06 მაისი, 2014
სეზონის ჰიტი - ვერცხლისფერი და ოქროსფერი ფეხსაცმელი
ამ ეტაპზე ძირითადად მაინც ფეხსაცმელსა და ტყავისგან შექმნილ ნაწარმზე მაქვს აქცენტი გადატანილი დიზიანერმა მარიამ ხარშილაძემ სამხატვრო აკადემიაში სწავლა ტყავის მოდელირების განხრით 2 წლის წინ დაასრულა, თუმცა აქტიურად ამ სფეროში ერთი წლის წინ ჩაერთო. შექმნილი აქვს კოლექცია Under The Skin, რომელიც მისი სადიპლომო ნამუშევარი გახლავთ, თუმცა მისი წარდგენა თბილისის მოდის კვირეულზეც მოახერხა.

- მარიამ, მხოლოდ ფეხსაცმელს ქმნი თუ სამოსზეც მუშაობ?
- აკადემიის დასრულებისას კოლექცია რომ გავაკეთე, ვიმუშავე როგორც ფეხსაცმელზე, ასევე სამოსზეც, მაგრამ ამ ეტაპზე ძირითადად მაინც
ფეხსაცმელსა და ტყავისგან შექმნილ ნაწარმზე მაქვს აქცენტი გადატანილი.
- რამდენად მრავალფეროვანია შენი ნამუშევრების ფერთა პალიტრა?
- უფრო მუქ ტონებზე ვმუშაობ, თუმცა პასტელური ფერებიც ფიგურირებს.
- ამ სეზონზე როგორი სტილის ფეხსაცმლის ჩაცმას გვირჩევ?
- ტყავის ''ბათინკების'' ყოველდღიური მოხმარება მოდურია გაზაფხულზეც და ზაფხულშიც, ცხელი და შემაწუხებელი რომ არ იყოს, უპირატესობა უფრო ამოღებულ, ''დაჭრილ'' ვარიანტს ენიჭება.
- გარდა ამისა, როგორც ვიცი, ფერადი ფეხსაცმელიც ძალიან აქტუალურია...
- ასეა. ადრე უფრო მუქი ფერის ფეხსაცმელზე იყო მოთხოვნა, ახლა კი გაფერადდა, ვინც მკაცრ სტილში იცვამს, ძირითადად მაინც პასტელურ ფერებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ამ სეზონის გამორჩეულ ტენდენციად შეიძლება, ვერცხლისფერი და ოქროსფერი ფეხსაცმელი ჩავთვალოთ. ფორმების თვალსაზრისით აქტუალურია წვრილცხვირიანი, წვრილქუსლიანი, თი-თებზე ამოჭრილი, მეტალით გაფორმებული ფეხსაცმელი.. აქ უკვე გადამწყვეტი გამოვნებაა.
- რაც შეხება სამოსს...
- მოდაშია სტილის აღრევა, ეკლექტიკა. ფაქტურული თვალსაზრისითაც აქტუალურია თხელი, ჰაეროვანი ქსოვილის ნაზავი მყარ ნაჭრებთან, თუნდაც ტყავთან.
- პრინტიანი ქსოვილიც მოდური იყო, ტყავზე დაპრინტვა....
- კეთდება, მაგრამ დიდად არ ვიყენებ პრინტებს, რადგან ასეთ ფეხსაცმელს ადამიანი აქტიურად ვერ მოიხმარს, მაინც არაპრაქტიკულია.
- ტყავის ქურთუკებისა და პიჯაკების მხრივ რა უნდა გავითვალისწინოთ?
- ძალიან აქტუალურია როგორც მთლიანად ტყავის, ასევე ტყავით გაწყობილი პიჯაკები. მაგალითად, ლაიკის გამოყენებას გირჩევდით, რადგან უფრო რბილია და ლამაზი, გაზაფხულისთვის შესაფერისი. სიგრძესა და ზოგად სილუეტზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს ინდივიდუალურია, ზოგს სლიმფიტი მოსწონს, ზოგს გვერდების დაფარვა უნდა და ა.შ. დიზაინერის მთავარი მიზანი კი ისაა, რომ ადამიანის ნაკლი დაფაროს.
- შარვლებსა და კაბებზე რას გვეტყვი, ამ მხრივ რა ტენდენციაა გამოკვეთილი?
- ტყავისგან შეკერილი შარვალიცა და კაბაც ძალიან მოდურია. მართალია, შარვლის ტოტი გაფართოვდა, მაგრამ ჯერჯერობით ქართველებმა ეს ვერ აიტაცეს. კაბებისა და ქვედაბოლოების თვალსაზრისით კი პირიქით, გაშლილი კაბები უფრო ვიწრო, მუხლსქვედა სიგრძის კაბებმა ჩაანაცვლა. ზაფხულში შესაძლებელია, ჰაეროვანი, თავისუფალი სტილის კაბები უხეშ ''ბათინკზეც'' კი ჩაიცვათ.
- აქსესუარებზე გადავინაცვლოთ, ჩანთებით დავიწყოთ.
- ქლაჩი, ჩანთა ჯაჭვის ჩამოსაკიდებლით ძალიან მოდურია. ვისაც ყოველდღიურად, ცხოვრების წესის გამო დიდი და მასიური ჩანთა არ სჭირდება, საშუალო ზომის ჩანთის ტარებას ვურჩევ.
- აუცილებელია, რომ ქამარი, ჩანთა და ფეხსაცმელი ერთმანეთს ეხამებოდეს?
- კი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამივე ერთი მასალისგან უნდა იყოს შექმნილი, ან მაინცდამაინც ერთ ფერში ჯდებოდეს, თუმცა უნდა ეხმიანებოდეს ერთმანეთს.
- სამკაულები...
- ამ ეტაპზე სამკაულებს მეტალისა და ტყავისგან ვამზადებ, ძალიან მოდურია სადა, მაგრამ მასიური ტყავის სამაჯურები, თვლებით გაწყობილი კოლიეები და სამაჯურები, თუმცა მე ამ ტიპის სამკაულებზე არ ვმუშაობ. ვქმნი ისეთ რაღაცებს, რისი მომხმარებელი მეც ვიქნებოდი.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS