კახა მიქიაშვილი: "არ მივეკუთვნები იმ კაცების კატეგორიას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალი მხოლოდ სახლში უნდა იჯდეს"
- ძიძის შერჩევის საკითხში თუ ჩაერიეთ?
- არ ჩავერიე, იმიტომ, რომ ძიძა, რომელიც ახლა ჩემს შვილთან არის, მანამდეც მუშაობდა ამ ოჯახში, ანუ, ჩემი შვილის დეიდაშვილი გაზარდა და კმაყოფილები იყვნენ მისით, სანდო იყო და სწორედ ამ მიზეზით არ ჩავერიე. თორემ ახლა რომ დაგვჭირვებოდა შერჩევა, ბუნებრივია, ჩავერეოდი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური მომენტები, ბავშვთან ურთიერთობა, ხასიათი, თვისებები და ა.შ. ასეთ დეტალებს დიდი ყურადღება ექცევა, იმიტომ, რომ ბავშვმა დროის დიდი ნაწილი მასთან უნდა გაატაროს და შეიძლება ბევრი რამ მისგან ისწავლოს.
- რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ქალის მუშაობას, იმას, რომ ქალი დაკავებულია, აქვს სამსახური...
- ქალის მუშაობას დადებითად ვაფასებ, არ მივეკუთვნები იმ კაცების კატეგორიას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალი მხოლოდ სახლში უნდა იჯდეს, სამზარეულოში და რეცხავდეს სარეცხს. თუ აქვს უნარი, განათლება და საშუალება, იმუშაოს და ეს მას სიამოვნებას ანიჭებს, მაშინ რატომაც არ უნდა გააკეთოს?! რატომ არ უნდა დაკავდეს სამსახურით, ვფიქრობ ეს კარგიცაა, ოღონდ სასურველია, ისეთი სამსახური ჰქონდეს ქალს, რომ დრო მეუღლისთვის და შვილისთვისაც რჩებოდეს.
- პირადად თქვენ რა დრო გრჩებათ შვილთან ურთიერთობისთვის?
- სამწუხაროდ, ჩემი დღის რეჟიმიდან გამომდინარე არ ვარ ისეთი მამა, როგორიც უნდა ვიყო. მაგალითად გუშინ დილის 8 საათზე რომ გამოვედი სახლიდან, გამთენიისას 5 საათზე შევედი. ტელევიზია, რეპეტიცა, სპექტაკლი, შემდეგ ისევ რეპეტიცია... ასეთი რეჟიმი შეიძლება ძალიან ხშირად მქონდეს, შესაძლოა, დღეები ან კვირები ქვეყნიდან ან ქალაქიდან ვიყო გასული პროფესიიდან გამომდინრე, შესაბამისად ძალიან ცოტა დროს ვატარებ შვილთან და ოჯახის წევრებთან. თუმცა როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, ავანაზღაურო დანაკლისი. სამწუხაროდ, ვერ ვარ ისეთი მამა, როგორიც მინდა, ვიყო.
- ახლა რა ასაკის არიან თქვენი შვილები?
- უფროსი 8 წლის არის, უმცროსი - ორი წლის და 5 თვის.
- პატარა ბაღში არ დადის?
- არა, რადგან 3 წლამდე ბავშვის ბაღში მიყვანას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, იმიტომ, რომ ჩემი მეგობარი ბავშვთა ფსიქოლოგისგან გამიგია და მეც ვიცი, რომ 3 წლამდე, მინიმუმ 2,5 წლამდე ადრე ბავშვის ბაღში მიყვანა რეკომენდებული არაა. მე არავის არ განვიკითხავ და არავის ცხოვრებაში არ ვერევი, მაგრამ წლის და თვეების ბავშვი რომ მიჰყავთ ხოლმე ბაღში, მეცოდება, რადგან მოუმზადებელია, მოუმწიფებელი და მისთვის რთულია, მიიყვანო სადღაც და დატოვო. ძიძა სხვა შემთხვევაა, რადგან ამ დროს შინაურ გარემოშია მაინც პატარა, სწორედ ამის გამო პირველი ბავშვიც 3 წლის ასაკში მივიყვანეთ ბაღში და მეორეს შემთხვევაშიც ასე მოვიქცევით.
იხილეთ სრულად