15 მარტი, 2016
როგორ ვებრძოლოთ ჩრჩილს - გაიგეთ, როგორ შევინახოთ თბილი ტანსაცმელი გაზაფხულზე
გაზაფხულის დადგომასთან ერთად უფრო აქტუალური გახდა კითხვა, როგორ შევინახოთ თბილი ტანსაცმელი ისე, რომ ჩრჩილმა არ დააზიანოს? ჩრჩილი ქსოვილთან ერთად ზოგიერთ საკვებ პროდუქტსაც აზიანებს და მასთან ბრძოლა ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვჭირდეს.

მართალია, არსებობს სხვადასხვა ქიმიური საშუალება, მაგრამ ჩრჩილისგან საკვები პროდუქტების დასაცავად მათი გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. საინტერესოა, რით შეიძლება ვებრძოლოთ ჩრჩილს ისე, რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ.

უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ: არასოდეს არ შეინახოთ გასარეცხი ტანსაცმელი. ჩრჩილი სწორედ ისეთ ადგილებს ეტანება, სადაც ჭუჭყისა და ოფლის კვალია. გარდა ამისა,
რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ გარდერობი. თბილ ამინდში კი ქურქები, პალტოები, ნოხები ხშირად გაამზეურეთ.
გარდერობში, სადაც შალის პლედებს, ქურქებს, თბილ სვიტრებას და ქუდებს ინახავთ, ლიმონისა და ფორთოხლის გამხმარი კანი, ასევე, მარლის პატარა ქისაში ჩაყრილი ლავანდის თესლი, ევკალიპტის ან კრაზანის ფოთლები მოათავსეთ. ოღონდ, ძალა რომ არ დაკარგონ, ისინი პერიოდულად უნდა განაახლოთ. მეტი ეფექტისთვის შეგიძლიათ ქურთუკების, პალტოების ჯიბეებსა და ფეხსაცმელებშიც ჩააწყოთ.

კარგი შედეგი აქვს კაკლის ფოთლებს, ფიჭვის ფისიან ნაფოტებს, მიხაკსა და წაბლს. წაბლს შემოდგომაზე კრეფენ, აშრობენ და ტანსაცმელსა და ფეხსაცმელებს შორის აწყობენ. ოღონდ აუცილებლად გამომშრალი უნდა იყოს, უმი წაბლი შეიძლება დაობდეს.

ჩრჩილს არ უყვარს ჩვეულებრივი საპნის სუნი. ამიტომაც დიასახლისები ხშირად აწყონებ სურნელოვანი საპნის ნატეხებს ზეწრებსა და სხვა თეთრეულს შორის. განსაკუთრებით ეფექტურია მარწყვის საპონი.

ჩრჩილისგან საკვები პროდუქტების დასაცავად ყველაზე ხშირად ნიორს იყენებენ. ჩირი, ბურღულეული, ბარდა შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ ქილებში რამდენიმე კბილ ნიორთან ერთად.

ჩრჩილი ვერ იტანს გერანს, მისი დაზიანებული ფოთოლი ან ღერო გამოსცემს არომატს, რომელიც ამ მწერს ძალიან აფრთხობს.

გაითვალისწინეთ, ჩრჩილი გაცილებით სწრაფად მრავლდება წელიწადის თბილ დროს. ასე რომ, თუ საშუალებაა, პროდუქტი და სხვა ნივთები გრილ ადგილას შეინახეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS