20 დეკემბერი, 2015
როგორ მოვიქცეთ, თუ ქმარზე მეტი შემოსავალი გვაქვს
უმუშევრობა საქართველოში ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. უსახსრობის გამო არა ერთი ოჯახი ინგრევა. ხშირ შემთხვევაში ქალები უფრო ადვილად პოულობენ სამსახურს და მათი შემოსავალიც შედარებით დიდია. თუ მამაკაცი უმუშევარია, ან თქვენზე დაბალი ხელფასი აქვს, აუცილებლად დაკომპლექსდება, გახდება აგრესიული და ურთიერთობა გაგიფუჭდებათ. თუ გსურთ რომ განქორწინება თავიდან აიშოროთ:

1. არასდროს გახადოთ ქმარი დიასახლისი
სანამ მეუღლე გარჩენდათ, თქვენ შვილებს უვლიდით, სახლს ალაგებდით, საჭმელს აკეთებდით და საოჯახო საქმეებში იყავით ჩაფლული. ახლა, როცა ფინანსური პრობლემების გადაჭრა თქვენს ბეჭებზეა, არ იფიქროთ, რომ მამაკაცი დიასახლისი
უნდა გახდეს. რა თქმა უნდა, ის დაგეხმარებათ ბავშვების აღზრდაში, მაგრამ ნუ მოითხოვთ მის სამზარეულოში ტრიალს. თქვენი თხოვნითა და დამოკიდებულებით ქმარს თავმოყვარეობა არ უნდა შეულახოთ.

2. მიეცით უფლება, ოჯახის მენეჯმენტი წარმართოს
მესმის, რომ რთულია, გამოიმუშავო ფული და შემდეგ დასახარჯად ქმარს მისცე. შეიძლება, მეუღლე არც თუ ისე გონივრულად ანაწილებს თანხას, მაგრამ კაცის თვითშეფასებისთვის ეს აუცილებელია.

3. დარჩი ცოლად
მამაკაცს უნდა აგრძნობინოთ რომ საჭიროა, მაგალითად დაავალეთ ონკანის შეკეთება, მძიმე ნივთების სხვა ოთახში გატანა, თუნდაც ქილისთვის თავსახურის მოხსნა. შეუქეთ ყველა მნიშვნელოვანი ქმედება. დაანახეთ, რომ ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ხართ მისით და გჯერათ, რომ მომავალში წარმატებას მიაღწევს.

4. ნუ შეადარებ სხვას
მამაკაცებს არაფერი აღიზიანებთ ისე, როგორც მათი სხვა კაცთან შედარება, თუნდაც ღვიძლ ძმასთან. არასდროს უსაყვედუროთ: შეხედე შენს ძმას, რამდენს მიაღწია... არ უთხრათ: ჩემი დაქალის ქმარი ასე არასდროს მოიქცეოდა.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS