მაშ, რა ალამაზებს ქალს მაკიაჟზე მეტად?
ჰობი
ქალი გატაცების გარეშე მოსაწყენია. ძნელია თანამედროვე ცხოვრების გიჟურ რიტმში საყვარელი ჰობისთვის დროის გამონახვა, მაგრამ რამით გატაცება ძალიან ახალისებს ყოველდღიურობას - შინ დაბრუნებული ხატავ, ძერწავ ან სამკაულებს აკეთებთ და უკეთეს ხასიათზე დგებით, გულს უხარია.
რამით გატაცებულ
სულიერი სითბო
ცივ, ეგოისტ ქალებს მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ. საკუთარი თავის სიყვარული ცუდი თვისება არ არის, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ეგოისტები არავის მოსწონს. თუ ქალს სხვისი თანაგრძნობა არ შეუძლია, მას ვინ თანაუგრძნობს?
სულიერი სითბო იზიდავს გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით კი მამაკაცებს. ქალი, რომელმაც იცის, როგორ გასცეს და მიიღოს სიყვარული, ნებისმიერ ლამაზმანზე უფრო მიმზიდველია.
ინტელექტი
გავრცელებულია აზრი, რომ ლამაზი ქალები ჩერჩეტები არიან. ეს, რა თქმა უნდა, მითია. მსგავსი სტერეოტიპი ორი მიმართულებით მუშაობს: იგულისხმება ისიც, რომ ჭკვიანი ქალები ლამაზები არ არიან, მათთვის მხოლოდ განათლება და სამსახური არსებობს და საკუთარი თავის მოსავლელად დრო არ რჩებათ.
არადა, ცოდნისაკენ სწრაფვა ქალს უფრო მიმზიდველს ხდის, ჭკვიანი ქალი საინტერესოა და სექსუალურიცაა.
მხიარული ხასიათი
მუდამ მოწყენილი და უხასიაო ქალი არავის მოსწონს, ასეთი არც მამაკაცი მოსწონს ვინმეს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ქალი მუდამ კარგ ხასიათზე უნდა იყოს: ცხოვრებაში ათასი სირთულეა. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და მიმზიდველია ქალი, რომელიც სირთულეების შემდეგ კვლავ პოულობს ძალებს ცხოვრების გასაგრძელებლად და მხიარულებისთვის.
შეუპოვრობა
ქალები, რომლებიც არ ეპუებიან სირთულეებს და მიუხედავად ყველაფრისა , ფარ-ხმალს არ ყრიან, ყველას მოსწონს. მათი შეუპოვრობა, კარიერის, შემოქმედების, სპორტისა თუ ურთიერობების მხრივ, სხვებსაც შთააგონებს. მებრძოლები ყველას მოსწონს.
ქალი მშვენიერია, როცა აქვს მიზანი და მისკენ და შეუპოვრად მიემართება.
საკუთარი თავის რწმენა
თავდაჯერებულმა, საკუთარ ძალებში დარწმუნებულმა ქალმა ზუსტად იცის თავისი ღირსებები და შესაძლებლობები, მაგრამ მათ ზედმეტად დემონსტრირებას არ ახდენს. ქალი მშვენიერია, როცა მდუმარედ ამაყობს იმით, როგორ გამოიყურება, რას ფიქრობს, როგორ მეტყველებს... ის კმაყოფილია საკუთარი თავით და გარშემო მყოფებიც მოხიბლული არიან მისით.
სიცოცხლის სიყვარული
სიცოცხლის სიყვარული, შეიძლება ითქვას, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისების ჯამია. როცა ქალი გატაცებულია, თანაგრძნობის უნარი აქვს, ჭკვიანი, მხიარული, შეუპოვარი და თავდაჯერებულია, ის მშვენიერია.
ასეთი ქალი ასხივებს იმ შუქს, რომელიც ყველას გულს ათბობს და სიცოცხლის სურვილით ავსებს.
სოფიო ბულაური