29 ნოემბერი, 2014
რატომ იმატა ახალგაზრდებში სმენის დაქვეითებამ და როგორ მოვიქცეთ?
რას ნიშნავს დაქვეითებული სმენა? რას ფიქრობს საზოგადოება ამ თემაზე საქართველოში?
სმენის დაქვეითება უხილავი მდგომარეობაა, მას ვიზუალური მხარე არ გააჩნია. ის შეიძლება გამოვლინდეს მცირე ფორმით და გართულდეს ეტაპობრივად. დაქვეითების რამდენიმე დონე არსებობს, მარტივად რომ ვთქვათ - მცირე, საშუალო და მწვავე. ის არ გამოიხატება პროცენტებში. ადამიანი შეიძლება ჩვეულებრივ ამყარებდეს კომუნიკაციას და მას ჰქონდეს სმენის დაქვეითება და ვერც კი ხვდებოდეს, რომ დაუქვეითდა სმენა. ჰგონია, რომ მის გარშემო ყველა ალუღლუღდა და გაურკვევლად საუბრობს.

მსოფლიოში ყოველი მეათე სმენადაქვეითებულია, საქართველოში ეს
ციფრი სავარაუდოდ უფრო მაღალია, რადგან განვითარებულ ქვეყნებში კარგად შემუშავებული პრევენციის გზებია დანერგილი, რაც ჩვენთან არ არსებობს. ჩვენთან დღემდე გამოიყენება მედიკამენტები, რომელიც უშუალოდ იწვევს სმენის დაქვეითებას, ამას თან ერთვის ექიმების დაუდევრობა და შეცდომები. და ყველაზე მთავარი მიზეზი არის თანამედროვე სამყარო: ძლიერი ხმით გამოწვეული სმენის დაქვეითება.

ამერიკაში ყოველი მეხუთე თინეიჯერი სმენადაქვეითებულია, რაც ძირითადად მაღალი ხმითაა გამოწვეული. საქართველოში რა ხდება? იქ სადაც "მაგარი გოგო/ბიჭი ვარ", თუ იარაღს გავისვრი და სმენის დამცავები არ მეკეთება; ბოლომდე მექნება მანქანაში მუსიკის ხმა აწეული; ყურსასმენები მიკეთია და ისეთ ხმაზე მაქვს აწეული, გვერდით მდგომებსაც კი ესმით; წვეულებაზე მუსიკა ისეთ ხმაზეა აწეული, გვერდითა კორპუსში ისმის; საახალწლო ასაფეთქებელი უნდა შევუგდო ჩემს მეგობარს, რომ მისი შეშინებული წივილ-კივილი გავიგონო; კონცერტზე/რესტორნებში რაც შეიძლება ახლოს უნდა მოვხვდე სცენასთან და რა თქმა უნდა, ხმის გამაძლიერებლებთან და კარგად "გავაჯაზო". თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, გამორიცხული არ არის, რომ ყოველ მეოთხე თინეიჯერს დაქვეითებული ჰქონდეს სმენა და ამავდროულად იტანჯებოდეს ყურებში ხმაურისგან (ტინიტუსისგან).

როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები საზოგადოებაში, სადაც ძირითადად მიჩნეულია, რომ მხოლოდ ხანდაზმულებს აქვთ სმენა დაქვეითებული? საუბრისას ვერ გაიგე რამე: რა იყო, რა გჭირს, რამ დაგაყრუა, რამდენჯერ უნდა გაგიმეორო? რაღაც არასწორად გაიგე და პირიქით თქვი, რა თქმა უნდა, დაცინვის ობიექტი ხდები...

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS