უზარმაზარი ბლოკები,
ეს ლატვიელი 1887 წელს დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში, რიგასთან ახლოს მდებარე სოფელში. მან სოფლის სკოლის ოთხი კლასი დაამთავრა და მხოლოდ წერა-კითხვა ისწავლა. 26 წლამდე იქვე ცხოვრობდა. 1913 წელს მან 16 წლის თანასოფლელ აგნეს სკაფს სთხოვა ცოლობა. გოგონა დათანხმდა, მაგრამ ქორწილის წინა დღეს უარი განაცხადა ჯვრისწერაზე იმ მიზეზით, რომ ედვარდი მისთვის საკმაოდ ბებერი იყო.
თავქარიანმა ქალიშვილმა გული მოუკლა ედვარდს. უზომოდ დამწუხრებულმა გადაწყვიტა ოკეანის გაღმა გამგზავრებულიყო, შორეულ ამერიკაში, იმედი ჰქონდა, რომ ძირფესვიანად შეცვლიდა თავის ცხოვრებას და წარუმატებელ სიყვარულს დაივიწყებდა. ახალ სამშობლოში კი მას უმეტესად მძიმე სამუშაოების შესრულება უწევდა.
შემდეგ საშინელი რამ მოხდა - ედვარდი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმებმა გააფრთხილეს, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ რჩებოდა. მაშინ, მეგობრის რჩევით, ლიდსკალნინშმა თავი დაანება სამუშაოს და ფლორიდის სამხრეთში გადავიდა, სადაც ჰავა სიცოცხლის გახანგრძლივების შანსს იძლეოდა. იქ, ქალაქ ფლორიდა-სიტიში, ერთი აკრი (ნახევარი ჰექტარი) მიწა იყიდა, რაშიც სულ 12 დოლარი გადაიხადა - იმ დროისთვისაც კი საკმაოდ მცირე თანხა. ზუსტად არ არის ცნობილი, როდის დაიწყო ედვარდმა თავისი ზღაპრული ციხესიმაგრის მშენებლობა. როგორც ამბობენ, სიცოცხლის მთავარი მიზნის განხორციელებას იგი გასული საუკუნის 20-იანი წლების დამდეგს შეუდგა.
ედვარდი მრავალი წელი მუშაობდა იმ იმედით, რომ როდესაც სიმაგრე დასრულდებოდა, მისი სატრფო ჩამოვიდოდა და ედვარდის დიდი სიყვარული საბოლოოდ დაიპყრობდა მის გულს. მანამდე ერთი სასწაული მოხდა- ავადმყოფობამ უკან დაიხია. მოგვიანებით უდაბურ ადგილზე ციხესიმაგრის კედლები აღიმართა, ობელისკები და ქანდაკებები გაჩნდა, აყვავდა ყვავილები. როცა ციხესიმაგრის მშენებლობა დასრულდა, განცვიფრებული ადამიანები ვერ იჯერებდნენ, რომ ეს ყველაფერი ერთმა კაცმა შექმნა.

სახელწოდება ''მარჯნის ციხესიმაგრე'' მთლად არ შეესაბამება ადამიანის ხელით შექმნილ ამ უცნაურ ძეგლს. უფრო ზუსტად, ეს არის რამდენიმე მეტრის სიმაღლის ქვის ბლოკებით შემოსაზღვრული ტერიტორია. ეზოს შიგნით მდებარეობს მარჯნის კირქვული ლოდებისგან გამოკვეთილი უამრავი ნაქანდაკევი და ნაკეთობა, და დგას ქვის მონოლითებით აგებული მასიური ორსართულიანი კოშკი. ოდნავ გვერდით ედვარდმა საბავშვო ოთახი მოაწყო, რომელიც ზღაპრულ პერსონაჟთა ფიგურებით დაამშვენა. იქვე ახლოს განალაგა უზარმაზარი საძინებელი მარჯნის დიდი სარეცლით აგნესისა და თავისთვის, რომელზედაც მათ არასოდეს დაუსვენიათ ერთად. აქვე ააშენა ოთახი სიდე
დრისთვის, აგნესის დედისთვის, ასევე შესანიშნავი სასტუმრო დარბაზი ქვის მონუმენტური ტახტებით.

''ციხესიმაგრისა'' და ყველა ნაკეთობის მასალად გამოყენებულია მარჯნული კირქვის უზარმაზარი ბლოკები, რომელთა საერთო წონა 1100 ტონას შეადგენს. მათ შორის ყველაზე მძიმეა სტელა, რომელიც 30 ტონაზე მეტს იწონის.
მშენებლობის პროცესი უამრავ საიდუმლოს მოიცავს. ის, რომ საწყის მასალად ლიდსკალნინშმა მარჯნული კირქვა შეარჩია, გასაგებია. იგი მართლაც რომ ''ფეხებში ედებოდა'' . სამუშაოდ ედვარდი ყველაფერს იყენებდა, რაც თვალში მოხვდებოდა- ნაგავსაყრელზე ნაპოვნ მავთულებს, სამშენებლო ნარჩენებს და სხვა უამრავ ხარახურას.
ბუნებრივია, მეზობლები ვერ იგებდნენ, რას აკეთებდა იგი, თავიდან არანორმალურად ჩათვალეს და ''შეშლილ ლატვიელს'' ეძახდნენ. საერთოდ, ნაცნობთა მოგონებებით, ლიდსკალნინში კეთილმოსურნე ადამიანი იყო და არავის არავითარ პრობლემას არ უქმნიდა, რის გამოც მეზობლები მის მიმართ საბოლოოდ სიმპათიით განეწყვნენ და შეურიგდნენ ედვარდის უცნაურობებს.

როდესაც იგი ახლოს გაიცნეს და დარწმუნდნენ, რომ ნორმალური ადამიანი იყო, ცხადია, დაინტერესდნენ, რას აშენებდა ეს კაცი. ედვარდი ხალისით ჰყვებოდა თავისი უიღბლო სიყვარულისა და ამ ტრფობის შესანიშნავი ძეგლის ისტორიას, მაგრამ თუკი ვინმე გადამეტებულ ცნობისმოყვარეობას გამოიჩენდა და ჰკითხავდა, როგორ ახერხებდა იგი სრულიად მარტო მრავალტონიანი ლოდების გადაადგილებას, ედვარდი მაშინვე ჩუმდებოდა, სხვა თემაზე გადაჰქონდა საუბარი, ანდა ამაყად პასუხობდა: ''მე ამოვხსენი პირამიდების მშენებელთა საიდუმლო!''
ამ საიდუმლოს იგი გულმოდგინედ უმალავდა ყველას. ამიტომ, როდესაც 1936 წელს მის მეზობლად ადგილობრივმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა ორსართულიანი კარ-მიდამო აეშენებინა, ედვარდმა სასწრაფოდ გაყიდა თავისი ნაკვეთი და პატარა ქალაქ პოუმსტადში გადაბარგდა, რომელიც ფლორიდა-სიტიდან 15 კილომეტრში მდებარეობს. მიწა იქ გაცილებით იაფი ღირდა, ამიტომ ლიდსკალნინშმა უკვე ათი აკრის ყიდვა შეძლო.
უპირველეს ყოვლისა მან გაწმინდა მოედანი თავისი ციხესიმაგრისთვის და იქ ქვის ავეჯი გადაზიდა. ამისთვის სასწაულმოქმედმა მშენებელმა ერთადერთხელ მიმართა გარეშე პირს- მძლავრი საბარგო მანქანა დაიქირავა დიდი პლატფორმით. ედვარდმა მძღოლს სთხოვა მთელი ღამით დაეტოვებინა მისაბმელი, ხოლო დილით, როცა ის გამოცხადდა, ამოუხსნელი ხერხით მანქანა უკვე დატვირთული დახვდა ქვის მონოლითებით.
დაუცხრომელმა ლატვიელმა ახალ ადგილზე განაგრძო ციხესიმაგრის სამშენებლო სამუშაოები, უფრო ზუსტად კი, ხელახლა შეუდგა მშენებლობას, რადგანაც ძველი ადგილიდან ბევრი რამ არ გადაუტანია. 1940 წელს მთლიანად ამოიყვანა კედლები და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას მიჰყო ხელი. აღსანიშნავია, რომ მას პრაქტიკულად არასოდეს უცხოვრია თავისივე აშენებულ ციხესიმაგრეში. სახლის მაგივრობას ნაკვეთის ბოლოში მდებარე პატარა ფარდული უწევდა, სადაც მან თითქმის მთელი სიცოცხლე გაატარა.

ეს დაუდგრომელი მშენებელი ნატურალურ მეურნეობას მისდევდა. თავის ნაკვეთზე მოჰყავდა ხილი და ბოსტნეული, რასაც საკვებად იყენებდა. ''მარჯნის ციხესიმაგრის'' სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ლიდსკალნინში იქ ექსკურსიებს მართავდა და თითოეული დამთვალიერებლისგან 25 ცენტს იღებდა.
64 წლის ედვარდ ლიდსკალნინში ქალაქ მაიამის საავადმყოფოში გარდაიცვალა კუჭის კიბოსგან. მისი სიკვდილის შემდეგ იპოვეს ჩანაწერები, რომელშიც ლაპარაკია დედამიწის მაგნეტიზმსა და ''კოსმოსური ენერგიის ნაკადების მართვაზე'' , მაგრამ არავითარი კონკრეტული განმარტება არ ყოფილა... 1960 წელს ამერიკის საინჟინრო საზოგადოებამ ექსპერიმენტი ჩაატარა: დაიქირავეს ყველაზე მძლავრი ბულდოზერი და სცადეს ადგილიდან დაეძრათ ერთ-ერთი ბლოკი, რომლის გამოყენებაც ედვარდმა ვერ მოასწრო, მაგრამ ვერაფერს გახდნენ...

ასეთი გახლავთ ედვარდ ლიდსკალნინშისა და მისი ხელით შექმნილი საოცრების ისტორია, რომლის საიდუმლოც ამოუხსნელი დარჩა.
ერთხელ, მშენებლობის დროს, მეზობელმა ბიჭუნებმა ღამის ხედვის დურბინდი ჩაიგდეს ხელში და შუაღამით შენიშნეს, რომ მრავალტონიანი ლოდები ჰაერში ბუშტებივით ლივლივებდნენ. იქვე ახლოს მცხოვრებმა დედაბერმა მრავალი წლის შემდეგ აღიარა, რომ ერთხელ ახალგაზრდობაში მარჯნის ციხესიმაგრის გალავანზე აძვრა და დაინახა, რომ ედვარდი, რომელსაც ხელისგულები ქვის ბლოკზე დაეწყო, შამანივით რაღაცას ბუტბუტებდა, მარჯნის ლოდი კი ნელ-ნელა ავიდა ჰაერში.
ქრისტოფერ დანი, ნასას ინჟინერი და უძველესი იდუმალი ნაგებობების მკვლევარი, ამტკიცებს, რომ ედვარდ ლიდსკალნინშის მარტივი ხელსაწყოები, რასაც იგი თითქოს მარჯნის ბლოკების ასაწევად იყენებდა, სხვა არაფერია, თუ არა სატყუარა ცნობისმოყვარეთა თვალის ასახვევად. ამ მოწყობილობებს მაქსიმუმ ხუთ ტონამდე სიმძიმის აწევა შეეძლოთ, ედვარდს კი ოცდაათტონიანი ბლოკებიც გადაჰქონდა.
და რადგანაც მეცნიერებას ჯერ არ შეუძლია ახსნას, რა ფენომენთან გვაქვს საქმე და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს უცნობი ძალა პრაქტიკულად, სიყვარულით შექმნილი ციხესიმაგრის საიდუმლო ამოუხსნელი რჩება.
პაატა გეგელაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''