წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ
წიგნის ფესტივალი საინტერესოა ბავშვებისა და მოზარდებისთვისაც, ახალგაზრდებისთვისაც და მოხუცებისთვისაც, რადგან წიგნი ყველას ერთნაირად ეკუთვნის, ყველაზე ერთნაირად ახდენს ზემოქმედებას. ''წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბედურებაში თავშესაფარსა და დამშვიდებას გვთავაზობს'', - უთქვამს ციცერონს. მართლაც ასეა, ამიტომაც წიგნის ფესტივალზე მოდიან შეძლებულები და ხელმო-კლეები, ცხოვრებისგან გალაღებულები და ტრაგედიაგამოვლილები.
მათ არ შეუძლიათ, უარი თქვან ამ განსაკუთრებულ შესაძლებლობაზე - ერთდროულად, ერთ სივრცეში დაათვალიერონ ყველა ქართული გამომცემლობის ნაშრომ-ნაღვაწი და რაც მთავარია, შეღავათიან ფასად შეიძინონ წიგნები.
ძალიან საინტერესოა ის ღონისძიებებიც, წიგნის ფესტივალის დღეებში რომ იმართება: ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები მწერლებთან, საბავშვო გასართობი ღონისძიებები, კონკურსები...
არასდროს დამავიწყდება მშვენიერი ქალბატონი, 81 წლის პედაგოგი ნანული გიორგობიანი, რომელიც შარშან წიგნის ფესტივალზე გავიცანი. შვილთაშვილები ჰყავდა მოყვანილი - ძალიან მინდა, დაათვალიერონ და აარჩიონ წიგნები, მთელი წელი პენსიიდან დანაზოგს ვაკეთებდი, რომ ამ დღეს აქ მოვსულიყავი და მათთვის დღესასწაული მომეწყოო, - მითხრა. - თანაც, აქ შეი-ძლება მწერლებს პირისპირ შეხვდე... მინდა, ეს ბედნიერება ჩემმა შვილთაშვილებმაც გამოსცადონ და ისევე დაამახსოვრდეთ, როგორც მე მახსოვს, შალვა დადიანს რომ შევხვდი ერთხელ ''საბლიტგამთან''. ერთხელ ვაჟაობაზე გალაკტიონი ვნახე, დაველაპარაკე კიდეც. იმ მოგონებებით დღემდე ვცხოვრობ და წარმომიდგენია, ახალგაზრდები რა ბედნიერები იქნებიან, როცა გააცნობიერებენ, რა მნიშვნელოვანია მწერალთან შეხვედრა!
წელს წიგნის ფესტივალი 29 მაისს დაიწყება და 1-ელ ივნისს დამთავრდება.
წიგნის სამყაროში მომხდარმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სულაც არ ყოფილა მართალი აზრი, თითქოს ელექტრონულმა საშუალებებმა ჩვენი ცხოვრებიდან წიგნი განდევნა. გამომცემლობა ''პალიტრა L''-ის სერიულ გამოცემებზე (რომლებიც პრესასთან ერთად იყიდება) მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ხალხს სჭირდება წიგნი, მას უყვარს ლიტერატურა... და თუ ხშირად წიგნის შეძენას სიძვირის გამო ვერ ახერხებდა, ახლა ეს ბარიერიც გადალახულია - ''პალიტრა L''-ი წიგნებს ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ. საჭიროა მხოლოდ სურვილი და თქვენი ბიბლიოთეკა კვლავაც გამდიდრდება...
20 წლის სტუდენტი მარიამ მაისურაძე ''ბიბლუსში'' შემხვდა. ნაყიდი წიგნებით გამოდიოდა მაღაზიიდან. ბევრი წიგნი გიყიდიათ-მეთქი, - ვუთხარი, თან კარის გაღებაში დავეხმარე.
- ეს რა არის, გაცილებით მეტი უნდა ვიყიდო. წიგნის ფესტივალს ველოდები. უკვე შეთვალიერებული მაქვს და ზუსტად ვიცი, რა მინდა. იმდენად მომწონს გამომცემლობების სიურპრიზები, რომ აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც პრიზე-ბიც მიუღიათ წიგნის ფესტივალზე. მინდა, წელს მე გავხდე ერთ-ერთი პრიზიორი... 2011 წლიდან მოყოლებული, ყველა წიგნის ფესტივალზე ვიყავი...
ჩვენ ვკითხეთ ''ბიბლუსის'' თანამშრომლებს, რას აპირებენ ისინი ფესტივალზე. გვიპასუხეს, რომ მათთან მთელი წელი წიგნის ფესტივალია. ახლა, ამ 4 დღეს, ისინი უკრაინელ პარტნიორებს წარადგენენ - ფესტივალის ფარგლებში უკრაინული გამოცემები ''ბიბლუსის'' სტენდებზე გამოიფინება.
ფესტივალის დახურვის შემდეგ დარჩენილი 361 დღე კი ''ბიბლუსის'' 45 მაღაზია მთელ საქართველოში ისევ წიგნის მოყვარულებს დაელოდება.
დავუკავშირდით გამომცემლობა ''პალიტრა L''-ს, რომელიც ყველა ფესტივალზე ყველაზე დიდი სტენდითა და განსაკუთრებული აქციებით გამოირჩევა. როგორც გამომცემლობის დირექტორმა თინათინ ასათიანმა გვითხრა, წელსაც უამრავი სიურპრიზი ელოდებათ წიგნის მოყვარულებს. სერიად გამოცემული წიგნები აქციის ფასად გაიყიდება, ზოგიერთ წიგნზე 75%-მდე ფასდაკლება გამოცხადდება. მოეწყობა წიგნის თაროს პრეზენტაცია, რომელიც განკუთვნილია 100 წიგნისთვის (50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, ვიდრე ცოცხალი ხარ,+ ბიბლია და +49 წიგნი). მკითხველთა კლუბს თავისი წევრებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზები აქვს დაგეგმილი, თუმცა არც სხვა მკითხველებს დატოვებს უყურადღებოდ. მოეწყობა გათამაშებები, დარიგდება საჩუქრები. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, რასაც ''პალიტრა L''-ი წიგნის ფესტივალზე შესთავაზებს მკითხველს. დანარჩენს კი დღესასწაულზე ნახავთ!
29 მაისიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით მართლაც დიდი დღესასწაული გელოდებათ!
ლელა ჯიყაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''