21 ივლისი, 2013
ჭრელი სამყარო
ყოველი მათგანი საათში 700-მდე კოღოს ანადგურებს. ფრიად ეფექტურია ასევე კოღოების გამრავლების ადგილებში მდოგვის თესლის მოფრქვევა. ამ მცენარის წებოვანი თესლი კოღოების მატლებს ყბებს უწებებს და ისინი შიმშილით კვდებიან. ინგლისელმა სპეციალისტებმა ფართომასშტაბიანი სტატისტიკური გამოკვლევა ჩაატარეს, რათა გაერკვიათ, შესაძლებელია თუ არა, რაიმე პროდუქტის მიმართ ძლიერმა სიყვარულმა გავლენა იქონიოს მომუშავე ადამიანთა პროფესიულ წარმატებებზე.

გაირკვა, რომ ასეთი ურთიერთკავშირი უფრო მეტად შეიმჩნევა ტკბილეულის მოყვარულებში. ერთი წლის განმავლობაში იმ მუშაკთა 60%, რომელთაც სამუშაო მაგიდაზე ყოველთვის აქვთ კანფეტები ან რაიმე სხვა ტკბილეული, სამსახურში
დააწინაურეს, ხოლო 43% რეგულარულად იღებდა პრემიებს. საერთოდ, ტკბილეულის მოყვარულები თავიანთი კოლეგების სიმპათიებითა და პატივისცემით სარგებლობენ. ფსიქოლოგები ამ მოვლენას იმით ხსნიან, რომ ასეთი ადამიანები, ჩვეულებრივ, გულკეთილები და გულისხმიერები არიან, მათ ასეთ თვისებებს კი სათანადოდ აფასებენ უფროსებიც და რიგითი თანამშრომლებიც. რაც შეეხება პიკანტური კერძების მოყვარულებს, მათგან ხელფასის მომატებით მხოლოდ ყოველ მეოთხეს შეეძლო ეტრაბახა, ხოლო კარიერული წინსვლით - მხოლოდ 17%-ს.

არტეფაქტი ძველმანების ბაზრობიდან
Rating
თურმე მილიონერი სულ ერთ საათში შეიძლება გახდე და ამისათვის სულაც არ არის საჭირო ლატარიაში მოგება ან მოულოდნელად მემკვიდრეობის მიღება. მამაკაცმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ნიუ-იორკში მეძველმანისგან ჩვეულებრივი თეთრი ფერის ფინჯანი იყიდა სამ დოლარად. სახლში მიიტანა და მალე გადაავიწყდა კიდეც. ადვილი წარმოსადგენია მისი განცვიფრება, როდესაც ექსპერტებმა, რომელთაც რამდენიმე თვის შემდეგ საკონსულტაციოდ მიმართა, განაცხადეს, რომ ეს სუნის ჩრდილოეთ დინასტიის ჩინური კერამიკაა, რომლის ასაკიც არანაკლებ 1000 წელია! ერთადერთი მსგავსი ეგზემპლარი ლონდონის მუზეუმში ინახება და „უდიდესი მსოფლიო კოლექციის“ კატალოგში შედის. ფინჯანი თავდაპირველად 300 ათას დოლარად შეაფასეს და აუქციონზე გაიტანეს, მაგრამ საბოლოოდ უძვირფასესი არტეფაქტი ძველმანების ბაზრობიდან, 2 მილიონ 225 ათას დოლარად გაიყიდა.

მაგნიტი მეხისთვის
Rating
როგორც ამბობენ, მეხი ერთ ადგილზე ორჯერ არ ეცემა, მაგრამ კოლუმბიელ ალეხანდრო მენდონას ეს ფრაზა სევდიან ღიმილს ჰგვრის. ბოლო ხანებში მეხი მას ოთხჯერ დაეცა. პირველად ეს 2010 წლის სექტემბერში მოხდა. ალეხანდროს დიდი დრო დასჭირდა გონზე მოსასვლელად, მაგრამ მაინც კმაყოფილი დარჩა იმით, რომ ცოცხალი გადარჩა. მეორე ინციდენტის შემდეგ მენდონამ დასახმარებლად ექიმებს მიმართა, მაგრამ მათ ვერაფრით დაადგინეს, თუ რატომ მოეწონა იგი ასე ბუნების ამ საოცარ მოვლენას. მესამე შემთხვევის შემდეგ საბრალო თითქმის მთელი წელი არ გამოსულა სახლიდან, მაგრამ მეხი იქაც მისწვდა. როდესაც ალეხანდრო მეოთხედ დაზარალდა, მან ექიმბაშებს მიმართა მუდარით, როგორმე დაეხსნათ იგი ამ „ჯადოსაგან“ . ექიმბაშებმა უიღბლო „მეხამრიდი“ ვერტიკალურად ჩაფლეს მიწაში, რათა ელექტრული მუხტისაგან გაეთავისუფლებინათ, რამაც თითქოს უშველა კიდეც, თუმცა, შესაძლოა დროებით!..

ინდოელი ტარიელი
Rating
ორი ინდოელი ყმაწვილი - რენი ჰანსა და რამ პრასედი მანიპურის შტატის სოფელ სარაუდან დილით ადრე გაემართნენ ბალახის მოსათიბად. მდელო იქვე იყო - სოფლის გადაღმა. როდესაც მეგობრები ტყის პირას მივიდნენ, უღრანიდან მოულოდნელად ვეფხვი გამოიჭრა და რამი მიწაზე დასცა. რენი არ დაიბნა. მან მძიმე ქვას დაავლო ხელი, მტაცებელს თავში სტყორცნა და... ვეფხვი ძირს დაენარცხა, მარჯვე დარტყმით განგმირული. ხმაურზე გლეხებმა მოირბინეს. მათ მტაცებელი გაკოჭეს და დაჭრილი რამი მოასულიერეს - საბედნიეროდ, ყმაწვილი იოლად გადარჩა.
სპეციალისტების აზრით, ეს ერთადერთი ცნობილი შემთხვევაა, როცა ვეფხვი ისე იყო განგმირული ქვით, როგორც ამას ისტორიამდელ პერიოდში აკეთებდნენ ჩვენი შორეული წინაპრები.

„გვესაჭიროება უსახური!“
Rating
არგენტინის ერთ-ერთი ზოოპარკის მეპატრონეებმა სამუშაოდან დაითხოვეს ახალგაზრდა თანამშრომელი ევა ამაია. საბრალო ქალი თურმე იმდენად ლამაზია, რომ მამრ შიმპანზეებს აღაგზნებდა. როგორც კი ევა გალიას უახლოვდებოდა, მაიმუნები სიმშვიდეს კარგავდნენ, ჟივილ-ხივილს ტეხდნენ, თავდაყირა დგებოდნენ, ჭყიოდნენ, ერთი სიტყვით, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ევას ყურადღება მიექციათ.
სასამართლომ ქალის სამსახურიდან დათხოვნა უკანონოდ მიიჩნია და ზოოპარკის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, სენიორიტა ამაია სამუშაოზე აღედგინა, მაგრამ ლამაზმანი ტერარიუმში გადაიყვანეს: ქვეწარმავლები ხომ, როგორც ცნობილია, ცივსისხლიანები არიან.

მდოგვი კოღოების წინააღმდეგ
Rating
ჩვენს პლანეტაზე მალარიით კვლავინდებურად უამრავი ადამიანი იღუპება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია შეიმუშავეს მისი მკურნალობისა და პროფილაქტიკის ეფექტური მეთოდები, შედეგები მაინც არადამაკმაყოფილებელია: მალარიის გადამტანი კოღო - ანოფელესი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ განადგურებული.
დაავადების მკურნალობის ქიმიურ-ფარმაკოლოგიური მეთოდებისა და ჭაობებთან ბრძოლის მელიორაციული საშუალებების გარდა არსებობს ასევე ბიოლოგიური ხერხებიც. მაგალითად, ანოფელესის ბუდობის ადგილებში ღამურებს უშვებენ: ყოველი მათგანი საათში 700-მდე კოღოს ანადგურებს. ფრიად ეფექტურია ასევე კოღოების გამრავლების ადგილებში მდოგვის თესლის მოფრქვევა. ამ მცენარის წებოვანი თესლი კოღოების მატლებს ყბებს უწებებს და ისინი შიმშილით კვდებიან.

დიდწონიანი ოჯახი
Rating
ეს ამერიკის ყველაზე მძიმე ოჯახია - მხოლოდ ქალები, რომლებიც 820 კილოგრამს იწონიან. საერთო წონა ასე გროვდება: 45 წლის დედილო მირტი ვუდსი - 215 კილოგრამი, 24 წლის სინტია - 190, 19 წლის ქეთრინი - 240, 15 წლის ტირაინი - უკვე 175 კილოგრამი! თითოეული ქალი ყოველდღიურად 7000 კალორიას ირგებს. მათი დღიური მენიუა: 5 დიდი პიცა, შემწვარი ქათმების 2 „ოჯახური ულუფა“ , 8 ცალი ორმაგი ჰამბურგერი, საქონლის ხორცი - შეძლებისდაგვარად, 12 ლიტრი სასმელი, კექსები და მურაბები - ჩაროზად. მათი ცხოვრების მიზანია, 500 კილოგრამი დაიკლონ, ყველამ ერთად, რასაკვირველია.

რად გინდა ასეთი სიცოცხლე?
Rating
ამერიკელმა მეცნიერებმა დაბერების პრობლემათა ეროვნული ინსტიტუტიდან დღეგრძელობის საიდუმლოს ახადეს ფარდა. ის ძალიან მარტივია - უნდა მივირთვათ მხოლოდ და მხოლოდ უბრალო საკვები და ისიც მცირე რაოდენობით. ყოველი ჭამის დამთავრების შემდეგ აუცილებლად უნდა განვიცდიდეთ შიმშილის მსუბუქ შეგრძნებას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ უარი ალკოჰოლზე, ნიკოტინსა და საწინააღმდეგო სქესთან სექსუალურ ურთიერთობაზე. სპეციალისტთა შეფასებით, იმ ადამიანს, რომელიც დაიცავს ამ წესებს და ჯანსაღ გარემოში იცხოვრებს, 150-170 წლამდე სიცოცხლის რეალური შესაძლებლობა ეძლევა, თუმცა აქ ერთი კითხვა ჩნდება: მერედა რისთვის?

პაატა გეგელაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS