იგი ყველას ეუბნებოდა, რომ უკვე რამდენიმე საუკუნე და ათასწლეულია ცოცხლობს, რომ ოდესღაც ატლანტიდაში სახლობდა და რამდენჯერმე გარდაისახა, რომ სენეკასა და პლატონთან უსაუბრია, მოსესთან ერთად გადაუვლია ზღვა და კარგად იცნობდა აბრაამის წინაპრებს. თუმცა ერჩივნა, საკუთარ თავზე ბევრი არ ელაპარაკა, მიუხედავად ამისა, მაინც წამოსცდებოდა რაღაცები. მისი ყველაზე ცნობილი ფრაზაა: ''ყოველთვის ვეუბნებოდი ქრისტეს, რომ ცუდად დაამთავრებდა'' . ეს უცნაური და იდუმალი
ადამიანი არსაიდან
დღემდე არავინ იცის, ვინ იყო სინამდვილეში სენ-ჟერმენი. სავარაუდოდ, ის 1696-1784 წლებში ცხოვრობდა. მკვლევართა უმეტესობის აზრით, სენ-ჟერმენი აფერისტი იყო, რომელიც ოსტატურად სარგებლობდა ადამიანთა უვიცობითა და გულუბრყვილობით. ზოგიერთი მას ბრძენად მიიჩნევდა, რომელმაც ფილოსოფიური ქვის საიდუმლო შეიცნო და უკვდავების ელექსირი მოიპოვა.
პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-ს მიაჩნდა, რომ სენ-ჟერმენის საიდუმლოს ამოხსნას ვერასდროს ვერავინ შეძლებდა. ის იყო ''ადამიანი არსაიდან'' .
გრაფს უამრავი დადებითი თვისება ჰქონდა: ძალიან ლამაზი იყო, კარგად იცოდა ინგლისური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური, გერმანული, რუსული, შვედური, დანიური ენები. ადვილად ლაპარაკობდა სხვა სლავურ და აღმოსავლურ ენებზე, როგორც ამ ქვეყნების ნებისმიერი მკვიდრი. ჰქონდა გამორჩეული მეხსიერება და უკიდეგანო ფანტაზია. ხშირად თანამოსაუბრეებს შორეული წარსულის მოვლენებსა და ადამიანებზე ისეთ წვრილმანებს უყვებოდა, რომლებიც მხოლოდ თვითმხილველს შეეძლო სცოდნოდა და ძალიან ერთობოდა მათი დაბნეული და გაოცებული გამომეტყველებით. იგი ხშირად იცვლიდა სახელებს, ყველაზე ხშირად სწორედ გრაფ დე სენ-ჟერმენად მოიხსენიებდნენ, თუმცა ამ ტიტულის ფლობის არავითარი ლეგალური უფლება არ ჰქონდა.
პარიზულმა საზოგადოებამ, ისე, რომ არაფერი იცოდა გრაფის იდუმალი წარსულის შესახებ, ადვილად მიიღო იგი და სენ-ჟერმენი ლუდოვიკო XV-ის კარზე მალე იქცა შინაურ ადამიანად.
შეკითხვებს მისი წარმომავლობის შესახებ მხოლოდ იდუმალი ღიმილით პასუხობდა. ამდენად, დღემდე გაურკვეველი რჩება, ვინ იყო სინამდვილეში გრაფი. ერთ-ერთი ვარაუდით, სენ-ჟერმენი ესპანეთის მეფე კარლ II-ის ქვრივის, დედოფალ მარიას უკანონო ვაჟი იყო. თუმცა თავად ამბობდა, რომ დაიბადა ქვეყანაში, სადაც საუცხოო ზღვისპირა კლიმატი იყო, იხსენებდა, როგორ დარბოდა მდიდრული სასახლეების ტერასებზე.
დროდადრო იმასაც ამბობდა, რომ მავრიტანელი მეფის მემკვიდრე იყო, რომელიც ესპანეთში, გრენადაში ჯერ კიდევ არაბების მბრძანებლობის დროს მეფობდა. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა უმეტესი ნაწილი ემხრობა ვერსიას, რომლის მიხედვითაც, სენ- ჟერმენი ცნობილი თავად ფერენც რაკოცის უფროსი ვაჟი გახლდათ. რაკოცი სათავეში ედგა ავსტრიელი ჰაბსბურგების დინასტიის წინააღმდეგ უნგრელთა აჯანყებას.
1750 წელს სენ-ჟერმენი იტალიაში გამოჩნდა და სწორედ მაშინ მიიქცია პირველად ყურადღება. თავიდან ის ჰოლანდიასა და ინგლისში ცხოვრობდა. შემდეგ საფრანგეთში გადავიდა და იოლად მოიპოვა მადამ დე პომპადურისა და მეფე ლუდოვიკო XV-ის კეთილგანწყობა. მეფემ ლუარის სანაპიროზე მდებარე უმშვენიერეს შამბორის ციხესიმაგრეში განთავსებული ქიმიური ლაბორატორიაც კი დაუთმო სენ-ჟერმენს. თავისი ქიმიური ექსპერიმენტების შედეგად გრაფმა ქსოვილისთვის საოცრად მდგრადი საღებავი მიიღო, ასევე, ფერწერისთვის გამოიგონა საღებავები, რომლებიც სიბნელეში ასხივებდნენ. რელაქსაციისთვის შეეძლო 38-45 საათის განმავლობაში ტრანსში ყოფილიყო, გაუღვიძებლად.
კენეტ მაკენზის თქმით, 1780 წელს გრაფი საფრანგეთის ელჩს სტუმრობდა ჰააგაში. სწორედ ამ სტუმრობისას გრაფმა ჩაქუჩით დაანაწევრა საკუთარი წარმოების მშვენიერი ალმასი, მანამდე კი ამ ალმასის დუბლიკატი, ასევე საკუთარი წარმოების,
5500 ლუიდორად მიჰყიდა ერთ-ერთ იუველირს.
სენ-ჟერმენი არაფრით არ ჰგავდა იმ დროისთვის დამახასიათებელ თაღლითებს, მაგალითად, როგორიც იყო გრაფი კალიოსტრო. მას ყოველთვის ჰქონდა ფული და ხელგაშლილად ცხოვრობდა. მისი სისუსტე ბრილიანტები იყო. მიუხედავად იმისა, რომ გამორჩეულად ჩაცმა არ უყვარდა და მუქი ფერების სამოსს ამჯობინებდა, ძვირფას ქვებს მის ტუალეტში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. მუდმივად თან ჰქონდა ბრილიანტებით პირთამდე სავსე პატარა ზარდახშა, რომელსაც სიამოვნებით აჩვენებდა ყველას. საიდან მოჰქონდა ფული, არავინ იცოდა. ამასთან, გრაფი სენ-ჟერმენი ბრწყინვალე მანერებითა და იდეალური აღზრდით გამოირჩეოდა.
აფერა თუ ჯადოქრობა
1737-1742 წლებში მისტიკოსი გრაფი სპარსეთში ნადირ-შაჰის კარზე ცხოვრობდა. მისივე თქმით, პირველად მაშინ დაიწყო ბუნების საიდუმლოებების შესწავლა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა გაიტაცა, დაინტერესდა ქიმიით. დადიოდა ხმები, რომ გრაფი სენ-ჟერმენი ბრილიანტების ''გამთელებისა და გამოყვანის'' საიდუმლოს ფლობდა. მაგალითად, 1757 წელს გრაფმა ლუდოვიკო XV-ს გაბზარული ალმასი გამოართვა და რამდენიმე დღის შემდეგ უნაკლო ძვირფასი ქვა დაუბრუნა. რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ გრაფმა მონარქის ნდობის მოსაპოვებლად, უბრალოდ, გაბზარული ალმასი მსგავსი ძვირფასი ქვით შეცვალა. ამ ხერხს ის სხვა ადამიანებთანაც იყენებდა, ამიტომაც ბევრს ეგონა, რომ გრაფი ალმასების გამოყვანის საიდუმლოს ფლობდა და სწორედ ეს იყო მისი შემოსავლის წყარო. თუმცა სენ-ჟერმენი ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ ''მკურნალობდა'' ძვირფას ქვებს, მათ ლაქებსა და ბზარებს აშორებდა და ეს ურთულესი საქმე ინდოეთში შეისწავლა.
ლეგენდები
სენ-ჟერმენზე ბევრი ლეგენდა დადიოდა. ზოგი ამბობდა, რომ ის ხუთასი წლის იყო და ფილოსოფიური ქვის საიდუმლო ამოხსნა. არსებობდა მითი, თითქოს სენ-ჟერმენს ჰქონდა სარკე, რომელშიც მომავლის დანახვა შეეძლო. ამბობდნენ, რომ ერთხელ ლუდოვიკო XV-მაც ჩაიხედა იმ სარკეში და კინაღამ გონება დაკარგა, როცა საყვარელი შვილიშვილის თავმოკვეთილი სხეული იხილა. ზოგი სენ-ჟერმენს ჯაშუშად მიიჩნევდა, რომელიც ევროპელი მეფეების დავალებას ასრულებდა. შესაძლოა, არაკანონიერი დიპლომატიური წარგზავნილიც ყოფილიყო, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდა საიდუმლო მოლაპარაკებებისას და ასე ხსნიდნენ მის გაუგებარ, მაგრამ აშკარად დიდ შემოსავლებს.
1760 წელს სენ-ჟერმენმა მონარქთან კონფლიქტის გამო საფრანგეთი დიდი ხნით დატოვა. მის ბასტილიაში გამოკეტვასაც კი აპირებდნენ. ამის მიზეზი, თითქოს, სამეფო ბრილიანტი იყო, რომელიც გრაფს ჰააგაში უნდა გაეყიდა და ყალბი აღმოჩნდა, სხვა ვერსიით კი, კონფლიქტი საიდუმლო დიპლომატიას უკავშირდებოდა. გრაფი არაერთხელ დაუპატიმრებიათ, მაგალითად, 1743 წელს სენ-ჟერმენი დააპატიმრეს ინგლისში, როგორც იაკობინელი ჯაშუში, თუმცა ყოველთვის ათავისუფლებდნენ და ბოდიშს უხდიდნენ.
უცნაური სიკვდილი
გრაფ სენ-ჟერმენს სამართლიანად უწოდებენ XVIII საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ პიროვნებას. მის ბიოგრაფიაში ბევრი რამ ბურუსითაა მოცული. დოკუმენტები, რომელთა წყალობითაც შეიძლებოდა სიმართლის დადგენა, მისი გარდაცვალებისთანავე განადგურდა. როცა სენ- ჟერმენი გარდაიცვალა, თავადმა კარლ გერენსკიმ, რომელიც გრაფს მფარველობდა, როგორც ჩანს, მომაკვდავის თხოვნით, ყველა მისი ჩანაწერი დაწვა. მისი გარდაცვალების შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს. გარდაცვალების თარიღად 1784 წელია მიჩნეული, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს ამ თარიღის შემდეგაც ნახეს სენ-ჟერმენი. მაგალითად, 1785 წელს პარიზში მასონთა შეხვედრა გაიმართა, მონაწილეთა სიაში სენ- ჟერმენიც იყო აღნიშნული. ამბობენ, თითქოს 1785 თუ 1786 წელს გრაფი პეტერბურგში ეკატერინე II-ს შეხვდა. 1788 წელს საფრანგეთის წარმომადგენელი გრაფი დე შალონი ვენეციაში წმინდა მარკიზის მოედანზე წააწყდა ადამიანს, რომელიც მეტისმეტად წააგავდა ''გარდაცვლილ'' სენ-ჟერმენს და მასთან გამოლაპარაკებაც მოასწრო.
ახლაც კი, ასწლეულების შემდეგ, სენ-ჟერმენი და ყველა მისი მისტიფიკაცია კვლავ ყურადღების ცენტრშია. აშშ-ში დღემდე არსებობს XX საუკუნის 30-იან წლებში სენ-ჟერმენის ზოგიერთ იდეაზე დაფუძნებული სექტა, რომელშიც გრაფს ისეთივე პატივს მიაგებენ, როგორსაც ქრისტეს. ზოგ მისტიკოსს კი გულწრფელად სჯერა, რომ სენ-ჟერმენი უკვდავია და შეიძლება ახლაც ჩვენ შორის დადიოდეს.
ჟურნალი ''რეიტინგი''