08 ივნისი, 2016
როგორ შევინახოთ ყვავილები რაც შეიძლება დიდხანს -სასარგებლო რჩევები ყვავილების მოყვარულებისთვის
ვაზაში ჩაწყობილმა ყვავილებმა დიდხანს რომ გაძლოს, მათ სწორად უნდა მოვუაროთ.

ვარდი

როგორც ნამდვილ დედოფალს შეეფერება, ჭირვეულია - მუდმივ - ყურადღებასა და მოვლას მოითხოვს. ყვავილის ღეროს ქვემოთა ფოთლები და ეკლები გააცალეთ და აუცილებლად წყალში გადაჭერით, რომ ყვავილის ძარღვებში ჰაერი არ მოხვდეს. შეგიძლიათ რამდენიმე წამით მდუღარეშიც ჩაყოთ და შემდეგ ვაზაში ჩააწყოთ.

ვარდებისთვის მაღალყელიანი ვაზა უნდა შეარჩიოთ, რადგან ამ მშვენიერ ყვავილებს ბევრი წყალი უყვართ. კარგი იქნება, თუ ღამით ვარდებს აბაზანაში მოათავსებთ ისე, რომ ღეროები მთლიანად წყლით დაიფაროს. ამგვარი
პროცედურა უკვე მოწყენილ ვარდებსაც კი სწრაფად აცოცხლებს, თუმცა ამის შემდეგ სიცოცხლეს დიდხანს ვერ ინარჩუნებენ.

ტიტა

დიდხანს ვერ ცოცხლობს, ამიტომ მისი დიდხანს ცოცხლად შენახვა ძალიან ძნელია. კოკორი სწრაფად იშლება და ცვივა, სწორედ ამიტომ ყიდიან კოკრებზე რეზინაშემოკრულ ტიტებს. რეზინი იჭერს, რომ კოკორი არ გაიშალოს. ტიტა ცოტა მეტ ხანს გაძლებს, თუ მას ყინულიან წყალში მოათავსებთ. არასოდეს მოათავსოთ ტიტები თბილ წყალში. ვაზაში ყოველთვის ძალიან ცივი წყალი უნდა ესხას.

ნარცისი

ნარცისები ვაზაში ძალიან დიდხანს ძლებენ. ღეროები სქელ წვენს გამოყოფენ, ამიტომ წყალი რეგულარულად უნდა გამოუცვალოთ. ყინულიანი არა, მაგრამ ნარცისებსაც ცივი წყალი უყვართ.

მიხაკი

საკმაოდ გამძლე ყვავილია, თუმცა მისი სიცოცხლის გახანგრძლივევებაც შეიძლება - წყალი ყოველდღე გამოუცვალეთ, ამასთან, ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალი აუცილებლად ოთახის ტემპერატურის იყოს. როგორც კი შესქელდება, წააჭერით ღეროების ბოლოები. შეგიძლიათ წყალში ცოტაოდენი შაქარიც ჩაუმატოთ.

ვაზაში სხვა ყვავილებთან ერთად არ მოათავსოთ - მიხაკებს არ უყვართ "მეზობლები".

ქრიზანთემა

ქრიზანთემაც საკმაოდ გამძლე ყვავილია. რაც შეიძლება დიდხანს რომ გაძლოს, საკმარისია ყოველდღე გამოუცვალოთ წყალი და ყოველ მესამე დღეს ღეროების ბოლოები წააჭრათ, თან ღეროს ბოლო ოდნავ ჩაჭრათ. ღეროს ქვედა ფოთლები აუცილებლად გააცალეთ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS