10 სექტემბერი, 2014
ყავის მომზადების ორიგინალური რეცეპტები – ბრაზილიური, ცივი, აღმოსავლური...
რა არის საჭირო იმისთვის, რომ დღე კარგი განწყობით დაიწყოთ? რა თქმა უნდა, გემრიელი ყავა. თანამედროვე ცხოვრება ყავის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. მას მსოფლიო მასშტაბის სასმელს უწოდებენ, თუმცა ყველა ქვეყანაში მომზადების თავისებური წესი არსებობს. ამჯერად ნალექიანი ყავის მომზადების რამდენიმე გამოცდილ რეცეპტს შემოგთავაზებთ:

ყველაზე გავრცელებული:
რამდენიმე კოვზ ყავას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე ისე, რომ ზედაპირზე მშრალი მასა არ ამოტივტივდეს. შემდეგ შემოდგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. როგორც კი ქაფი ამოსვლას დაიწყებს, ყავადანი გადმოდგით და ერთი-ორი წუთით გააჩერეთ, რომ
ნალექი ფსკერზე დაილექოს. შემდეგ ფინჯნებში ჩამოასხით და მიირთვით.

ბრაზილიური მეთოდი:
საშუალოდ დაფქული ყავა ჩაყარეთ ყავადანში, დაასხით კარგად ადუღებული წყალი, სწრაფად მოურიეთ და გაფილტრეთ, ოღონდ ფინჯანს, რომელშიც გაფილტრული ყავა უნდა ჩაასხათ, წინასწარ მდუღარე წყალი გამოავლეთ.

ცივი ყავის მომზადების ორიგინალური მეთოდი: საჭიროა ნახევარი კილოგრამი დაფქული ყავა და ერთი ლიტრი წყალი. ყავა ჩაყარეთ ცივ წყალში და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში. შემდეგ გაფილტრეთ და დარჩენილი ექსტრაქტი ცივად შეინახეთ. სუფრაზე მიტანის წინ დაამატეთ ცივი წყალი და ჭიქებში ჩამოასხით.

აღმოსავლური რეცეპტი: აღმოსავლეთში წმინდად დაფქულ ყავას იყენებენ. ლითონის ყავადანში (ჯეზვა) ჩაყარეთ ყავა და შაქარი სასურველი პროპორციებით, დაუმატეთ ცივი წყალი და შემოდგით ნელ ცეცხლზე, წამოწეული ქაფი ფრთხილად მოხსენით ისე, რომ ნაწილი დარჩეს, ყავა ქაფის ქვეშ დუღილს განაგრძობს, ჩამოსხმამდე ყავადანი 2-3-ჯერ ისევ შემოდგით ცეცხლზე.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS