გასულ კვირას საქართველოში 25 წლის ტრანსგენდერი მოკლეს. საბი (წარსულში ბექა) ბერიანი კახეთში დაიბადა და გაიზარდა. ორი წლის წინ გადაცემა ''პროფილს'' სტუმრობდა, სადაც მოჰყვა, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ნათესავებთან ურთიერთობა აღარ ჰქონია და მხოლოდ დედას ეკონტაქტებოდა. სამწუხაროდ, დედამ, რომელიც საბის საკუთარ დაბადების დღეზე, 15 ნოემბერს, სოფელში ელოდებოდა, შვილის წამებით სიკვდილის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო.
სექსუალური უმცირესობების თემაზე საქართველოში, პირველ რიგში, გასული წლის 17 მაისი გაგახსენდებათ, როდესაც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად რუსთაველზე მისულ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებსა და უფლებადამცველებს მოსახლეობის ნაწილი ელოდა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. მაშინ საქმეში პოლიცია ჩაერია და ისინი შედარებით მშვიდად გაარიდეს ქალაქის ცენტრს. სწორედ ეს დღე გახდა გადამწყვეტი, რომ ტელევიზიებსა და პრესაში ღიად დაიწყო საუბარი ჰომოფობიაზე.
სექსუალური უმცირესობების დაცინვისა თუ მიუღებლობის გამო, ტელევიზიებს არაერთხელ მოუწიათ ბოდიშის მოხდამ ან თანამშრომლების გაშვებამ. ჰომოფობიურმა განცხადებებმა რამდე-ნიმე პოლიტიკოსის კარიერა თითქმის შეიწირა, რადგან მათ დღემდე უხსენებენ უმცირესობის მისამართით გამოყენებულ სიძულვილის ენას.
ყველას კარგად გვახსოვს ოპერის მომღერალ თამარ ივერის შეფასებებით გამოწვეული სკანდალიც, მისი კარიერაც კინაღამ შეიწირა გეების მისამართით გამოთქმულმა არაკორექტულმა მოსაზრებებმა.
არსებობს აზრი, რომ ეს თემა ხელოვნურია და რეალურად სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველები ისე წარმოაჩენენ, თითქოს გეები, ლესბოსელები, ტრანსსექსუალები იჩაგრებიან და ამით დასავლეთიდან სერიოზულ გრანტებს იღებენ. სინამდვილეში კი ქართველებს ტოლერანტობა არ გვესწავლება.
საქართველოში ხშირად გავრცელებულა ჭორები ცნობილი მომღერლებისა თუ პოლიტიკოსების განსხვავებული ორიენტაციის შესახებ, მაგრამ ღიად არც ერთ ცნობილ სახეს არ დაუფიქსირებია, რომ გეი ან ლესბოსელია. არადა, ანონიმურად ჩაწერილი ზოგიერთი განსხვავებული ორიენტაციის სექსმუშაკი ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მისი მომსახურებით არაერთ ცნობილ სახეს უსარგებლია.
საბი ბერიანს ნაქირავებ ბინაში ჯერ ყელი გამოსჭრეს და შემდეგ დაწვეს. დაიწვა სახლი, სადაც მისი ნივთები ინახებოდა. პოლიციამ მკვლელი მეორე დღეს დააკავა და დანაშაულის მოტივის ოფიციალურ ვერსიად ვალი დასახელდა, რომელსაც საბი მკვლელს რამდენიმე თვის განმავლობაში არ უბრუნებდა. ამბები.გე-სთან ინტერვიუში ტრანსგენდერის მეგობარმა განაცხადა, რომ საბი პროსტიტუციით იყო დაკავებული და კლიენტებს სახლში იღებდა. თავდაპირველი ვერსიით, მას სწორედ ერთ-ერთი კლიენტი გაუსწორდა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, მკვლელი მსხვერპლს იცნობდა და მის სახლში შემთხვევით არ მოხვედრილა. საბი რომ ვალის გამო მოკლეს, ამის დაჯერება სოციალურ ქსელში უჭირთ. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ საბი მხეცურად მისი ორიენტაციის გამო მოკლეს, გაჩნდა ვერსიებიც, რომ შესაძლოა, მკვლელობა უფრო დიდ საიდუმლოს უკავშირდებოდეს და ბერიანი სახლში ისეთ რამეს ინახავდა ვიდეოს ან ფოტოს სახით, რაც შესაძლოა, ვიღაცას არ აწყობდა.
განსხვავებული აღმოჩნდა საზოგადოების დამოკიდებულება მკვლელობის მიმართ. სოციალურ ქსელში ისეთ სტატუსებსაც შეხვდებოდით, სადაც ადამიანები ორიენტაციის გამო მკვლელობას ამართლებდნენ. განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა თბილისის ფორუმზეც.
''საინტერესოა, რომ, როგორც ქართული რეალობიდან ჩანს, საზოგადოებას ყველაზე მეტად ტრანსსექსუალები ეზიზღება. ყველაზე საბრალო ხალხია ლგბტ-ებს შორის. ცოტა ხნის წინ 19 წლის ბიჭს გავუკეთეთ სქესის შეცვლის ოპერაცია. არ დამავიწყდება, როგორ ტიროდნენ მშობლები და საოპერაციოს ექთნები. ადამიანურად ნამდვილად დიდი ტრაგედიაა. ასეთი ზიზღი მათ მიმართ არ მესმის.''
''მართლა რა გიკვირთ, არ მესმის, ყელი გამოსჭრა ტრანსგენდერს და ტრაგედიააო, ამ ხალხს ერთ ტოტზე ჰკიდია ტრანსგენდერი, მასგენდერი, ქალი, კაცი, ცოლი თუ ქმარი, ამ ქვეყანაში ზოგადად ადამიანთა სიძულვილია გაბატონებული...''
''ასეთი ადამიანები ძალიან მეცოდებიან. წარმოიდგინეთ, გარეგნობით, ბიოლოგიურად სხვა სქესი ხარ და შინაგანი ბუნებით, ფსიქიკით '' სხვა. ერთი ახალგაზრდა ბიჭი ჰყვებოდა, ჯარში შხაპის ქვეშ რომ უნდა გამეხადა, სირცხვილით ვიწვებოდი, ჩემთვის ისინი კაცები იყვნენ და მე ქალიო. ბავშვობიდან გაორებულები, აჭრილები, დამძიმებულები და თან სად, საქართველოში...''
''ძალიან შემეცოდა... მიუხედავად იმისა, მისი ცხოვრების წესი ჩემთვის მისაღები იყო თუ არა (პირდაპირ ვიტყვი, რომ არა), ადამიანი მოკლეს საშინელი სისასტიკით, აქ საპროვოკაციო ნამდვილად არაფერი არაა, მოკლეს ადამიანი, ისევე, როგორც ხოცავენ სხვა ადამიანებს. ვერავინ დამაჯერებს, რომ ვიღაც ''ერის წმენდის'' სახელით ტრანსებს დაერია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ძალადობა ერთმანეთის ან განსხვავებულის მიმართ, როგორც ურთიერთობის ფორმა, საზოგადოებაში ჩვეულებრივად მიღებულია და ამის შედეგებს ვიმკით... ''
1978 წელს მოკლული ჰარვი მილკის მკვლელმა ციხეში 7 წელი გაატარა. არავინ იცის, რამდენს მიუსჯიან საბი ბერიანის მკვლელს. არც იმის რეალური მიზეზი ვიცით, რატომ გამოასალმეს სიცოცხლეს ტრანსგენდერი საბი 11 ნოემბრის ღამეს.
ქეთი მელაძე
ჟურნალი „რეიტინგი“