15 მარტი, 2015
უცნაური წეს-ჩვეულებები მთელი მსოფლიოდან, ანუ რატომ უნდა უბრახუნოთ სიძეს
თვალები დაგსიებიათ, ალბათ, თირკმლები არა გაქვთ წესრიგში ყოველ ხალხს ქცევის საკუთარი წესები აქვს, რომელთა ამოცანა ადამიანურ ურთიერთობებში ჰარმონიის უზრუნველყოფაა. ადამიანის საქციელი, რომელიც არ იცავს ზნეობრივ ნორმებს, ხშირად გაუგებარია და აღშფოთებასაც კი იწვევს. და მაინც, ეტიკეტი მეტად პირობითია - ის, რაც ერთ კულტურაში მიუღებლად ითვლება, სხვაგან, შესაძლოა, არც ისე პიკანტურად გამოიყურებოდეს.

უცნაური მისალმებები

როგორც წესი, რაც უფრო შორეული და იზოლირებულია ქვეყანა, მით უფრო მეტი საოცრება (ჩვენი აზრით, ცხადია) შეიმჩნევა მის კულტურაში. ასე, მაგალითად, ახალი გვინეის პაპუასებისთვის
მისალმების ფორმას თანამოსაუბრის ჭიპზე შეხება წარმოადგენდა. ასევე უჩვეულო ფორმისაა მისალმება ნაცნობის შეხვედრისას ტიბეტში - მას მარჯვენა ხელის აშვერილი ცერა თითი უნდა უჩვენოთ და ამავე დროს ენაც გამოუყოთ.

აი, ტაიტიზე კი მეგობართან შეხვედრის სიხარულს მთლად ეგზოტიკურად გამოხატავენ: ამ დროს კანს იჭრიან ზვიგენის კბილით, რომელიც მსგავსი შემთხვევებისთვის ყოველთვის თან დააქვთ და ტკივილისგან რაც შეიძლება ხმამაღლა ბღავიან. თავის მხრივ, ფილიპინელი ძვირფასი სტუმრის მიღებისას, განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, მას მუხლებზე სახით უნდა გაეხახუნოს. სამოას კუნძულებზე შემოგწყრებიან, თუკი ნაცნობთან შეხვედრისას მას ლაზათიანად არ ჩაყნოსავთ, ხოლო კენიის აკამბას ტომში სასურველ სტუმარს უბრალოდ... აფურთხებენ!...

სუფრის ეტიკეტის სიფაქიზე

დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისამდე ისეთი ცნება, როგორიცაა სუფრის ეტიკეტი, პრაქტიკულად არ არსებობდა და საკვების ერთობლივი მიღების დროს თითქმის ყველაფრის კეთება იყო ნებადართული, ვისაც რა მოესურვებოდა. მოგვიანებით, როდესაც მანერები უფრო დაიხვეწა, არისტოკრატებისთვის სპეციალური დარიგებები გაჩნდა, მათ შორის იმის შესახებაც, როგორ უნდა მოიქცეს მაგიდასთან ზრდილი ადამიანი.

მაგალითად, სპეციალურად აღინიშნებოდა, რომ ტრაპეზის დროს მიუღებელია თითების ლოკვა, სუფრით ცხვირის მოხოცვა, საკუთარ თეფშში ჩაფურთხება ან ძვლების მაგიდის ქვეშ დაყრა. აშშ-ის პირველმა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა სახელი იმითაც გაითქვა, რომ''ზრდილობიანი ყოფაქცევის'' 110 წესი შეადგინა, რომელთა რიცხვში ასეთი აკრძალვებიც შედიოდა:''მაგიდასთან მჯდომი ნურაფერს მოიფხან, ჩანგლით კბილებს ნუ გამოიჩიჩქნი, რწყილებს საჯაროდ ნუ გასრეს...'' დღეს ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება, მაშინ კი ამ წესების დასანერგად დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო სამთავრობო დონეზე.

კორეაში ეროვნული კერძები ძალზე ცხარეა, ამიტომ ცრემლები და ცხვირიდან გამონადენი სტუმრად საკვების მიღების დროს ნორმად მიიჩნევა და ეტიკეტით წახალისებულია კიდეც, რო-გორც საუცხოო კომპლიმენტი დიასახლისისთვის. იმავე მიზეზით პორტუგალიურ რესტორნებში პერსონალი შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს, თუკი სტუმარი დამატებით მოითხოვს მარილს ან წიწაკას, რადგან ეს ეჭვქვეშ აყენებს მზარეულის პროფესიონალიზმს. აღმოსავლეთ აზიის მრავალ ქვეყანაში სტუმრის ბოყინი დიასახლისის საუკეთესო ქათინაურად მიიჩნევა - მაშასადამე, სტუმარმა გემრიელად მიირთვა.

უჩვეულო საქორწინო ტრადიციები

მალაიზიაში არ არის მიღებული, მომავალმა მეუღლეებმა აბაზანა მიიღონ ან რაიმე სხვა საშუალებით გაისუფთაონ სხეული ქორწინებამდე სამი დღით ადრე. გარდა ამისა, მთელი ამ დროის განმავლობაში მათ აკრძალული აქვთ ჭამა და სმა. კუნძულ კალიმანტანზე (ინდონეზია) კი, ყველაფერ ამასთან ერთად, იმავე პერიოდში მათ ეკრძალებათ... ტუალეტში შესვლა. იქ მიაჩნიათ, რომ თუ ახალგაზრდები მოითმენენ ამ წამებას, მაშინ შემდგომი ოჯახური ცხოვრება სამოთხედ მოეჩვენებათ.

საქმრო ავსტრალიელ აბორიგენთა შორის ყველაზე ნაკლებდელიკატური გახლდათ მატრიმონიალურ საკითხებში. იგი რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა თავის რჩეულს, რის შემდეგაც ეპარებოდა, თავში კეტის ჩარტყმით აბრუებდა და საბედოს თავის ქოხში მიათრევდა. იბოს აფრიკულ ტომში კი თავად საქმროს უბრახუნებენ, რომელმაც ჯოხებით შეიარაღებულ პატარძლის ნათესავთა მწკრივში უნდა გაიაროს. თუკი ამ გამოცდას გაუძლებს, მაშასადამე, ოჯახური ცხოვრებისთვისაც მზადაა.

კენიაში ცოლქმრულ თანაცხოვრებას ძალზე სერიოზულად ეკიდებიან. იქ მიღებულია გამოუცდელი საქმროსა და პატარძლისთვის ყოველგვარი ინტიმური დეტალის სწავლება, ხოლო უფრო მეტი საიმედოობისთვის ერთ-ერთი''გამობრძმედილი'' ახლობელი ქალბატონი, როგორც წესი, ქორწინების პირველ ღამეს ახალშეუღლებულთა საწოლის ქვეშ ატარებს, რათა მათ მორალური მხარდაჭერა გაუწიოს და, რაც მთავარია, სწორად უკარნახოს, რისი გაკეთებაც დასჭირდებათ ახალგაზრდებს ამა თუ იმ საჭირბოროტო სიტუაციაში.

გასაოცარი ურთიერთობები

ნორვეგიასა და იაპონიაში ბოლო დრომდე მიღებული არ იყო ადგილის დათმობა ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ითვლებოდა, რომ ადგილის დათმობით შეურაცხყოფას აყენებდნენ და ქედმაღლურად ეპყრობოდნენ მათ უძლურებას. ნორვეგიაში, ამასთან, მიღებული არ არის თუნდაც ოდნავ გა-დამეტებული კომპლიმენტები - ეს უხეშ პირფერობად ითვლება. ამავე მიზეზით იქ არ შეიძლება მოსწავლის შექება მთელი კლასის წინაშე.

აშშ-ში ქალი უმთავრესად თვითონ ანაზღაურებს თავის დანახარჯებს რესტორანში, თუნდაც იქ ახლობელ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდეს, რადგანაც დამამცირებლად მიიჩნევა, როდესაც მის ფინანსურ ხელმოკლეობას უსვამენ ხაზს. თუ თქვენ შეეცდებით დაეხმაროთ ადგილობრივ ქალბატონს რაიმეს გადატანაში ან კარის გაღებაში, ჩათვლიან, რომ მის წინაშე თქვენი უპირატესობის დემონსტრირებას ახდენთ. თუკი ამერიკელ ქალს რაიმე კომპლიმენტით შეამკობთ, მას სრული უფლება ექნება, თქვენ სექსუალურ მისწრაფებაში დაგდოთ ბრალი...

კორეაში კი ქალბატონთან შეხვედრისას მართლაც რომ ძალზე უცნაურ''ქათინაურებს'' წარმოთქვამენ:''დღეს როგორი დაღლილი სახე გაქვთ'' ანდა:''თვალები დაგსიებიათ, ალბათ, თირკმლები არა გაქვთ წესრიგში''. ამით თითქოს აგრძნობინებთ, რომ ქალს უნდა ჰქონდეს კიდეც უსუსური ან ავადმყოფური შესახედაობა, რათა მამაკაცს მისი დაცვისა და ნებისმიერ წუთს მხარში დგომის სურვილი გაუჩნდეს.

პაატა გეგელაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
მარი
და ეგენი გვასწავლიან ჩვენ კულტურას? გილაურს რომ შეხვდნენ რომელიღაც ქვეყანაში ცხვირზე გახახუნებით და ტინტრაკა კაცები, მაშინ მივხვდი რომ ეგენი ჯერაც ჯუნგლებში არიან ცივილიზაცია კი ნამდვილად ჩვენგან დაიწყო ამაში დარწმუნებული ვარ
12:40 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
დალი
მე ასე ვაკეტებ დიდიხანია და კარგად ატეტრებს.
15:50 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ადამიანი ამკობს ადგილს და არა ადგილი ადამიანს
თამარა - მეც ეს გავიფიქრე ))))))) გაჭირვებას რა ვუთხარი, თორემ ქართველობაზე ჯიგარი არავინ არ მეგულება (ზოგადად როგორც ერი და არა ერთეული ადამიანები)!
10:45 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
tamra
კიდევ კარგი საქართველოში ვცხოვრობ.
21:20 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS