17 ივნისი, 2013
არტურ კონან დოილი მოჩვენებებს ელაპარაკებოდა
როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, მწერლის უფროსი ვაჟი, დისშვილი და სიძე ფრონტზე წავიდნენ. მათგან შინ არც ერთი არ დაბრუნებულა. სამწუხაროდ, იმის დაჯერება, რომ ნათესავებმა სამუდამოდ დატოვეს, კონან დოილს არ შეეძლო. თურმე მაშინ, როცა მკითხველი ლეგენდარულ მაძებარ შერლოკ ჰოლმსზე ახალ მოთხრობებს ელოდებოდა, მწერალი გატაცებით აბამდა კავშირს მოჩვენებებთან. ფსიქიკური კვლევის ორგანიზაციაში, რომელშიც არტურ კონან დოილი 1693 წელს გაწევრიანდა, ის ენთუზიაზმით მიიღეს: სპირიტუალისტები იმედოვნებდნენ, რომ პოპულარული დეტექტივების ავტორისა და პრაქტიკოსი ექიმის განცხადებებს პუბლიკა უეჭველად ენდობოდა.

ამოუხსნელი მოვლენები - ტელეკინეზი,
ტელეპათია - სიყმაწვილიდან აინტერესებდა დედუქციური მეთოდის შემქმნელს. კონან დოილი არაერთხელ ყოფილა იმ ადგილებში, სადაც პოლტერგეისტი მოხდა, შავ ძალასთან ერთ სახლში ღამეებს ათენებდა.
პირველი სპირიტული სეანსი, რომელსაც იგი დაესწრო, 1886 წელს გაიმართა, სერ არტურმა მედიუმის საშუალებით ურთიერთობა დაამყარა ადამიანის სულთან, რომელსაც ოდესღაც კაიროში შეხვდა - მედიუმმა მათი ლაპარაკი, რომლის შინაარსიც არავის არ შეიძლებოდა სცოდნოდა, დეტალებში გადმოსცა. მოგვიანებით, სტატიაში ''იდუმალი ნაპირები'' , სერ არტური მთელი სერიოზულობთი მსჯელობდა იმაზე, თუ როგორ ჩნდებიან მოჩვენებები: ისინი ეკტოპლაზმიდან მატერიალიზდებიან - სუბსტანციის თეთრი ნაქსოვით, რომელიც მედიუმის ცხვირსა და ყურებიდან გამოიყოფა.
როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, მწერლის უფროსი ვაჟი, დისშვილი და სიძე ფრონტზე წავიდნენ. მათგან შინ არც ერთი არ დაბრუნებულა. სამწუხაროდ, იმის დაჯერება, რომ ნათესავებმა სამუდამოდ დატოვეს, კონან დოილს არ შეეძლო. სპირიტიზმი მისთვის შვება გახდა. თავის მამულ უინდლშემში რეგულარულად ატარებდა იმქვეყნიურ სამყაროსთან ''კავშირის სეანსებს''.
მედიუმი მისი მეორე ცოლი ჯინი იყო, რომელსაც ამ საქმეში უჩვეულო ნიჭი აღმოაჩნდა. ერთხელ, მოულოდნელად, კონან დოილს მხარზე გარდაცვლილი ვაჟ კინგსლის ხელი შეეხო - მწერალმა შეხება გარკვევით შეიგრძნო, თანაც ხელი თბილი იყო. ამის შემდეგ იგი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ იმქვეყნიური ცხოვრება არსებობდა.

გამანადგურებელი ჰარი გუდინი

ცნობები, რომლებსაც კონან დოილი ჯინის დახმარებით ''იქიდან'' იღებდა, იმედებს უსახავდა. ცოლ-ქმარმა მოახერხა იმის გაგება, რომ გარდაცვლილმა ადამიანებმა არ იცოდნენ, რა იყო დარდი და დროს სასიამოვნო ზრუნვაში ატარებდნენ. 1992 წელს მწერალი აშშ-ში გაემგზავრა, რათა თავისი ლექციებით დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ სიკვდილის შემდეგ ცხოვრება გრძელდება.
- მისტერ დოილ, მართალია, რომ მოჩვენებებს ცოლის მოყვანა შეუძლიათ?
- ჯინი თუ ვისკი - რომელი უფრო მოგწონთ?
- შეიძლება, სამოთხიდან ვინმე გოლფს მეთამაშოს? - პრესკონფერენციაზე მწერალს ჟურნალისტები მახვილგონივრულ შეკითხვებს უსვამდნენ. 12 აპრილს ''კარნეგი-ჰოლში'' ლექცია იყო დანიშნული. ქალებმა, რომლებმაც ომში ახლობლები დაკარგეს, დარბაზი გაავსეს. სერ არტურმა მათ განუმარტა, როგორ უნდა შეერთებოდნენ გარდაცვლილის გულებს. დარბაზი ზეიმობდა.
მეორე დღეს მწერალმა ილუზიონისტ ჰარი გუდინისგან ამერიკელი ილუზიონისტების საზოგადოებისთვის გამართულ ბანკეტზე დასასწრები მიწვევა მიიღო. დანიშნულ დროს სერ არტური მეუღლესთან ერთად გამოცხადდა. პატარა, მარდმა გუდინმა სტუმარს სმოკინგი გამოართვა და მხრებზე მოიგდო. შემდეგ ილუზიონისტი სქელი თოკით შეკრეს, სკივრში მოათავსეს, რომელიც ბოქლომებით ჩაკეტეს და გარედან ბრეზენტი შემოახვიეს. ერთ
წამში გუდინი გარეთ აღმოჩნდა, სკივრში მისი ცოლი იწვა.
სიურპრიზი კონან დოილსაც ჰქონდა მომზადებული. მან განაცხადა, რომ საზოგადოება რაღაც განსაკუთრებულს იხილავდა. ახმაურდა პროექტორი, კედელზე ქრონიკის კადრებმა გაიელვეს. გიგანტური დინოზავრები თავისუფლად ნავარდობდნენ პრეისტორიულ ტყეში. შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ კადრები რეალური იყო.
მწერალმა არ აღიარა, რომ ეს იყო კადრი ფილმიდან, რომელიც მისი წიგნის ''დაკარგული სამყაროს'' მიხედვით გადაიღეს.
კონან დოილმა გუდინი სპირიტულ სეანსში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. გამოიძახეს ჰარის დედის სული. ჯინმა ფანქარი აიღო და სწრაფად დაიწყო წერა. სული ეუბნებოდა, რომ ჰარის დედა ბედნიერი იყო შვილთან ურთიერთობით და მადლიერი იყო ცოლ-ქმარ კონან დოილის. მიუხედავად ამისა, ჰარი გუდინზე სეანსმა დამთრგუნველად იმოქმედა. როდესაც ქალმა წერა დაამთავრა, თავად აიღო ფანქარი და ლამაზი ასოებით გამოიყვანა ''პაუელი'' . კონან დოილი აღფრთოვანებული დარჩა. ასეთი სახელის მქონე მამაკაცი, რომელიც გატაცებული იყო სპირიტიზმით და რომელსაც ის კარგად იცნობდა, სამი დღის წინ გარდაიცვალა.
მწერალმა ჩათვალა, რომ მას კავშირზე გამოსვლა უნდოდა, არც ის გაჰკვირვებია, რომ პაუელმა შუამავლად ჰარი აირჩია - რომელსაც მედიუმის აშკარა ნიჭი ჰქონდა, მაგრამ ჰარიმ მის მოლოდინს ცივი წყალი გადაასხა: ''მე სხვა პაუელზე ვფიქრობდი'' , - პირქუშად აღნიშნა მან. მას არ სურდა, სეანსის შესახებ ცნობა გაზეთებში დაბეჭდილიყო, - მისთვის ძალიან ძვირფასი იყო დედის ხსოვნა. სეანსის შემდეგ გამოაქვეყნა სტატია და განაცხადა, რომ მშობელთან არანაირი კონტაქტი არ შემდგარა. ამ ფაქტის გამო კონან დოილმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
აშშ-დან დაბრუნებულმა სერ არტურმა გარდაცვლილ დედასთან გამართა სპირიტული სეანსი და შეიტყო, რომ მალე მათ სახლში სულიერი გამცილებელი გამოჩნდებოდა და ყველაფერში დაეხმარებოდა.
''იმქვეყნიურ სამყაროსთან კავშირის სპეციალისტი'' , სახელად ფენეა, კონტაქტზე 1922 წელს გამოვიდა და რამდენიმე წელი უხილავად მონაწილეობდა ოჯახურ ცხოვრებაში: იძლეოდა რჩევებს საყოფაცხოვრებო საკითხებსა და ბავშვთა აღზრდაში, სერ არტურს ურჩევდა ბევრი ესეირნა, არ დაელია მაგარი ჩაი. მისი დედის ინფორმაციით, 3 ათასი წლის წინ ფენეა ბაბილონთან ახლომდებარე პატარა დასახლებაში მწერალი იყო - უცნაური დამთხვევით, დოილის სახლში ფენეას გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე, ბრიტანელმა არქეოლოგებმა იმ ქალაქში გათხრები ჩაატარეს. სერ არტურმა დაიჯერა ფენეას ნათქვამი ქვეყნის აღსასრულის შესახებ. მეორედ მოსვლას ჯერ 1924 წელს, შემდეგ კი 1925 წელს ვარაუდობდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, კატასტროფა არ მომხდარა და კონან დოილი დაცინვებით აავსეს. მისი მისტიკით გატაცება ბევრმა არაჯანსაღი მემკვიდრეობით ახსნა, რადგან მწერლის მამა სულით ავადმყოფთა კლინიკაში გარდაიცვალა.
კონან დოილი კრიტიკას ყურადღებას არ აქცევდა. იგი ცოლთან ერთად ბიგნელ-ბუდის მამულში გადასახლდა, იქ იყო ყველაფერი, რომ მომავალი არმაგედონისგან თავი გადაერჩინა. ფენეას დაჟინებული მოთხოვნით სახლში ერთი ოთახი ვარდისფერ-იისფრად შეღებეს. იქ მწერალი ჩარლზ დიკენსის სულს ელაპარაკებოდა, რომელმაც სთხოვა მის მაგივრად დაემთავრებინა რომანი - ''ედვინ დრუდის საიდუმლო''.

ფერიები და ჯუჯები

1920 წლის დეკემბერში ინგლისურმა ჟურნალმა ''სტრენდ მეგეზინ'' გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ფერიებისა და გნომების გამოსახულებები ჩანდა. ფოტოები დებმა ელსი რაიტმა და ფრენსის გრიფიტმა იორკშირის კოტინგლის საგრაფოში მდებარე პარკში გადაიღეს. კონან დოილი პუბლიკაციით დაინტერესდა. გოგონების სიტყვების სიმართლეში დასარწმუნებლად, მათ ფოტოკამერა და სუფთა ფოტოფირები გადასცა, რომელსაც, გამოსახულება რომ არ შეეცვალათ, ნიშანი დაადო. მწერალი მიიჩნევდა, რომ ეს მაგნიტური ველი იყო, რომელიც ფერიებს წარმოშობდა.
1922 წელს გამოვიდა მისი წიგნი ''ფერიების მობრძანება'', სადაც კონან დოილმა აღნიშნა: ''არსებობს ხალხთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც შეიძლება იყოს ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორიც კაცობრიობა. ის თავის საკუთარ ცხოვრებას წარმართავს და ჩვენგან განსხვავებული ვიბრაციით არის გამოყოფილი.
Rating
ანდერძი

1930 წელს მწერალმა ცოლი კაბინეტში დაიბარა და უთხრა: ''მაცნობეს, რომ ამ სამყაროს 7 ივლისს დავტოვებ'' .
13 ივლისს ლონდონის ''ალბერტ ჰოლში'' გამართულ მოსაგონარ ცერემონიაზე შვიდი ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. პირველ რიგში მდგარი სავარძელი, რომელიც კონან დოილის ქვრივსა და მის ვაჟს არტურის შორის იდგა, ცარიელი იყო. მოწვეულ სტუმართა შორის იყო მედიუმი ესტელ რობერტსი. საზოგადოებას ჯინმა მიმართა: ''ქალბატონებო და ბატონებო! სიკვდილის წინ ჩემმა ქმარმა ეს კონვერტი გადმომცა, რომელიც მისი პირადი ბეჭდითაა დალუქული. ქალბატონი რობერტსი სერ არტურის სულისგან გაიგებს გზავნილის შინაარსს და ჩვენ შევამოწმებთ, სწორია თუ არა'' . სავარძლის წინ მდგარმა ესტელმა იქ მყოფთ აუწყა: ''სერ არტური წერს: ''მე თქვენ გაჯობეთ, ურწმუნო ბატონებო! სიკვდილი არ არსებობს. მომავალ შეხვედრამდე!''

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS