ცვალებადი გრძნობა
სიყვარული ცვალებადი გრძნობაა. ვერავინ იტყვის, რომ ვინმე სიკვდილამდე ეყვარება. სწორედ ამიტომ ამ გრძნობის შენარჩუნება გამუდმებულ ზრუნვას მოითხოვს.
ცოლ-ქმრის ცხოვრებაში რთული პერიოდი შვილის შეძენიდან რამდენიმე წლის შემდეგ დგება. როგორც ერთს, ისე მეორეს ერთმანეთის გრძნობებში ეჭვი ეპარება. ამ დროს
დადგენილია, რომ სიყვარულს რამდენიმე ფაზა აქვს. რომანტიკულ სიყვარულს ვნებიანი ცვლის და შემდეგ ეს ფაზაც მთავრდება. ქალებს კი ურჩევნიათ, რომ ქორწინების შემდგომი ვნებიანი სიყვარულის ფაზა მთელი სიცოცხლე გაგრძელდეს, მაგრამ თავდავიწყება მალე მთავრდება, ტვინიდან ის სიგნალები აღარ მოდის, რომელთა წყალობითაც საყვარელი ადამიანი განუმეორებელი გეჩვენებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამოფხიზლების დრო დგება. აი, სწორედ აქ არის საჭირო გარკვეული ტაქტიკა.
ვისაც სიყვარულის ნეირობიოლოგიაში არაფერი ესმის, გულდაწყვეტილი ამბობს: „არასწორი არჩევანი გავაკეთე, შევცდი!“ მამაკაცებს ისეთი გრძნობა აქვთ, თითქოს მოატყუეს. ისინი თავიანთ რჩეულს ადანაშაულებენ, რომლის დანახვისასაც სულ ცოტა ხნის წინ სუნთქვა ეკვროდათ. უფრო მეტიც, ჰგონიათ, რომ იგი ნაკლოვანებებს საგულდაგულოდ მალავდა.
სინამდვილეში კი ამ დროს სულ სხვა რამ ხდება: ქალსა და მამაკაცს შორის მიჯაჭვულობის გრძნობა მთავრდება. ტვინი ჩვეულებრივ რიტმს უბრუნდება და მამაკაცს ჯანსაღი მსჯელობის უნარი უბრუნდება.
ფსიქოლოგები ამბობენ, ქორწინებიდან სამი წლის განმავლობაში ცოლ-ქმარს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვართ და ეს თურმე გენეტიკური პროგრამაა. სასიყვარულო ქცევა მათი შვილის გადარჩენას ისახავს მიზნად. პატარამ არსებობა რომ გააგრძელოს, ორივე მშობელი სჭირდება, განსაკუთრებით კი სამ წლამდე, როდესაც უსუსურია და დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია.
რამ შეიძლება, აიძულოს მშობლები, ერთად იყვნენ? რა თქმა უნდა, სიყვარულმა. როგორც კი ეს პერიოდი დასრულდება, სიყვარულის მეორე ფაზა იწყება.
ნახვამდის, ჰორმონებო!
არ შეიძლება ითქვას, რომ ვნებიანი სიყვარული ქალისა და მამაკაცის გონებაში კვალს არ ტოვებს. მათ ერთმანეთის მიმართ ძლიერი გრძნობა აქვთ და საკუთარ თავს ერთ არსებად მიიჩნევენ ანუ „ჩვენ“ უკვე არსებობს. ამიტომ ამ “ჩვენ“-ის გადარჩენა აუცილებელია. ამას კი ზრუნვა სჭირდება.
ქალისა და მამაკაცის ინტიმური თუ ინტელექტუალური სიახლოვის დროს ნეირომოდულატორი ოციტოცინი გამოიყოფა. ეს გასაოცარი ნივთიერებაა და კავშირის ჰორმონს ეძახიან. იგი გამოიყოფა ყოველთვის, როდესაც მეუღლეები ერთმანეთს კოცნიან, ეფერებიან, ერთად წვებიან და მაშინაც, როდესაც ლაპარაკობენ ან იცინიან. ცოლ-ქმრის კავშირს მტკიცეს სწორედ ეს ნივთიერება ხდის. იგი ვარდისფერ სათვალეს ჰგავს, რომლიდანაც ცხოვრება ბედნიერი გვეჩვენება.
მუდმივი ზრუნვა
ზემოხსენებულიდან ძალზე მარტივი დასკვნის გაკეთება შეიძლება - ოციტოცინის გამომუშავება ოჯახის შენარჩუნებას უწყობს ხელს. თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთთან მუდმივ კავშირში არიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან, ერთად განიხილავენ მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო საქმეებს, ეხებიან და ერთ ლოგინში იძინებენ, კავშირის ჰორმონს გამოიმუშავებენ და წყვილი თავს ისევე ბედნიერად გრძნობს, როგორც შეყვარებულობის პირველი ფაზის დროს.