11 თებერვალი, 2016
საშინელება, რომლის გადატანაც საშუალო ასაკის კრიზისში მყოფი მამკაცის ცოლს უწევს
ყველა მამაკაცი ერთხელ მაინც განიცდის იმ ჯოჯოხეთს, რასაც საშუალო ასაკის კრიზისი ჰქვია. თუმცა ეს მამაკაცს ჰგონია ასე, სინამდვილეში ამ ჯოჯოხეთს მის გვერდით მყოფი ქალი განიცდის. ქალის გადასაწყვეტია გაივლის თუ არა საყვარელ მამაკაცთან ერთად ამ გზას ბოლომდე, ფსიქოლოგების რჩევები, უბრალოდ, დაგეხმარებათ, რომ იმ პერიოდს, რომელსაც მამაკაცები კრიზისულს უწოდებენ, მომზადებული შეხვდეთ.

სევდა

კრიზისულ ასაკში მყოფი მამაკაცი მუდამ სევდიანია და დილიდან საღამომდე ყველაფერზე წუწუნებს, იმაზეც კი, რომ ორშაბათია. ხოლო როცა ხუთშაბათია, იმაზე, რომ ხუთშაბათია. იმაზეც, რომ ყავა გათავდა.
თუ არ გათავდა, მაშინ იმაზე წუწუნებს, რომ სათანადო ხარისხის არ არის და ასე შემდეგ. ამ ატმოსფეროში ქალმა უნდა შეინარჩუნოს მოთმინება და კეთილგანწყობა. ეს არც ისე ადვილია, მამაკაცმა ამ დროს შეიძლება იმაზე დაიწყოს წუხილი და წუწუნი, რომ თქვენ ასეთი მშვიდი და კეთილგანწყობილი ხართ, ის კი არავის ახსოვს და მარტოსულია.

უმიზეზო ბრაზი

თუ არ წუწუნებს და მოწყენილი არ არის, მაშინ ბრაზობს. ყველას და ყველაფერს აგინებს, უპირველეს ყოვლისა კი თქვენ - მაშინაც კი, თუ ყველაფერს იდეალურად აკეთებთ - დაწყებული სადილებიდან, სისუფთავით დასრულებული. მიზეზს ყოველთვის პოულობს: "ისე არ ლაპარაკობ, ისე არ შემომხედე, ისე არ მოიქეცი, როგორც საჭიროა." მზად იყავით, რომ ყველაფერი თქვენი ბრალი იქნება. ასეთ მომენტებში მისი ჩამოხრჩობაც კი მოგინდებათ, მაგრამ გაიხსენეთ, რომ კრიზისული პერიოდი აქვს და შეეცადეთ მოითმინოთ.

პარანოია

საშუალო ასაკის კრიზისში მყოფი მამაკაცი შეიძლება ნამდვილ პარანოიკად გადაიქცეს. დარწმუნებული იქნება, რომ მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგაა, რომ ყველამ პირი შეკრა და მისი სამარემდე მიყვანა უნდათ. სიდედრასაც კი დაადანაშაულებს იმაში, რომ სადილი განგებ გადაამლაშა, ხილო როცა ჰკითხავთ, რატომ იზამდა ამას, გიპასუხებთ: "იმიტომ, რომ ჩემი გაგიჟება უნდა". იმისთვისაც მზად იყავით, რომ ჩუმ-ჩუმად შეიძლება თქვენი წერილებიც წაიკითხოს და იმაშიც დაგადანაშაულოთ, რომ მისი ჩუსტები ძაღლმა სწორე თქვენი ან დედათქვენის წაქეზებით დაღრღნა.

წყენა

თანდათან ყველაფრის გახსენებას დაიწყებს, რაც ოდესმე თქვენგან წყენია. აი, ამ დროს თვალნათლივ დაინახავთ მამაკაცური ქვეცნობიერის მთელ სიღრმეს. თქვენდა გასაოცრად, გაიგებთ, რომ თურმე ათი წლის წინ შეუბრალებლად გადააგდეთ მისი საყვარელი მაისური. გაიგებთ, რომ მთელი თქვენი ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც არ მიგილოციათ მისთვის მესაზღვრის დღე!..

მოსაწყენი კინო

დაიწყებს უცნაური მუსიკის მოსმენას და ასევე უცნაური ფილმების ყურებას. მზად იყავით, წუწუნისგან, გინებისგან, სიბრაზისგან თავისუფალ დროს რაღაც მძიმე, მოსაწყენ, სუიციდურ ფილმებს და ამავე შინაარსის მუსიკას შეარჩევს და სავარაუდოდ, თქვენც მოგიწევთ მათი ნახვა და მოსმენა.

სოციოპათია

არ იფიქროთ, რომ შინიდან გასვლისას თქვენი ქმარი უკეთესად მოიქცევა. საშუალო ასაკის კრიზისში მყოფი მამაკაცისთვის ჩვეულებრივი ამბავია ყველასთან და ყველაფერზე ჩხუბი და კამათი. შეუძლია საქმე გაურჩიოს ყველაზე პატიოსან მეეზოვეს, რომელიც გილმოდგინედ აკეთებს თავის საქმეს, ეჩხუბოს ოფიციანტს, მძღოლს, გამყიდველს, მეზობელს... და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ის მეზობელიც საშუალო ასაკის კრიზისს განიცდიდეს.

აქტიური სტადია

ერთ მშვენიერ დღეს განაცხადებს, რომ აუცილებელია, "რაღაც გლობალურად შეცვალოს". რა თქმა უნდა, ამ ცვლილებებს, უპირველეს ყოვლისა, თქვენგან დაიწყებს, მაგრამ ამ მომენტისათვის თქვენ უკვე სათანადოდ გამოწრთობილი იქნებით და ადვილად გაგზავნით... ყველასთვის ცნობილ მისამართზე. შემდეგ კი ყველაფერი, რაც აქამდე იყო, მეზობლების საჩივრის ჩათვლით, ჩვილის ღუღუნად მოგეჩვენებათ. საქმე ის არის, რომ საშუალო ასაკის კრიზისის აქტიური სტადია პასიურზე ბევრად სახიფათოა. საუკეთესო შემთხვევაში, ის გაიჩენს ძაღლს და საყვარელს, უარეს შემთხვევაში კი მთელი თქვენი ერთობლივი ცხოვრების დანაზოგს ექსტრემალურ ტურიზმში ან აზარტულ თამაშებში დახარჯავს. მოითმენთ თუ არა ამას, რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია.

კულმინაცია

ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი იქამდე მივა, რომ აუცილებლად რაღაც გამოუსწორებელს ჩაიდენს. გადაწყვეტს, რომ მთელი ცხოვრება იმ საქმეს აკეთებს, რაც მისი მოწოდება არ არის, სინამდვილეში ის გენიალური ბროკერი, ვებდიზაინერი ან მწერალი იქნებოდა. ამიტომაც მიატოვებს ნორმალურ სამსახურს და გატაცებით დაიწყებს "თავისი საქმის" ძიებას ისე, რომ არც დაფიქრდება, რა ფინანსურ საფრთხეს შეუქმნის ოჯახს.
მისი გადარწმუნება შეუძლებელია, ერთადერთი გამოსავალი მოთმინებაა.

ფინალური აკორდი

საშუალო ასაკის კრიზისში მყოფ მამაკაცს შეუძლია დატოვოს ცოლ-შვილი. ასეთი შემთხვევა ბევრია, მაგრამ თუ ზემოთქმულ სიტუაციებში მან მეტისმეტად გამოიჩინა თავი, ერთადერთი განცდა, რაც მისი წასვლისას დაგეუფლებათ, შეიძლება გამოვხატოთ სიტყვებით "ჯანდაბამდეც წასულხარ" და მართალიც იქნებით.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ტამარი
როდემდე აიტანს ადამიანი
18:07 / 03-02-2017
გამოხმაურება / 0 /
MIRABELLA
ქართველი კაცის მუდმივი მდგომარეობა დაბადებიდან კუბოს კარამდე...ჯოჯოხეთშიც წასულა(ნ)
23:22 / 01-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS