17 ნოემბერი, 2014
თბილისის ქუჩების სევდა და ადამიანები,რომლებიც დიდ ტკივილს ატარებენ
კომუნიკაციის დამყარება მოხუცთან უფრო მარტივია იოანე ედიშერაშვილი პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ უკვე დიდი ხანია, ქუჩის ფოტოგრაფიამ გაიტაცა. იღებს ადამიანებს და მათთან ინტერვიუს წერს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სრულიად შემთხვევით მოხვდა, მაგრამ დღეს, ფოტოგრაფიასთან ერთად, მისთვის ჟურნალისტიკა საყვარელ საქმედ იქცა.

- ჩემი ჟურნალისტობა ცოტა კურიოზული ისტორიაა. გამოცდების წინ, საბუთების შეტანისას, თბილისში არ გახლდით. ოჯახის წევრებმა, რომელიც იაფი ღირდა, ის ფაკულტეტი ჩამიწერეს. ასე მოვხვდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. პირველი ორი თვე ძალიან გამიჭირდა, გაქცევა მინდოდა, მაგრამ შემდეგ ისე შევეჩვიე, რომ ახლა ჩემი
საყვარელი საქმეა.
- პირველად ფოტოგრაფიასთან როდის გქონდა შეხება?
- ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც სხვა რაღაც გამოჩნდება და დაგაინტერესებს, ასე იყო ჩემს ცხოვრებაში ქუჩის ფოტოგრაფიაც. თავიდან ძალიან ქაოსურად ვიღებდი, თითქმის ყველაფერს, რაც მხვდებოდა. არავინ მეხმარებოდა, გადაღებაც არ ვიცოდი და ადამიანს რომ ფოტოს ვუღებდი, მის თავს ზემოთ ნახევარი სივრცე ცარიელი ჩანდა. საბედნიეროდ, ახლა ინტერნეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბევრი რამ ისწავლო. პროფესიონალობას ვერ დავიბრალებ, მაგრამ ვფიქრობ, კარგი ფოტოები გამომდის.
- ქუჩაში სიარულისას რა კრიტერიუმით არჩევ გადასაღებ ადამიანებს, ასაკს, სქესს?
- კომუნიკაციის დამყარება მოხუცთან უფრო მარტივია, მაგრამ გადაღებების დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ყველასთან უპრობლემოდ მივდიოდი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საკუთარი ფოტოაპარატი არ მაქვს და ძირითადად მეგობრებისთვის მიწევს თხოვნა.

Rating

- ალბათ, ყოველდღიურად ბევრ საინტერესო ადამიანს ხვდებოდი. განსაკუთრებულად რომელი გახსენდება?
- ერთი საკმაოდ უცნაური ადამიანი გავიცანი, რომელიც ახლა ბიზნესითაა დაკავებული, პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს, მუსიკალური განათლებაც, უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, მრავალმხრივი ადამიანია და საინტერესოდ მესაუბრა. ამბობდა, რომ არ შეიძლება, მხოლოდ ერთ სფეროში მოსინჯო საკუთარი თავი, რამდენიმე სფერო უნდა სცადო, რომ მიხვდე, სად გრძნობ თავს კარგად.
- ყველაზე მძიმე ისტორია რა მოგისმენია?
- ერთი მოხუცი ვნახე, რომელიც კოლმეურნეობის მოედანზე ერთ-ერთი კორპუსის თავზე ათევდა ღამეს და იქიდანაც აგდებდნენ. ყოველღამე მალვით შედიოდა. დევნილი იყო და არავინ ეხმარებოდა. მისი სახლი ეს სხვენი და მეუღლის საფლავი იყო, სადაც კარგი ამინდის დროს იძინებდა. ძირითადად, ეკლესია ეხმარებოდა. ამ კაცის ამბავს სოციალურ ქსელში გა-მოხმაურება მოჰყვა. ვითომ დევნილთა სამინისტროსაც გადასცეს, მაგრამ მას მერე მისთვის არაფერი შეცვლილა, რამდენჯერმე ქუჩაში დავინახე ისეთ მდგომარეობაში, არაფერი ეტყობოდა, რომ მის ცხოვრებაში რაიმე სასიკეთო ძვრა მოხდა.
- თბილისის ქუჩებში რა ასაკის ადამიანები არიან ბედნიერები?
- ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან იმ ფაზაში, რომ უფრო მეტი საფიქრალი ჰქონდეთ. მოხუცები და შუახნის ადამიანები, ძირითადად, დიდ ტკივილს ატარებენ და ძალიან უჭირთ ეკონომიურად, რაც მათ თვალებშიც აისახება.
- რომელი ქვეყნის გადაღებაზე ოცნებობ?
- ძალიან მინდა, მომავალში ნორვეგიაში ვიმოგზაურო და იქაური სოფლები გადავიღო.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ტამრიკო პაპიდა
მიყვარხარ და მენატრები ვამაყობ რომ ერტი გვარი გვაქვს და გვარის სიამაყედ გტვლი
15:22 / 06-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS