14 აგვისტო, 2014
ორსულობით დასრულებული საზღვაო ფლირტი
ეს ამბავი რომ ჩემებმა გაიგონ, მომკლავენ! გოგონები მეუბნებიან, აბორტი რომ გაიკეთო, მერე შეიძლება შვილი აღარ გეყოლოსო შეყვარებული არასდროს მყოლია, არავისთან მქონია სერიოზული ურთიერთობა. ჩემი ''შეყვარებულობანა'' მხოლოდ რამდენიმე ტელოფონის ზარითა და მესიჯით შემოიფარგლებოდა. ურთიერთობის ინიციატორი არასოდეს ვყოფილვარ და ბიჭისთვის პირველად მე არასოდეს მიმიწერია. თავიდან ბიჭები თითქოს აქტიურობდნენ, მაგრამ მერე რატომღაც იკარგებოდნენ. რასაკვირველია, მათ მე არასოდეს ვეხმიანებოდი. დაკომპლექსებული ვიყავი, თუმცა რა იყო ამის მიზეზი, ვერ ვხვდები''- სევდიანი სახით დაიწყო საუბარი გოგონამ, რომელიც ჯერ 20 წლის არ არის.
თუმცა ამჯერად მისი მთავარი საფიქრალი არა თაყვანისმცემლებთან ურთიერთობაა, არამედ მისი მდგომარეობაა...

- ბებიაჩემის გაზრდილი ვარ და ის ყოველდღე მიჩიჩინებდა, ბიჭთან თავი უნდა დაიფასო, ზედმეტი არაფერი გააბედინო. კაცზე რომც გიჟდებოდე, არ უნდა აგრძნობინო და არც უთხრა. თავი სულ მაღლა უნდა გეჭიროს და ზევიდან უყურებდე. შეგაქებს თუ საჩუქარს მოგიძღვნის, შეიფერე და მადლობა გადაუხადე. არასოდეს უთხრა, რად გინდოდა და რატომ შეწუხდიო. მცირე სითბო გაეცი, თუ გინდა, სითბო და ტკბილი სიტყვები არ მოგაკლდესო.
- თავად ასე იქცეოდა ბაბუასთან?
- არ ვიცი, ბაბუას არ მოვსწრებივარ. ის ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა. თუმცა ბებიას ხშირად მოჰყავდა თავისი და ბაბუას ურთიერთობა მაგალითად.
- მითხარი, რომ დაკომპლექსებული ბავშვი იყავი...
- დიახ, ყველაფერზე ვწითლდებოდი. რაც სტუდენტი გავხდი, ცოტა უფრო ''გავიხსენი'' და ადამიანებთან ურთიერთობა აღარ მიჭირდა, მაგრამ ბიჭებთან დამოკიდებულებაში დიდი ცვლილება არც მას შემდეგ მომხდარა. ვიღაცას რაღაც რომ ეკითხა, ვიბნეოდი, ვწითლდებოდი, სახე მეშლებოდა და სანამ სიტყვებს თავს მოვუყრიდი, იმ ტიპს უკვე ჩემზე დებილის შთაბეჭდილება ექმნებოდა. თან რაც უფრო მეტად ვატანდი თავს ძალას და მობილიზებას ვცდილობდი, მით უფრო მეტად ვიბნეოდი. მერე რაღაც-რაღაცები დალაგდა. მხიარული ჯგუფელები მყავს, კარგი ადამიანები არიან და მათთან კონტაქტში შესვლა არ გამჭირვებია. განსაკუთრებით ოთხი გოგონა დავმეგობრდით. რადგან ჩვენ ასე კარგად ვიყავით ერთმანეთთან, გადავწყვიტეთ, ჩვენს მშობლებსაც ერთმანეთი გაეცნოთ. ისე მოხდა, რომ ოთხივე მამას ერთდროულად არ ეცალა, ამიტომ ერთ დღესაც ჩვენი დედიკოები რესტორანში შევკრიბეთ. ჩვენ ცოტა ხანს მათთან ერთად ვიყავით და მერე უფროსები მარტო დავტოვეთ. მოკლედ, ამის შემდეგ ჩვენებს უფრო მეტი ნდობა გაუჩნდათ ჩვენს მიმართ და არც იმაზე უთქვამს რომელიმეს უარი, როცა წელს ზღვაზე წასვლა მოვისურვეთ. აქამდე მარტო არასოდეს დამისვენია. ოთხივეს ძალიან გვინდოდა მარტო წავსულიყავით, საკუთარი თავის ბატონ-პატრონები ვყოფილიყავით. უნდა გენახათ რა ბედნიერები გავემგზავრეთ ზღვაზე.
- დასასვენებლად რამდენი ხნით გაემგზავრეთ?
- 12 დღით, პირველივე დღეს დავიწვი და მეორე დღეს პლაჟზე აღარ გავსულვარ. აფთიაქში საბავშვო ზეთის საყიდლად წავედი, რადგან დამწვრობის დროს ყველაზე მეტად ის მშველის. სწორედ იქ გავიცანი ირაკლი. ყოველ შემთხვევაში, მე ამ სახელით გამეცნო. ისიც დაბრაწული იყო და აფთიაქში დამწვრობის სამკურნალო საშუალებას ეძებდა. ჩემს წითელ ტანსა და სახეს რომ შეხედა, გაეღიმა, ცხადია, მეც იგივე რეაქცია მქონდა ცხვირ-პირწითელი ადამიანის დანახვისას. როცა ზეთი ვიყიდე, მკითხა, ჩემს დამწვრობასაც უშველისო. მე ჩემი გამოცდილება გავუზიარე. ზეთი მანაც იყიდა და აფთიაქიდან ერთად გამოვედით. სახლამდე მიმაცილა. გზაში მითხრა, რომ ძმაკაცებთან ერთად ისვენებდა, მეც ჩემ შესახებ ვუამბე. ბოლოს, ერთმანეთს რომ ვემშვიდობებოდით, ტელეფონის ნომერი გამომართვა, საღამოს მოგიკითხავო. ასეც მოხდა, ჯერ დამირეკა და მერე მთელი ღამე ვმესიჯობდით. მესამე დღეს დილით პლაჟზე ისევ გავედი, მაგრამ საღამოს ირაკლის შეხვედრაზე შევუთანხმდი და გოგონებთან ერთად აღარ წავსულვარ.
- მეგობრებს ახალი ნაცნობობის შესახებ არაფერი უთხარი?
- არა. დავუმალე, არ მინდოდა ირაკლი გამოჩენილიყო, მერე გამქრალიყო და მერე ჩვენ დავმსხდარიყავით და ამაზე გვემსჯელა, ყველაფერი დეტალურად გაგვერჩია. რატომღაც ირაკლი ამისთვის ვერ გავიმეტე. ვაღიარებ, რომ თავიდანვე ძალიან მომეწონა. ბევრად ჩემზე უფროსი არ იყო, მაგრამ სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ირაკლის რომ ვხვდებოდი, გოგონებს ხან რას ვატყუებდი და ხან რას. ვერაფერს ხვდებოდნენ, რადგან მენდობოდნენ. ერთხელ კლუბში ვიყავით, მეორედ ბარში, მესამედ უბრალოდ ზღვის ნაპირას ვისეირნეთ. საერთოდ, ალკოჰოლურ სასმელს არ ვსვამ, მაგრამ ირაკლისთან ერთად ცოტ-ცოტას ვწრუპავდი. ერთხელ, გვიანი ღამე იყო, ყველას ეძინა, მე და ირაკლი ისევ ვმესიჯობდით. შეხვედრა მთხოვა, მაშინვე ბებიას დარიგებები გამახსენდა, მაგრამ რადგან თბილისში დაბრუნებამდე ხუთი დღეღა მრჩებოდა, ვიფიქრე, ასეთი შესაძლებლობა მეტი აღარ მექნება და გოგონებს გავეპარები-მეთქი. ირაკლი სახლთან დამხვდა და კლუბში წავედით. ბევრი დავლიე, ჯერ შამპანურით დავიწყეთ, მერე ვისკზე და რაღაც კოქტეილებზე გადავედით. მერე მახსოვს, რომ ზღვის ნაპირას ვისხედით და ბევრს ვიცინოდით. ჯერ კისერში მაკოცა, მერე თმაზე მეფერებოდა, მერე... სახლში რომ დავბრუნდი, გოგონებს ჯერ კიდევ ეძინათ. მეორე და მესამე ღამესაც იგივე გამეორდა, თუმცა ამჯერად ირაკლისთან ყოფნა აღარ მსიამოვნებდა, მთელი სხეული მტკიოდა. მეოთხე დილას, როცა მის მესიჯსა და ზარს ველოდებოდი, აღარ გამოჩენილა. დავრეკე და მობილური გამორთული აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ირაკლი აორთქლდა. ჯერ ამის დაჯერება არ მინოდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გავხდი საკუთარ თავთან მაინც მეღიარებინა სიმართლე. ჩემი ხასიათის ცვლილება გოგონებმაც შენიშნეს, მეც თავი ვეღარ შევიკავე და ტირილით ვუამბე ყველაფერი. ერთი მეჩხუბა, მეორე ატირდა, მესამე მომეფერა, მოკლედ, ჩემი ამბავი ყველამ განიცადა. დარჩენილი საათები ზღვაზე უგუნებოდ გავატარეთ და ერთმანეთში პირობა დავდეთ, რომ ამ თემაზე აღარასოდეს ვისაუბრებდით. რამდენიმე დღის წინ რატომღაც ეჭვებმა არ მომასვენა, ხომ შეიძლება ორსულად დავრჩენილიყავი-მეთქი. ერთ-ერთი დაქალი ექიმთან წამომყვა და გინეკოლოგმა ჩემი ორსულობა დაადასტურა. ჩემი სულელური, რამდენიმედღიანი საზღვაო ფლირტი ასეთი შედეგით დასრულდა. ეს ამბავი რომ ჩემებმა გაიგონ, მომკლავენ! გოგონები მეუბნებიან, აბორტი რომ გაიკეთო, მერე შეიძლება შვილი აღარ გეყოლოსო. ნეტავ ირაკლი რომ ამ ამბავს გაიგებს, რა რეაქცია ექნება?! ერთ-ერთმა მათგანმა ირაკლის ნომერი ჩაიწერა, იქნებ ამ ნომრის მფლობელი გამოვარკვიო და ბავშვის მამა ვიპოვოთო, მაგრამ მე არაფრის იმედი არ მაქვს.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
დედა
შვილი არ გაწირო. ღვთის ნაბოძებია.
14:36 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
რევაზ ლუკა ბობოხიძე
ეს შეიძლება შეცდომა იყო, თუმცა, ამას, კიდევ კიდევ ერთი შეცდომა არ უნდა დაამატო და შენი პირველი შვილის სიცოცხლე არ უნდა მოსპო. ბავშვმა რა დააშავა?! ის ხო ეხლა, პირველად ევლინება სამყაროს?! ორი ადამიანი შეცდომამ ჯერ კიდევ არ დაბადებული ბავშვის სიცოცხლე არ უნდა შეიწიროს. ანიმ სწორედ გირჩია, ეს ამბავი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუმალო დედას; როგორც ეკამ გირჩია, დედა ყველაზე ძლიერად მიიტანს ამას გულთან და ყველაზე სასარგებლო და ოპტიმალურ რჩევას მოგცემს. იცოდე აბორტი არ გაიკეთო, თორემ ამას, შემდეგ მთელი ცხოვრება ინანებ და, ეს უკვე გამოუსწორებელი შეცდომა იქნება, რომელსაც ვეგარასოდეს ვერც შეცვლი და ვერც მოინანიებ. ეს იგივე საკუტარი შვილის მკვლელობა იქნება. ამას ჯობია, შეეცადო ირაკლი მოძებნო და შეატყობინო ეს ამბავი. მან ხო ეს არ იცის?! ვინ იცი, ის, შეიძლება არც თუ ისეთი უგუნური ადამიანია და, ამ ამბავს რო გაიგებ, შეგირიგდეს და შეუღლდეთ კიდეც. დაიმახსოვრე, ბავშვის სიცოცხლე არ მოსპო, თორემ, შეიდზლება ეს ღმერთმა არც კი გაპატიოს და, შემდგომში დედობის უფლებაც სამუდამოდ ჩამოგართვას. და თუ არ ჩამოგართმევს და შემდგომშიც გეყოლება შვილები, შენ, შენთვითონ ვერ შეძლებ ვეღარასოდეს შენი თავის პატიებას. ესეც რო არ იყოს, და შეძლო, როდისმე ამ ამბის დავიწყება, მაინც დიდი ცოდვა გედება ყოველთვის ზურგზე. ჯერ არაფერი დიდი შეცდომა არ დაგიშვია, პირიქით, მადლობელიც კი უნდა იყო ღმერთის რო შვილი გეყოლება. ზოგისთვის ეს, მთელი ცხოვდება სანუკვარი ოცნებაა. ამას, რაგაცა თვალსაზრისით, ჩემი გამოცდილებიდანაც გეუბნები;
01:48 / 16-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკო
აბორტი არ უნდა გაიკეთო ამ შემთხვევაში... უბრალოდ არ მოკლა საწყალი ბავშვი
21:04 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნმ
რა მნიშვნელობა აქვს რომელ საუკუნეში ვცხვორბთ?! გონება,ტვინი და თავმოყვარეობა ყველა საუკუნეში საჭიროა. ასეთ ქარაფშუტა გოგონებს ემართებათ სწორედ მსგავსი თავგადასავლები; აბა, სხვანაირად წარმოვიდგინოთ : ამ გოგონას რომ თავი დაეფასებინა, სასმლებით გამოთრობაზე და ცანცარზე უარი ეთქვა, წასულიყო კლუბში ოღონდ ზომიერების ფარგლებში, უფრო მეტ მოწონებას დაიმსახურებდა და შეიძლებოდა დღესდღეობით შეყვარებულებიც ყოფილიყვნენ. ფაქტიურად მომავალი დაიმახინჯა. 90 % - შანსი აქვს გაბოზების. 10% - შანსი პატიოსანი ცხოვრების, რასაც დიდი ნებისყოფა და სიმტკიცე უნდა რაც ვერ შევატყვე ჩვენს რესპოდენტს. ბებიაც ვერ ყოლია დიდად დალაგებული.
15:35 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
საერთოდ საზღვაო რომანები ძირითადად ზღვაზევე მთავრდება. ეს გამოცდილება იმედია სამომავლოდ მაინც დაგეხმარება. 21 საუკუნეში კიდე ნამდვილად უნდა გცოდნოდა რომ პრეზერვატივით გესარგებლა :) მაგრამ ეხლა საუბარე მაგაზე გვიანია :( სამწუხაროა ესეთ შემთხვევაში რომ ორსულად დარჩი. პირველ რიგში აუცილებლად უნდა უთხრა დედას, დამიჯერე დედის რცევა ყველაზე საუკეთესოა და დედა რომ გაგიგებს ესე ვერცერთი დაქალი ვერ გაგიგებს, ვერ შეგიცოდებს ვერ გაიზიარებს შენს ტკივილს და სიხარულს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. იმედია ყველაფერი სასიკეთოდ მოგვარდება!
12:27 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS