25 სექტემბერი, 2014
"დაალომბარდებ მობილურს ან კომპიუტერს და ფულიც გაჩნდება" - მოსწავლეების აზარტული გატაცებები
ფეხბურთი მშვენიერი სპორტია, ლამაზი და სანახაობრივი. მის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი აქვთ მშობლებს, მაგრამ დიდი სპორტის უკან ხომ დიდი სათამაშო ბიზნესიც დგას, რომელიც ათასობით ახალგაზრდას უნგრევს ცხოვრებას. ყველაზე უარესი ისაა, რომ ამ ინდუსტრიაში მოზარდებიც არიან ჩართული.

ონლაინ-ტოტალიზატორებში სხვისი პირადობის მოწმობებით დარეგისტრირებული მოსწავლეები თავით ეშვებიან აზარტის სამყაროში. ასეთი გატაცებები რითაც სრულდება, ყველამ კარგად იცის. ამჯერად პრობლემის თაობაზე არა ექსპერტებს, არამედ თავად მოზარდებს გავესაუბრეთ.

"თუ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატი არაა, სადღაც, რომელიმე ქვეყანაში მაინც სულ არის ადგილობრივი ჩემპიონატები,
დიდი თუ პატარა, ყველა თამაშობს. 13-14 წლიდან ზევით, ვისაც ფეხბურთის რამე გაეგება, ტოტალიზატორის ბილეთებს აკეთებს. ადრე მეც ვთამაშობდი, მაგრამ არ მევასება ეგეთი რამეები, ფეხბურთის დიდი ფანიც არ ვარ.

სამაგიეროდ, მთელი ჩემი საძმაკაცო მაგაშია ჩაბმული. ბავშვებს რა უნდა მოკითხო, რამდენიც გინდა იმდენია, მამებთან ერთად რომ აკეთებს ბილეთებს, ოჯახური გასართობია, რა", - მიყვება მე-11 კლასელი ლევანი.

- ბილეთებს როგორ "აკეთებენ", ტოტალიზატორში შესვლა ხომ 18 წლამდე პირებისთვის აკრძალულია.
- ვისაც არ უშვებენ, ტოტალიზატორის შესასვლელთან დადგება და ვინმე უფროსს სთხოვს, რომ ფსონი დაუდოს. უარს ვინ ეტყვის?!

- ასე სისტემატურად სათამაშო ფული საიდან აქვთ?
- დაალომბარდებენ მობილურს ან კომპიუტერს და ფულიც გაჩნდება.

- კომპიუტერი როგორ გააქვთ სახლიდან მშობლების გარეშე?
- იტყვიან, ვინდოუსი მაქვს გადასაყენებელიო, რაღაც უნდა ჩავწეროო ან რაიმე ამგვარს... მაგის მოფიქრებას რა უნდა. ოქროს ჯვრებს და ცეპებსაც ალომბარდებენ.

ლაშა, 15 წლის: "ახლახან წააგო ჩემმა კლასელმა 150 ლარი. ახლაც მაჩვენა ბილეთი, 30 ლარი უნდა დავდო და შენ რას მირჩევო"

- ბევრი ბავშვი თამაშობს შენს ირგვლი?
- მთელი სკოლა. ინტერნეტ-ტოტალიზატორებში ხან ბურას, ხან პოკერს ვთამაშობთ. მე ლარზე მეტს არ ვდებ, მაგრამ სხვები სერიოზულ თანხასაც დებენ. ცოტა ხნის წინ დიდი სკანდალი იყო სკოლაში. ბიჭმა კლასელი გოგოსგან აიპადი ითხოვა. დაალომბარდა, ითამაშა და წააგო. ფული ვერ გადაიხადა, მშობლებმაც გაიგეს და...
- ონლაინში როგორ თამაშობთ, იქ ხომ დარეგისტრირებაა საჭირო, თანხაც მოწმობით ან საკრედიტო ბარათით უნდა აიღო...
- სხვისი პირადობის მოწმობებით რეგისტრირდებიან და თუ მოიგეს, გამოტანაშიც ისინი ეხმარებიან.
- აიპადის სკანდალი რით დასრულდა, სკოლამ რამე მოიმოქმედა? მანდატურები ჩააყენეს საქმის კურსში?
- მანდატურის ვის ეშინია, პირიქით, იმათ ეშინიათ მოსწავლეების. თვითონ მშობლებმა მოაგვარეს ეს ამბავი.
- ფულს ბავშვები ერთმანეთსაც ხომ არ სძალავენ?
- აბა რა, მოვა ვინმე და გეტყვის, ლარი მომეციო. არ მისცემ და კარგადაც წამოგარტყამს. ვინც აძლევს, ის "კარგი ბიჭია". მეც მიმიცია, მაგათი თავი არა მაქვს. ლარის გულისთვის ხომ არ ვიჩხუბებ.
- სკოლაში ისევ ჩხუბობთ? მანდატურები აქაც არ ერევიან?
- სკოლის გარეთ ვჩხუბობთ.
- ფულის გამო?
- ყველაფერზე შეიძლება ჩხუბი, ნებისმიერ წვრილმან შელაპარაკებაზე.

"მოსწავლეების მანდატურებსაც ეშინიათ და მასწავლებლებსაც, - საუბარში ერევა მე-9 კლასელი გიორგი, - ბოლოს გაკვეთილზე ფანჯარა ჩავამტვრიეთ, ორმაგი მინა აქვს და შიდა ჩატყდა.

ძალით გავტეხეთ მე და ჩემმა ძმაკაცმა. მასწავლებელი გარეთ გარბოდა, მანდატურს მოვიყვანო, მაგრამ გავაკავეთ. ბიჭები გადავუდექით კარში და მანამ არ გაუშვით, სანამ ბავშვებმა ნამსხვრევები სათითაოდ არ გაინაწილეს და ჩანთებში არ ჩაიწყვეს.

ასე გამოვიტანეთ ნამტვრევები სკოლიდან. არავის არაფერი გაუგია, მასწავლებელმა ვერც გაკვეთილის მერე გაბედა, რომ რამე ეთქვა"...

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ხახახა
აღარ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება
12:08 / 26-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS