თინიკო, 29 წლის:
- ჩემს ცხოვრებაში პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა მეგობართან ორი ინდოელი გავიცანი.
- სამწუხაროდ, ასეც ხდება, რა სამსახური შემოგთავაზეს?
- მაღაზიაში კონსულტანტის ადგილი. ხელფასი ხუთასი ლარი იყო. ჩემმა მეგობარმა უარი თქვა. ცოტა ეჭვიანი მეუღლე ჰყავდა და გადაირია, უცხოელებთან არ გამუშავებო. ჩემი ქმარი კი უკომპლექსო ტიპია, თანაც თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული. ისიც იცის, რომ ადვილად ვერავინ ჩამიგორებს ლოგინში. მოკლედ, სამუშაოდ გამიშვა. პირველი რამდენიმე კვირა ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, სანი კარგი უფროსი იყო, თავაზიანი, ყურადღებიანი. დღესასწაულებს გვილოცავდა, პრემიებს გვირიგებდა, მთელ კოლექტივს რესტორანში გვეპატიჟებოდა. გოგონები მეუბნებოდნენ, სანი ასე მას შემდეგ იქცევა, რაც შენ მოხვედიო. პირდაპირ ვერ მეუბნებოდნენ, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო, ამით რისი თქმაც უნდოდათ.
თავიდან მეჩვენებოდა, რომ მათი ეჭვები უსაფუძვლო იყო, მაგრამ ნელ-ნელა სანის თავისი სურვილებისა და გრძნობების მოთოკვა უფრო და უფრო გაუჭირდა. ერთ დღესაც კაბინეტში დამიბარა და მითხრა, ხომ იცი, ქალების პრობლემა არ მაქვს, არც ტყუილი მჭირდება, ჩემს თავსაც დიდხანს ვებრძოდი, მაგრამ უშედეგოდ, მიყვარხარ და ამის დამალვა აღარ შემიძლიაო. როცა უფროსი ამას გეუბნება, ორი არჩევანი გაქვს- ან მისი საყვარელი გახდე, ან ადგე და წამოხვიდე.
- შენ რომელი აირჩიე?
- ქმარი, დედამთილი, მამამთილი, ყველანი უმუშევრები იყვნენ, მეც რომ სამსახური დამეკარგა, მშივრები დავრჩებოდით. ვიფიქრე, სანამ შევძლებ ორჭოფული პასუხის გაცემას, მანამ ვიქნები, მერე წამოვალ-მეთქი. მეორე დღეს სამსახურში რომ გამოვცხადდი, სანის სახეზე ბედნიერება აღებეჭდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ შანსი ჯერ კიდევ არსებობდა.
ორი კვირა ინდოელს ამ თემაზე სიტყვა აღარ ჩამოუგდია. როგორც მოგვიანებით გავიგე, საქმით იყო დაკავებული, ჩემი ოჯახის შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. გაიგო, რომ გვიჭირდა, ამის გამო ოჯახში დაძაბული სიტუაცია იყო. ესეც მის წისქვილზე ასხამდა წყალს. ამის შემდეგ სანიმ ისევ გამომიძახა. ამჯერად უფრო სერიოზული პირობების გასაცნობად.
- ცოლობა შემოგთავაზა?
- არა, ინდოეთში ცოლი ჰყავდა და ამას არც მალავდა. ჩემთანაც არაოფიციალური ურთიერთობა უნდოდა. დეტალები გათვლილი ჰქონდა. ბინას გიყიდი, ყოველთვიურად ათას დოლარს მოგცემ და გასათვალისწინებელ და გაუთვალისწინებელ ხარჯებს ჩემს თავზე ავიღებო.
- ქმარს უნდა გაშორებოდი?
- მითხრა, ეს შენი გადასაწყვეტია, მთავარია კვირაში თუნდაც ერთი დღე იყო ჩემთან და ყველა პირობა ძალაში იქნებაო. მისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ შინ რომ დავბრუნდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ინდოელს აღარასოდეს ვნახავდი. ქმარს ვუთხარი, რომ უფროსთან ვიჩხუბე და უკან არ დავბრუნდებოდი. მაგრამ ეს ასე მარტივი არ აღმოჩნდა. ჩემი მეუღლე იმდენს მელაპარაკა, მაინც მათქმევინა, რატომ აღარ მინდოდა უკან დაბრუნება... ჯერ მშვიდად მისმენდა, მერე ადგა და გარეთ გავიდა. არ ვიცი, მის თავში რა ტრიალებდა. ვფიქრობდი, რომ შეურაცხყოფილი იყო, დათრგუნვილი, მაგრამ როცა უკან დაბრუნდა, გავოცდი. ჩემი ქმარი ორიგინალური იდეებით ხშირად მაკვირვებდა, თუმცა ასეთს ვერასოდეს წარმოვიდგენდი.
- გითხარი, შენი ღირსი არ ვარ და წადიო?
- უფრო უარესი. წინ ჩამომიჯდა და თვალებში შემომხედა.- ფისო, დაფიქრდი, ჩვენს ადგილზე ყველა დანარჩენი როგორ მოიქცეოდა, ქმარი იმ ინდოელს თავპირს გაუერთიანებდა, ქალი კი მისკენ აღარასოდეს გაიხედავდა, ხომ ასეა?- თავი დავუქნიე. შედეგი?- ჩამეკითხა ქმარი. არაფერი მითქვამს.- შიმშილი და გაჭირვება,- დაამთავრა თვითონ. მერე ერთხანს გაჩუმდა,- მოდი, ჩვენ უფრო გონივრულად მოვიქცეთ. იმ კაცს ბინა აყიდვინე, ბანკში ფული ჩაარიცხვინე და მერე... მე ისევ გაჩუმებული ვუსმენდი, ვერ მივხვდი მცდიდა თუ შაყირობდა.- ამას მასთან ინტიმური ურთიერთობა დასჭირდება, თანახმა ხარ?- ჩავეკითხე ქმარს ბოლოს. მან გაიცინა,- იცი რამდენ ქალთან ვყოფილვარ, მაგრამ მარტო შენ მიყვარხარ. ქვეყანა არ დაინგრევა, თუ რამდენიმე ღამეს მის გვერდით გაატარებ. დამიჯერე, მთავარი გრძნობაა და არა სხეული.
- როგორც ჩანს, იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ ასეთი წინადადების შემდეგ ისევ გეყვარებოდა.
- ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. ორი ღამე თეთრად გავათენე, შეიძლება, ქალს საყვარელი ჰყავდეს, მაგრამ ამას ქმარი აძალებდეს, წარმოუდგენელია.
- ბოლოს რა მოხდა?
- სინგმა წერეთელზე ოროთახიანი ბინა მიყიდა, ბანკში სოლიდური თანხაც ჩამირიცხა... მასთან თითქმის ორი თვე ვიყავი, ქმარი სრულ თავისუფლებას მაძლევდა. ერთ დღეს კი სანი თვითონ წავიდა.
- სად წავიდა?
- სომხეთში, მადლობა გადამიხადა, დაუვიწყარი ღამეები მაჩუქე, მაგრამ ახლა დროებით ერევანში უნდა ვიცხოვრო, ეს ბიზნესია და გრძნობებში ვერ გავცვლიო. ალბათ იქ ახალი ქსელის გაკეთებას აპირებდა, თბილისში კი თავისი შემცვლელი დატოვა.
- ე.ი. შენ ქმარს გაუმართლა...
- მგონი მართლა არ არის საჭირო ყველაფრის დრამატიზირება. თუ სიტუაციას მეორე მხრიდან შევხედავთ, ჩემმა ქმარმა ჩვენი ქორწინება გადაარჩინა. იცოდა, თუ უმუშევარი დავრჩებოდი, სიღატაკეს ვერ გავუძლებდი და მაინც გავშორდებოდი, ახლა კი ვცხოვრობთ ადამიანურად და სანი სინგის გახსენებაც არ გვინდა. მთავარი ხომ გრძნობაა და არა სხეული...
მკითხველის ისტორია