მამით რაჭველი ვარ და ბუნებრივია, ჩემი არდადეგების დიდ ნაწილს სოფელში ვატარებდი. გაგიჟებით მიყვარდა მთების ფერდობებზე გაშლილ ტყეებში ხეტიალი, სადაც უმეტესწილად ბებიას დავყავდი ხოლმე და ზოგჯერ ისე ღრმად შევდიოდით ტევრში, შიში შემიპყრობდა - არ დავიკარგოთ-მეთქი! ბებიას კი ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ გზას ყოველთვის იპოვნიდა: ანგელოზები დაგვეხმარებიანო! - მეტყოდა
... რომ წამოვიზარდე, დავინტერესდი და ვკითხე რასთან იყო დაკავშირებული მთის ანგელოზების რწმენა და ბებიასგან ისეთი რამ მოვისმინე. უხსოვარ დროში მთას ბევრი მგზნებარე გულის ქართველი აფარებდა თავს, რომლებიც უსამართლობას ვერ ეგუებოდნენ, სიკეთის გასამარჯვებლად იბრძოდნენ და მტრის რისხვას აქ ემალებოდნენ... სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან იღუპებოდნენ. ბევრი უსახელო საფლავში წევს, პატივით, ცრემლით დასაფლავებაც არ ღირსებიათ, მაგრამ ღმერთმა ისინი ანგელოზებად აქცია და გარდაცვალების შემდეგაც კი ეხმარებიან ადამიანებს: დაკარგულ, გზააბნეულ მგზავრებს გზას აჩვენებენ და სამშვიდობოს გამოჰყავთო!...
სამწუხაროდ, მე ის ანგელოზები არასოდეს მინახავს, მაგრამ გასულ ზაფხულს ისეთი რამ მიამბეს, მიხვდებით რატომაც გამახსენდა ახლა ბებიასგან ნახსენები ანგელოზები:
27 წლის ბექა გვიამბობს:
- მეგობარმა დამპატიჟა რაჭაში და რადგან მანამდე არასოდეს მენახა ეს უმშვენიერესი მხარე, სიამოვნებით მივიღე მიწვევა. ერთ დღესაც იარაღი ავისხით და დათვზე სანადიროდ წავედით, რომელიც სოფლის ნახირს ერჩოდა და ძალიან დააზარალა ხალხი. ძირითადად ადგილობრივი ახალგაზრდები იყვნენ, სიმართლე გითხრათ, მე უფრო ექსკურსიაზე წავედი, რომ ახლოს მენახა იქაური მთების უჩვეულო სილამაზე. ჰოდა, ისე გამიტაცა უფრო მეტის ნახვის სურვილმა, ვერც გავიგე როგორ მოვწყდი ძირითად ჯგუფს და იმდენად დავშორდი, რომ ყვირილითაც ვერ მივაწვდინე ხმა. ჩემდა საუბედუროდ, იარაღი მძიმე მეჩვენა და თოფი ჩემს მასპინძელს გადავაბარე, თორემ რომ გამესროლა, იქნებ გასროლის ხმას მოჰყოლოდნენ. ხეზეც ავედი, რომ იქნებ კოცონი დამენახა, მაგრამ უშედეგოდ. არადა, ვიცოდი, რადგან ღამისთევით ვიყავით წამოსულები, კოცონის დანთებას აპირებდნენ ბიჭები, უკვე ბინდდებოდა და ძალიან შევშინდი. მუხლებზე დავვარდი და ლოცვა დავიწყე: ღმერთო, ახლა მხოლოდ შენს მიერ მოვლენილი სასწაული თუ გადამარჩენს-მეთქი!..
ცოტა ხანში ზურგს უკან ფიჩხის ტკაცანის ხმა გავიგონე, თითქოს ფეხი დაადგა შემთხვევით ვიღაცამ, მოვიხედე, დავიძახე - ვინა ხარ-მეთქი?! - მაგრამ არავინ მიპასუხა. არადა, აშკარად მესმოდა როგორ დააბიჯებდა ვიღაც...
ისიც ვიფიქრე, რომ დათვი იყო სადღაც ახლოს. ვერაფრით აღგიწერთ, რაც მაშინ განვიცადე და გადავიტანე. ის იყო მოთქმით ტირილი უნდა დამეწყო ამოდენა კაცს, რომ სინათლის სვეტი დავინახე, თითქოს ვიღაც პატარა ფარანს ანათებდა...
- ვინა ხარ-მეთქი?! – ისევ ვიყვირე და ისევ არავინ მიპასუხა. სხვა რა გზა მქონდა და სინათლისკენ გავწიე. მე რომ მისკენ წავედი, ისიც ამოძრავდა, გავჩერდი - გაჩერდა... იმ წუთში მართლა ვიწამე სასწაული და იმ სინათლეს მონუსხულივით ავედევნე... ნახევარ საათზე მეტ ხანს ვიარე აჩქარებული ნაბიჯით და უკვე ბიჭების ხმაც მესმოდა: მეძებდნენ, მეძახდნენ. მეც ვუპასუხე და ამ დროს იმ სინათლემ ჰაერში აიწია, საოცარი სისწრაფით ავარდა ცისკენ, ვარსკვლავივით გაიბრწყინა და გაქრა...
ბიჭებს რომ ვუამბე არ დამიჯერეს, დამცინეს... - შიშს დიდი თვალები აქვს, რაღაცა მოგელანდაო! – Gარადა, მე ხომ ვიცი, რომ ყველაფერი ასე იყო და არაფერსაც არ ვაზვიადებ?!... რადგან ძალიან მინდოდა ვინმეს მაინც დაეჯერებინა, ამიტომ გადავწყვიტე თქვენთან მოსვლა! - დაასრულა თხრობა ბექამ და მასაც ვუამბე ის, რაც ბებიასგან ვიცოდი რაჭის მთის ანგელოზებზე... რატომღაც ორივენი დარწმუნებულები ვართ, რომ ბექას სწორედ ერთ-ერთი მათგანი დაეხმარა...
ინგა ჯაყელი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის