20 თებერვალი, 2016
ჰარპერ ლი - "უმჯობესია ჩუმად იყო... ვიდრე სულელი"
ამერიკელი მწერალი ჰარპერ ლი, რომელსაც ხშირად ერთი რომანის ავტორსაც უწოდებენ, გუშინ, 19 თებერვალს, 90 წლის ასაკში, მშობლიურ ქალაქში გარდაიცვალა.

ის 1926 წლის 28 აპრილს დაიბადა. სკოლა მონროვილში (ალაბამა) დაამთავრა და კოლეჯში, იურისპუდენციის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა არ დაუმთავრებია.

ჰარპერ ლი ავიაკომპანიის წარმომადგენლად მუშაობდა, ვიდრე 1956 წელს მეგობრებმა ერთ წლიანი შვებულება არ აჩუქეს, შეთავაზებით - ამ დროის განმავლობაში, დაწერდა ყველაფერს, რაზეც მანამდე დრო არ ჰყოფნიდა.

1960 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი "ნუ მოჰკლავ ჯაფარას", რამაც ჰარპერ ლის
პულიცერის პრემია მოუტანა და კრიტიკოსებისგან დიდი შექება დაიმსახურა.

რომანის პუბლიკაციის შემდეგ მწერალი ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და პრესასთან თითქმის არ ურთიერთობდა.

ამბობდა, რომ "უმჯობესია ჩუმად იყო.. ვიდრე სულელი".

გამოვიდა წიგნის 30 მილიონი ეგზემპლარი და უამრავ ენაზე ითარგმნა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი კერპები სხვა ლიტერატურული გმირები არიან, "ნუ მოჰკლავ ჯაფარას" კვლავ რჩება თაობის ხმად.

1962 წელს წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი, სადაც ატიკუს ფინჩის როლს გრიგორი პეკი ასრულებს.

მწერლის მეორე და უკანასკნელი რომანი „Go Set A Watchman“ 2015 წელს გამოვიდა. დიდ ბრიტანეთში წიგნის 105 ათასი ეკზემპლარი გამოსცეს.
Ли и Буш

2007 წლის ნოემბერში მწერალმა ამერიკის პრეზიდენტისგან თავისუფლების მედალი მიიღო.

მწერლის გარდაცვალების შემდეგ, მონროვილში, წიგნების პატარა მაღაზიის (სადაც ჰარპერ ლის ნამუშევრები იყიდებოდა) მფლობელმა - სპენსერ მადრიმ, დუმილი დაარღვია:

"ქვეყანას გამოეთხოვა ბრწყინვალე გონების მქონე, შესანიშნავი მწერალი. ჩვენ ის გვემახსოვრება მისი გულახდილობის, ნიჭის, ჭეშმარიტების გამო, რომელიც მანამ გვაზიარა, ვიდრე მისთვის მზად ვიქნებოდით".

გთავაზობთ ჰარპერ ლის რამდენიმე დასამახსოვრებელ ციტატას:

"ნამდვილი სიმამაცე ისაა, როცა წინასწარ დარწმუნებული ხარ შენი წამოწყების წარუმატებლობაში და მაინც, ყველაფრის მიუხედავად იღწვი, იღწვი და ბოლომდე მიგყავს შენი წამოწყება. იშვიათად თუ მოიპოვებ სრულ გამარჯვებას, მაგრამ ხანდახან მაინც მიაღწევ საწადელს..."

"საკუთარი ნიჭით მხოლოდ სულელები ამაყობენ".

"არაფერია იმაში კარგი, როცა იძულებული ხარ ვიღაც გძულდეს".

"ჯაფარა - ყველაზე უწყინარი ფრინველია, ის მხოლოდ ჩვენს გასახარად მღერის. ჯაფარა ბაღში კენკრას არ იპარავს, ბეღელში არ იბუდებს, ისინი ხომ უბრალოდ ჩვენთვის მღერიან საკუთარ სიმღერებს. სწორედ ამიტომ, ჯაფარას მოკვლა - ცოდვაა".

"როცა ვინმე ბინძური სიტყვებით მოგმართავს, ეს შეურაცხყოფა არ არის. არც საწყენია, მხოლოდ ამტკიცებს, რამდენად უმწეოა ეს ადამიანი".

"მადლიერი ადამიანები - ისინი არიან, ვისი ნიჭითა და უნარებითაც ყველას დიდი სარგებელი აქვს".

"თუ თავს დამნაშავედ არ გრძნობ, საბოდიშო არაფერი გაქვს..."

"- იცი რა არის კომპრომისი?
- როცა კანონს გვერდს აუვლი?
- არა, ეს არის, როცა ადამიანები ერთმანეთს უთმობენ და ამგვარად შეთანხმებას აღწევენ".

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS