეები. წლის ბოლოს შეძლებთ ბევრი საკითხის თქვენდა სასარგებლოდ დასრულება-დასტაბილურებას, რაც თქვენს ფსიქოემოციური სისტემას დაამშვიდებს.

კურო

2021 წელი თქვენ ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების შანსს მოიტანს. თუმცა წელი წინდახედულად დაიწყეთ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, აგრესიის გამოვლენას და რისკზე წასვლას. ყველა მიმართულებით სამუშაო ბევრი გექნებათ. პროფესიულ სფეროში და სერიოზულ საქმეებში დამსახურებისამებრ მიიღებთ. მთლიანობაში, წლის პირველი ნახევარი საშუალებას მოგცემთ გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები, გათავისუფლდეთ ზედმეტი პასუხისმგებლობისგან და დაასრულოთ გადადებული საქმეები. როგორც პიროვნული, ისე სოციალური კუთხით განვითარდებით, თუმცა ამისთვის ძველი, ხელისშემშლელი საქმეებისგან თუ მომაბეზრებელი ურთიერთობებისგან გათავისუფლება მოგიწევთ. საინტერესო იქნება შემოქმედებით და ასევე გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობები, რადგან ეს კავშირები თქვენს ადრე დაწყებულ პროექტებს სასიკეთოდ წაადგება და მათი რეალიზაციის ალბათობას გაზრდის. წლის მეორე ნახევარში ნუ იზარმაცებთ და ცხოვრების აქტიური რეჟიმის გამო ნუ მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. საკუთარი ბედნიერებისთვის ბრძოლა სწორედ ამ პერიოდში მოგიწევთ. მოსალოდნელია ახალი გამოწვევის წინაშე დადგეთ. მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვს სამსახურთან, ფინანსურ შემოსავლებთან, კრედიტებთან და ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლოა მოგიწიოთ ძველ პროექტებთან თუ გადადებულ საქმეებთან დაბრუნება და მათი მოგვარება. წლის ბოლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ფრთხილად და ოჯახის წევრებთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღეთ. მოერიდეთ ზედმეტ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას.

ტყუპები

მიმდინარე წელი თქვენთვის ერთი ციკლის დასრულების და ახალი ციკლის დაწყების ეტაპი იქნება. მაქსიმალურად უნდა მოინდომოთ, რომ შეძლოთ თქვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენა. ეს განსაკუთრებით ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემის უნარს, კომუნიკაბელურობას და ურთიერთობების მართვას ეხება. შეიძლება ამ წელს კარმულიც ვუწოდოთ, რადგან მოსალოდნელია სწორად ამ წელში მიიღოთ ის "დივიდენდები", რაც გასულ ექვსწლიან პერიოდში "დააბანდეთ". წლის პირველ ნახევარი მოიტანს ძველი კავშირების გადახედვას და მათში ცვლილებების შეტანას. ეს იქნება სრულიად ახალი ეტაპი, რომელიც თქვენს თვალთახედვას, ჰორიზონტს და შესაძლებლობებს გააფართოებს. ეს კარგი დროა შიშის, ფობიების და კომპლექსების დაძლევისთვის. წარმატებით შეძლებთ ახალი ცოდნის მიღებას და ასევე იურიდიული პრობლემების მოგვარებას. წლის მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყება და მოსალოდნელია შეიძინოთ ახალი მეგობრები, თქვენს ცხოვრებაში გაჩნდნენ ახალი პარტნიორები. პოზიტიური ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაშიც - მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების, განახლების ან ქორწინების ალბათობა. (მითუმეტეს, რომ ამ წელს თქვენი შარმი და მიმზიდველობა ერთიორად მოიმატებს). წლის ბოლოს შეძლებთ უცხოეთთან და უცხოელებთან დაკავშირებულ ადრე დაწყებულ პროექტებში წარმატებას მიაღწიოთ.

კირჩხიბი

ეს წელი თქვენთვის დატვირთული და მრავალმხრივი იქნება. წლის დასაწყისშივე გამოავლინეთ ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა, რათა გასული წლიდან გადმოყოლილ პრობლემებს გაუმკლავდეთ. ამასთანავე, მოგიწევთ მომავლის მიმართ არსებული ეჭვებისა და შიშის დაძლევა. წლის პირველი ნახევარი ტრანსფორმაციის პერიოდი იქნება, ამიტომ ცივი გონებით იმოქმედეთ. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. ამ პერიოდში წარმატების მიღწევა თქვენი ემოციების მართვასა და თქვენი რესურსების სწორად გადანაწილებაზე იქნება დამოკიდებული. შეეცადეთ, რომ შეცდომების ალბათობა მინიმუმზე დაიყვანოთ. იზრუნეთ თქვენს იმიჯზე და გაიმყარეთ ავტორიტეტი. მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს და ფინანსურ საქმეებში გაუმართლებელ რისკზე წასვლას. წლის მეორე ნახევარში მოგიწევთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება (განსაკუთრებით ბიზნესთან და ფინანსებთან მიმართებაში). ასევე ყურადღება მიაქციეთ სამსახურს და საქმიან ურთიერთობებს. ეს პერიოდი თქვენგან კრიზისის მენეჯერის უნარების გამოვლენას მოითხოვს. მოსალოდნელია მოგიწიოთ გარკვეული გადაფასების გაკეთება და წარსულის ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლება. მნიშვნელოვანი იქნება ფიზიკური ვარჯიში, გამაჯანსაღებელი პროცედურები და სწორი კვება, რათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაუგებრობები გამორიცხოთ. წლის ბოლოს მოიმატებს თქვენი სექსუალურობა და თავდაჯერებულობა. ეს საშუალებას მოგცემთ პირად ცხოვრებაში ახალი იმპულსები შეიტანოთ.

ლომი

თქვენთვის 2021 წელი საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდება. ეს იქნება განახლების, ახალი ურთიერთობების და სასიკეთო კავშირების დამყარების პერიოდი, აქედან გამომდინარე, თქვენი წარმატება სწორედ პარტნიორობას დაუკავშირდება. ერთი მხრივ, ეს იქნება ახალი ჰორიზონტის გახსნა, ახალი სივრცეების თუ სფეროების ათვისება, მეორე მხრივ, თქვენი პოპულარობის და გავლენის გაზრდა. წლის პირველ ნახევარში მოგიწევთ აქტიურად გამოავლინოთ ინიციატივები და საჭირო დროს პრეტენზიებიც გამოთქვათ. იოლად შეძლებთ წარმატებული ადამიანის იმიჯის შექმნას და რეპუტაციის გამყარებას. თქვენი იდეებით სწორედ ის ადამიანები დაინტერესდებიან, რომლებსაც თქვენი რეალური დახმარება შეუძლიათ. შეეცადეთ, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების გამო საქმიან პარტნიორებთან პრობლემები არ შეგექმნათ. წლის მეორე ნახევარში მოგიწევთ გააანალიზოთ წარსული, გამოიტანოთ დასკვნები და გადახედოთ თქვენს გეგმებს. არ არის გამორიცხული კომპრომისებზე წასვლაც მოგიწიოთ. ამ პერიოდში დათმეთ ეგოცენტრულობა და უპირატესობა დიპლომატიურობას მიანიჭეთ. ამ პერიოდში მოიმატებს პირადი ცხოვრების, განახლების ან შეცვლის ალბათობა. შესაძლოა ეს იყოს ქორწინებაც. წლის ბოლო სასიკეთო იქნება სოციალურ პროექტებში მონაწილეობის მიღებისთვის და აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების დაწყებისთვის.

ქალწული

2021 წელი თქვენთვის საკმაოდ კომპლექსური და მრავალმხრივი იქნება. იმისათვის, რომ წელი აქტიურად და რაც მთავარია, ორგანიზებულად დაიწყოთ, მოგიწევთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ძველ, კრიზისულ სიტუაციებზე მაქსიმალური კონტროლის დამყარება. წლის პირველი ნახევარი დაუკავშირდება დამატებითი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, ორგანიზებულ შრომას და წვრილმანების მოგვარებას. ეს განსაკუთრებით ეხება საქმიან სფეროს - სამსახურს, სამუშაო გარემო-პირობებს, საქმიან გარიგებებს, ბიზნესს და ფინანსურ შემოსავლებს. ამ პერიოდში თქვენი ორიენტირი მომავლის ფორმირება უნდა გახდეს, ამიტომ მცირე დანაკარგების ნუ შეგეშინდებათ. ნურც თქვენი მდგომარეობის ერთბაშად შეცვლას ნუ მოინდომებთ. ყოველდღე მცირე ნაბიჯებით წინსვლა - ნამდვილად დაგეხმარებათ. წლის მეორე ნახევარში საერთო სიტუაცია უფრო დაბალანსდება. მოახერხებთ პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას, ახალი ცოდნის მიღებას, გადადებული პრობლემების მოგვარებას, ვალების გასტუმრებას და მომაბეზრებელი კავშირებისგან თავის დაღწევას. ახლობელი ადამიანებისგან უფრო მეტ ყურადღებას და მხარდაჭერას იგრძნობთ. საქმიანი მოლაპარაკებისას თუ ოჯახურ ურთიერთობებში ნუ იქნებით კრიტიკული და ცინიკური, ეს ოპონენტებს გაგიმრავლებთ, ხოლო წარმატების მიღწევაში და ბედნიერების განცდაში ხელს შეგიშლით. წლის ბოლოს მეტი დაისვენეთ, აღიდგინეთ დაკარგული ენერგია და გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტარეთ.

სასწორი

თქვენს ცხოვრებაში 2021 წელი განვითარების, ახალი ჰორიზონტის დანახვის და ახალი სივრცეების ათვისების შესაძლებლობას მოიტანს. წლის დასაწყისში გაგიჩნდებათ იმ საკითხების მოგვარების შესაძლებლობა, რომლებიც გასულ წელს თქვენს შეშფოთებას იწვევდნენ. გაძლიერდება თქვენი შემოქმედებითი ენერგია და კრეატიულობა, რაც დაგეხმარებათ გადადებულ საქმეები გააგრძელოთ, მათ ახალი ენერგია შთაბეროთ, ამასთანავე, დაიწყოთ ახალი საქმეებიც (განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება გამოდგეს ლიტერატურასთან, საერთოდ, ინფორმაციასთან და ასევე ბავშვებთან დაკავშირებული პროექტები). შესაძლოა მოგიწიოთ უახლოესი გარემოცვის შეცვლა ან თქვენს ცხოვრებაში ახალი, საინტერესო მეგობრები და პარტნიორები გაჩნდნენ. წლის მეორე ნახევარში განვითარებული მოვლენები უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოგიტანთ და საკუთარი პოზიციების გამყარებასაც შეძლებთ (ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდება სამსახურთან და ფინანსებთან დაკავშირებით). ამიტომ გააქტიურდით და გამოავლინეთ ინიციატივები. ამ პერიოდში თქვენი გაძლიერებული თავდაჯერებულობა სასიკეთოდ აისახება თქვენს პირად ცხოვრებაზეც. გახდებით უფრო მეტად მოსიყვარულე, დაიწყებთ ემოციის უფრო აქტიურად გამოვლენას. ეს სასიკეთო პერიოდი იქნება ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისთვის, უკვე არსებულ ურთიერთობებში ახალი იმპულსების შეტანისთვის და შვილებთან დაკავშირებული საკითხების სასიკეთოდ მოგვარებისთვის. წლის ბოლოს შეძლებთ იურიდიული თუ სადავო საკითხების თქვენდა სასიკეთოდ მოგვარებას.

მორიელი

2021 წელი - თქვენს ცხოვრებაში მიზნების მიღწევის წლად იქცევა. თუმცა უნდა შეძლოთ ოჯახსა და საქმეს შორის დროის და ენერგიის თანაბრად გადანაწილება. წლის პირველი ნახევარში საქმეთა უმეტესობას თავს უპრობლემოდ გაართმევთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, წინდაუხედავად იმოქმედოთ და გაუმართლებელ რისკზე წახვიდეთ. განვითარებული მოვლენები მოგცემთ გაცილებით ორგანიზებულად იმოქმედოთ. ეს კი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. ეს პერიოდი მოსალოდნელია დაუკავშირდეს ოჯახში სასიკეთო ცვლილებებს და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. მოიმატებს საცხოვრებელი სივრცის განახლების, რემონტის ან საერთოდ, შეცვლის ალბათობაც კი. კარგი დროა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის და მშობლებთან ურთიერთობების დალაგება-განვითარებისთვის. წლის მეორე ნახევარში მოგიწევთ განვლილი გზის გადახედვა და მასში კორექციის შეტანა. ამ პერიოდში გაცილებით მნიშვნელოვანი გახდება სამსახური, პროფესიული საქმიანობა, კარიერა, ფინანსური შემოსავლები თუ ვალდებულებები. იოლად შეძლებთ ხელმძღვანელობასთან საერთო ენის გამონახვას ან სპონსორების მოძიებას. გამახვილებული ინტუიცია თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ეს კარგი დროა ახალი შეთანხმებების მიღწევისთვის და გარიგებების დადებისთვის. თუმცა არასასურველი იქნება დაპირისპირება (მოსალოდნელია ამან სკანდალამდე კი მიგიყვანოთ). წლის ბოლო დინამიკური და შემოქმედებითი იქნება, ამიტომ შეეცადეთ სტრატეგიულად სწორად იმოქმედოთ და თქვენთვის სასურველი მიმართულებით პრაქტიკული შედეგები მიიღოთ.

მშვილდოსანი

მიმდინარე წელი თქვენთვის საკმაოდ დინამიკური და აქტიური იქნება. წლის დასაწყისში მოგიწევთ საკმაოდ ბევრი ინფორმაციის გაანალიზება, რათა სწორად შეაფასოთ არსებული კრიზისები, გადაუდებელი პრობლემები და გართულებული ურთიერთობები და ამ ყველაფრის მოგვარების ეფექტიანი გეგმებიც მოიფიქროთ. წლის პირველ ნახევარში თქვენი წინსვლა და წარმატების მიღწევა პირდაპირ დამოკიდებული თქვენს უახლოეს გარემოცვაზე. აქედან გამომდინარე, გარშემოიკრიბეთ ჭკვიანი და გაბედული ადამიანები. უარი თქვით არაფრისმომტან კავშირებზე, ვაი-მეგობრებზე და "პარაზიტ" ნაცნობებზე, რომლებსაც მხოლოდ თქვენი ენერგია მიაქვთ და სანაცვლოდ არაფერს გაძლევენ. ეს პერიოდი სასიკეთო იქნება სწავლისთვის, ახალი ცოდნის შეძენისთვის და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. ნუ მოგერიდებათ ახალი ინიციატივების გამოვლენისაც. წლის პირველ ნახევარში მოპოვებული ინფორმაცია, მიღებული ცოდნა და დაწყებული ურთიერთობები წლის მეორე ნახევარში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუმცა ამ პერიოდში მოერიდეთ სწორხაზოვან და ხისტ მოქმედებებს. ეს პროფესიულ საქმიანობასთან, კარიერასთან და ფინანსებთან მიმართებაში უკან დაგხევთ. საქმიანი მოლაპარაკებებისას მოქნილი და დიპლომატიური იყავით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი გამოცდილ ადამიანებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეთ. წლის ბოლო ძირითადად პოზიტიური იქნება და გარკვეულწილად დაკარგული პოზიციის დაბრუნებას შეძლებთ.

თხის რქა

ეს წელი თქვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება და შესაძლოა ეს წლის დასაწყისშივე იგრძნოთ. შეძლებთ სამწლიანი დამამუხრუჭებელი გარემოებებისგან ნელ-ნელა, ეტაპობრივად გათავისუფლებას. წლის პირველ ნახევარში გააქტიურდება საქმიანი კავშირებთან, სამსახურთან, ფინანსებთან და კომერციულ გარიგებებთან დაკავშირებული საკითხები. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ გააკონტროლოთ ფინანსური შემოსავლები თუ გასავლები, გადაიხადოთ ვალები და ყურადღებით მართოთ ფინანსური ვალდებულებები. ამ დროს სასურველია მოიძიოთ ახალი სამსახური ან დამატებითი ფინანსური შემოსავლები. ამ პერიოდში წარმატება თქვენს მიზანსწრაფვაზე, დისციპლინასა და წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვის უნარზე იქნება დამოკიდებული. თუ წლის პირველ ნახევარში შეძლებთ ფინანსური კრიზისების აღმოფხვრას და სტაბილურობის მიღწევას, წლის მეორე ნახევარში უკვე მნიშვნელოვან წინსვლასაც მოახერხებთ. აქტიური უნდა გამოდგეს ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი. ამ პერიოდში მოგიწევთ გაანახლოთ თქვენი ცოდნა. ეს კარგი დროა ახალი მეგობრების შეძენისთვის და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებისთვის. შემოდგომით შეეცადეთ, რომ გაუმართლებელ რისკზე არ წახვიდეთ და წინ ნაბიჯ-ნაბიჯ იაროთ. წლის ბოლოს ხელმძღვანელობასთან და საერთოდ, გავლენიან ადამიანებთან დაპირისპირებამ მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები შექმნას. ამიტომ ურთიერთობებში მეტად ტაქტიანი და მომთმენი იყავით.

მერწყული

ეს თქვენთვის კარდინალური ცვლილებების წელი იქნება. იწყება თორმეტწლიანი ციკლი, ამიტომ მაქსიმალური მობილიზება და კონცენტრაცია მოახდინეთ, რომ განვითარებულ მოვლენებზე სრული კონტროლი დაამყაროთ. ეს სიახლეების, ახალი იმპულსების და ცვლილებების პერიოდია. წლის პირველივე ნახევარში იგრძნობთ შემოქმედებით აღმაფრენას, ენერგიის მოზღვავებას და დაიწყებთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას. არ არის გამორიცხული გარკვეული მოვლენების მიმართ შეიცვალოთ არა მხოლოდ ხედვა, არამედ იმიჯიც კი - თქვენს ვარცხნილობაში თუ ჩაცმულობაში ახალი შტრიხები შეიტანოთ. განვითარებული მოვლენები თქვენი მხრიდან განახლებას, ახალ იმპულსებს და ახალ სტრატეგიას მოითხოვენ. პრობლემების დროს პირველ რიგში საკუთარ თავს და გამოცდილებას დაეყრდენით. გაბედულად გამოავლინეთ ინიციატივები და თამამად იმოქმედეთ. მოგიწევთ ბევრი წვრილმანი საკითხის მოგვარება, თუმცა ეს სასიკეთო შედეგებს უკვე გაზაფხულზე მოგცემთ. წლის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით ზაფხულში გააქტიურდებიან თქვენი საქმიანი თუ სასიყვარულო პარტნიორები. მოსალოდნელია მიიღოთ ახალი შემოთავაზებები, შეიცვალოთ სამსახური, მოიძიოთ ახალი პარტნიორები და შეიძინოთ ახალი მეგობრები. ეს ყოველივე განვითარების და წინსვლის კარგ შანსს მოგიტანთ. ამ პერიოდში მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ან ქორწინების ალბათობა. წლის ბოლოს ემოციურ გადაღლას მაქსიმალურად მოერიდეთ, შეეცადეთ კარგად დაისვენოთ და დაკარგული ენერგია აღიდგინოთ.

თევზები

შეიძლება ითქვას, რომ თქვენთვის კარმული წელი იქნება. თუმცა ეს ნეგატიურს ნამდვილად არ ნიშნავს. თუ თქვენ გასულ წელს ცვლილებები დაგეგმეთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელეთ, ამ წელს ამ ცვლილებების განხორციელება მოგიწევთ. მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ემოციური რეაქციების გაცნობიერება და გონივრულად მართვა. ეს წარმატების მიღწევის კუთხით მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ. წლის პირველ ნახევარში შეძლებთ წარსულის ანალიზს, ძველი პრობლემების მოგვარებას, ვალების გადახდას, პრობლემურ ურთიერთობებში გარკვევას, სადავო საკითხების მოგვარებას. ყურადღება გამოიჩინეთ ისეთ სიტუაციებში, სადაც გაზრდილი იქნება ჭორების, ინტრიგების და ფარული მტრობის ალბათობა. არ არის გამორიცხული მოგიწიოთ იმ დამაბრკოლებელი პასუხისმგებლობებისგან თუ ურთიერთობებისგან გათავისუფლება, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლიან. წლის მეორე ნახევარში მოიმატებს უცხოელებთან ურთიერთობების და მოგზაურობის ალბათობაც. არ არის გამორიცხული ეს კავშირში იყოს სწავლასთან, საქმიან ინფორმაციასთან, მოლაპარაკებებთან ან ხელოვნებასთან. მთავარია, რომ ერთმანეთისგან გამიჯნოთ საქმიანი და პირადი ცხოვრება. ნურცერთს ნუ მოაკლებთ თქვენს დროსა და ენერგიას. წლის ბოლოს მოიმატებს თქვენი შარმი და მომხიბვლელობა, ეს პოზიტიურად იმოქმედებს თქვენს პირად ცხოვრებაზე, ამასთანავე, ახლობელი ადამიანები გაცილებით პოზიტიური კუთხით დაგინახავენ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS