დიდი ხნის წინათ, ლივანის ულამაზეს მთებში სამი კედრი დაიბადა. როგორც ვიცით კედრები ძალიან ნელა იზრდებიან, ამიტომ მათ წინ საუკუნეები და ასწლეულები ჰქონდათ, რათა კარგად გაეაზრებინათ და ეფიქრათ ცხოვრებასა და სიკვდილზე, ბუნებასა და კაცობრიობაზე.
ანბანი მათ თვალწინ შეიქმნა; დაინახეს და ახსოვდათ, თუ როგორ ეწვივნენ სოლომონ მეფის გზავნილები ლივანის მიწას; როგორ გაეხვა ეს მიწა კვამლში
ერთ მშვენიერ დღეს კედრები მომავალზეც ალაპარაკდნენ.
ერთმა კედარმა თქვა:
- მინდა ტახტად გადავიქცე, რომელზეც ამ ქვეყნად ყველაზე ძლიერი მეფე ავა;
მეორე კედრმა თქვა:
- მინდა ისეთის ნაწილი ვიყო, რაც ბოროტებას სამუდამოდ აქცევს სიკეთედ;
რაც შემეხება მე - თქვა მესამემ:
მინდა - ჩემი დანახვისას ადამიანებს ყოველთვის ღმერთი ახსენდებოდეთ.
და მაშინ დედაბუნებამ საიდუმლო ენით მიუგო:
- ო, კედრებო, თქვენი სურვილები კეთილშობილური და უჩვეულოა. ისინი აუცილებლად ახდება, თუმცა არა ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ..
მას შემდეგ ასწლეულები გავიდა, მოვიდნენ ხიმსმჭრელები და კედრები მოჭრეს.
პირველი კედრისგან ფარდული ააშენეს, მეორე კედრისგან სოფლის უბრალო მაგიდა გააკეთეს, მესამე ხე ფიცრებად აქციეს, რომელიც დიდი ქალაქის საწყობში შეინახეს.
ბედის სიავეს კედრები მწარედ განიცდიდნენ - "ჩვენი ხე ისეთი კრგი იყო, ღირსეულად მისი გამოყენება კი ვერავინ შეძლო".
დრო გადიოდა. ერთ დღესაც ცოლ-ქმარმა ღამის გასათევი ვერ იპოვა და თავი ფარდულს შეაფარეს. ცოლი ფეხმძიმედ იყო და ბავშვი იმავე ღამეს დაიბადა. ბაგაში თივა ჩაყარეს და ბავშვი იქ მოათავსეს.
კედარი მაშინვე მიხვდა, რომ მისი ოცნება ასრულდა. ის დედამიწის უდიდესი გამგებლის მსახური გახდა.
წლები კვლავ გადიოდა. სოფლის ერთ მოკრძალებულ სახლში ადამიანები იმ მაგიდას მიუსხდნენ, რომელიც მეორე კედრისგან იყო დამზადებული. ვიდრე ჭამას დაიწყებდნენ, მაგიდასთან მდგომმა ერთ-ერთმა სტუმარმა მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოსთქვა პურსა და ღვინოზე.
და მეორე კედრმაც მაშინვე გააცნობიერა, რომ მისი სურვილი ასრულდა. მას შემდეგ ის არა მარტო პურს, ღვინოს და საკვებს ემსახურება, არამედ ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირის მოწმეა.
მომდევნო დღეს, მესამე კედრის ორი ფიცრისგან ჯვარი გააკეთეს. რამდენიმე საათში დაჭრილი, ნაწამები ადამიანი მოიყვანეს და მაშინ საშინელება დატრიალდა. კედრი თავის სასტიკ ბედს უჩიოდა.
მხოლოდ მესამე დღეს გააცნობიერა რა მოხდა სინამდვილეში. ჯვარზე გაკრული მომაკვდავი ადამიანი, სამყაროს სინათლე გახდა. კედრისგან დამზადებული ჯვარი კი, წამების საგნიდან სადღესასწაულო სიმბოლოდ იქცა.
და მაშინ, დედაბუნებამ თქვა: - "აი, განხორციელდა თქვენი ბედისწერა. ახდა თქვენი სურვილები, მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ მოელოდით.."
ანა ვერძაძე