ციანიდი
იდეალური მკვლელი! მოქმედებს ერთბაშად. იგი ბლოკირებას უკეთებს სისხლის უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას. სულ მცირე ციანიდიც საკმარისია საიქიოში გასამგზავრებლად.
ბუნებაში ციანიდი ლამის ყველა ხეხილის, მაგალითად, ალუბლის, ნუშის, გარგარის კურკებში გვხვდება. ამიტომ ფრთხილად იყავით: თუკი მათ უზომო რაოდენობით მივირთმევთ, შესაძლოა მოვიწამლოთ კიდეც.
ბოტულოტოქსინი
უძლიერესი შხამი, რომელიც ბოტოქსის მისაღებად გამოიყენება, სწორედ იმის, რასაც ლამაზმანები მთელ მსოფლიოში იყენებენ ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად. უნდა ითქვას, რომ ბოტოქსში შხამის დოზა მინიმალურია, მაგრამ მასაც შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. სახის კუნთებმა, რომლებშიც პრეპარატი შეჰყავთ, შესაძლოა, სამუდამო დეფორმაცია განიცადონ. მაგრამ კოსმეტიკური დეფექტი არც ისე საშიშია. ბოტოქსის წარუმატებელი ინიექციების შემდეგ შესაძლოა ყლაპვის პრობლემები წარმოიქმნას და მაშინ ქირურგების დახმარება გახდება საჭირო.
ბოტულოტოქსინი შეიძლება ჩვეულებრივ საოჯახო კონსერვეში გაჩნდეს. ასეთი საკვების დეგუსტაციის შემდეგ ვითარდება ბოტულიზმი- სერიოზული დაავადება, რომელიც იწვევს დამბლასა და სიკვდილს.
გაზი ზარინი
შეიქმნა მშვიდობიანი მიზნით, რათა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მავნებლებისგან დაეხსნათ, არადა უძლიერესი შხამი გამოდგა, რომელიც კანსა და თვალებზე მოქმედებს, ხოლო ჩასუნთქვისას- შინაგან ორგანოებზეც. ის ყველაზე ტოქსიკური და საშიში გაზია კაცობრიობის ისტორიაში.
ზარინით მოწამლული ადამიანი ტანჯვა-წამებით კვდება. ჯერ იწყება მოგუდვა, ღებინება, მოქმედებას წყვეტენ შინაგანი ორგანოები, შემდეგ ადამიანი კომაში ვარდება და კვდება.
ერთხანს იგი გამოიყენებოდა როგორც ქიმიური იარაღი, მაგრამ შემდეგ აკრძალეს.
ტეტროდოტოქსინი
იაპონიის რესტორნებში გურმან ექსტრემალებს თევზ ფუგუს სთავაზობენ. და აი, სწორედ ის წარმოადგენს ამ საშიში შხამის წყაროს. მაგრამ არა მხოლოდ ის. ეს შხამი გვხვდება აგრეთვე ზოგიერთი სხვა სახეობის თევზში, რვაფეხებსა და შხამიან ბაყაყებში. ტეტროდოტოქსინი იწვევს დამბლას, ძლიერ კრუნჩხვებს, კომასა და სიკვდილს ექვსი საათის განმავლობაში.
როგორც ამბობენ, ვუდუს ჯადოქრები სარგებლობენ ამ შხამით და ადამიანს ცოცხალ მიცვალებულად- ზომბად აქცევენ. ორგანიზმზე მისი ზემოქმედება იმდენად ძლიერია, რომ მისგან გამოწვეული დამბლა თითქმის შეუძლებელია სიკვდილისგან გავარჩიოთ. ადამიანი ამ შხამის ზემოქმედებით მართლაც შეიძლება, მკვდრად ჩავთვალოთ. შემდეგ იგი ''ცოცხლდება'', მაგრამ ამასთან თავის ''მეს'' კარგავს და ცოცხალი მიცვალებული ხდება.
ვერცხლისწყალი
ვერცხლისწყალი, როგორც ვიცით, ყველგან გამოიყენება. თვითნაბადი ვერცხლისწყალი ცნობილი იყო ძველ ინდოეთში, ჩინეთში, საბერძნეთში, რომში. ლითონურ ვერცხლისწყალს ფართოდ იყენებენ ქიმიურ მრეწველობაში, აგრეთვე ატომურ ენერგეტიკაში, ელექტროტექნიკაში, ხელსაწყოთმშენებლობაში, მედიცინასა და სამთო საქმეში.
ლითონური ვერცხლისწყალი ტოქსიკურად ინდიფერენტულია, მისი ორთქლი კი ძლიერი შხამია, რომელიც აზიანებს თავის ტვინს, ფილტვებს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ამის გამო ვერცხლისწყლის წარმოებაში უსაფრთხოებისათვის აუცილებელია აპარატურის სრული ჰერმეტიზაცია, სადგომის აქტიური ვენტილაცია და პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.
პაატა გეგელაშვილი