ზვიგენები არ გიყვართ? მაშინ იქნებ შემზარავი ატრაქციონი მოგეწონოთ, სახელად „სიკვდილის გალია“ . მასში მთავარ როლს გიგანტური ნიანგები ასრულებენ, ხოლო ეს ატრაქციონი ავსტრალიის ქალაქ დარვინში ტარდება.

სანახაობა სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისათვის არ არის განკუთვნილი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ზვიგენები, როგორც წესი, ადამიანს თავიანთი მენიუს შემადგენელ ნაწილად არ თვლიან, აი ნიანგები კი ბუნების ორფეხა მეფეების ხორცს დიდ პატივს სცემენ. იმავე ავსტრალიაში ყოველწლიურად უძველეს რეპტილიათა ადამიანებზე თავდასხმის ასობით ფაქტი ფიქსირდება. ჩვენ ხომ მათთვის მოსიარულე დელიკატესი ვართ!

პარკ „ქროქოზავრთა
უბის“ მამაცი სტუმრები ნიანგებთან აუზში ეშვებიან. ამ გულად ადამიანებს გამჭვირვალე პლასტმასის „გალიაში“ ათავსებენ და რეზერვუარში უშვებენ, სადაც ხუთი მეტრი სიგრძის გიგანტური ქვეწარმავლები დაცურავენ. ახლა ასეთი რამ წარმოიდგინეთ - თქვენთან ერთი ამგვარი ომნიბუსი მოცურავს, ყურადღებით ათვალიერებს, ეს რა ქინქლა ფართხალებს ჭიქაშიო და აუჩქარებლად აღებს უზარმაზარ ხახას. ერთი სიტყვით, თუ ძალიან მოინდომებთ, თქვენ ყველა შანსი გაქვთ ამ ომნიბუსის „სალონში“ აღმოჩნდეთ...
ჟურნალი „რეიტინგი“