ტრადიციული''ოლივიეს'' მომზადებაც კი შეიძლება ისე, რომ ზედმეტი კილოგრამები არ აკრიფოთ. თუ გაითვალისწინებთ რამდენიმე მარტივ რჩევას და სწორად მოამზადებთ სადღესასწაულო კერძებს, არც ჯანმრთელობას ავნებთ და არც თქვენს მოხდენილ გარეგნობას დაემუქრება საფრთხე.
უპირატესობა მიანიჭეთ გამომცხვარ და არა შემწვარ საკვებს, მაგალითად, ღუმელში მომზადებული თევზი, ხორცი, ბოსტნეული უფრო გემრიელია და ჯანმრთელობასაც არ ვნებს.
ტრადიციული მძიმე სალათები, როგორებიცაა''ოლივიე'' და''შუბა'', შეგიძლიათ, ახალი ბოსტნეულით, ხილითა და მწვანილით ჩაანაცვლოთ. მით უმეტეს, თუ შობის მარხვას იცავთ, ამგვარი სალათა თქვენს სამარხვო რაციონს უფრო გაამრავალფეროვნებს, თან, ჯანმრთელობისთვისაც ბევრად სასარგებლოა.
ჰოროსკოპების მოყვარულებს კი შევახსენებთ, რომ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2015 ლურჯი თხის წელიწადია და მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სასურველია, სუფრაზე მცენარეული კერძები ჭარბობდეს. თქვენს ჯანმრთელობას არ ავნებს, თუ ზომიერად მიირთმევთ თხლად დაჭრილ შებოლილ პროდუქტსა და ყველს.
ჯანმრთელობისთვის, ასევე, წონაში რომ არ მოიმატოთ, უმჯობესი იქნება, გაზიანი სასმლის ნაცვლად, ჩვეულებრივი წყალი ან ნატურალური ხილის ან ბოსტნეულის წვენი დალიოთ. ტკბილი ღვინო კი მშრალი და ნახევრად მშრალი ღვინოებით შეცვალეთ. ახალი წლის აუცილებელი ატრიბუტი შამპანურიც ნაკლებშაქრიანი შეარჩიეთ.
საერთოდ კი, ყველაზე კარგი რჩევაა, დაიცვათ ზომიერება ყველანაირი საკვებისა და სასმლის მიღებისას.
ჟურნალი ''რეიტინგი''