შემთხვევით თუ სპეციალურად, ჩვენ ყოველდღე ვზღუდავთ საკუთარ თავს რაღაც-რაღაცებში, ''ვემალებით'' ცხოვრებას. თუკი ერთ მშვენიერ დღეს ეს ზღუდეები დაინგრევა, ჩვენი ცხოვრება გაცილებით უკეთესი გახდება. თუმცა, როგორც
ფსიქოლოგმა გამოყო 15 დაბრკოლება, რომელთა გადალახვის შედეგად შესაძლოა, შეზღუდვათა კედლის მიღმა გავაღწიოთ. მთავარია გვახსოვდეს: იგი ჩვენ თვითონ ავაგეთ!
1. საზოგადოებრივი აზრი
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას ფიქრობს ჩვენზე. თუ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით კმაყოფილი ხართ, ეს სწორი არჩევანია. დაფიქრდით, რამდენად მოიგებთ, თუკი თავს დაანებებთ გამუდმებით იმაზე მკითხაობას, მოეწონებათ თუ არა სხვებს თქვენი საქციელი. ამასთან, ბოლომდე მაინც ვერ ამოიცნობთ, რას ფიქრობენ ისინი თქვენზე სინამდვილეში. ასე რომ, ღირს კი ზედმეტად თავის შეწუხება?
რაც შეეხება რჩევების მოსმენას, კი ბატონო, მაგრამ ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, თქვენ მაგივრად გადაწყვიტონ, როგორ უნდა იცხოვროთ.
2. მრისხანება და წყენა
მრისხანება შიგნიდან გჭამთ, ასე რომ, ისწავლეთ მათთან შერიგება, ვინც გაცოფებთ. ეს არ ნიშნავს, რომ სხვებს თქვენი გამოყენების ნება დართოთ. გახსოვდეთ, რომ ის, ვინც გაცოფებთ, გაკონტროლებთ კიდეც.
ზოგიერთი ადამიანი ნუგბარი კერძივით უსინჯავს გემოს თავის წყენას, ამას კი კარგი არაფერი მოჰყვება. ეს გრძნობები ზიანს აყენებს არა იმას, ვისზედაც ნაწყენი ხართ ან ბრაზობთ, არამედ მხოლოდ თქვენ.
3. იდეალური სხეული
რამდენად იზიარებთ სილამაზის ინდუსტრიის კარნახს, თქვენი ახლობლებისა და მეგობრების შეხედულებებს? თქვენი სხეული ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, რაც ნამდვილად თქვენ გეკუთვნით და სხვამ ვინ უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს იგი?
4. იდეალური პარტნიორი
იდეალური პარტნიორი არ არსებობს, ამის იმედი ნუ გექნებათ. კითხვაზე - ''რა თვისებები უნდა ჰქონდეს პარტნიორს, რათა ბედნიერი იყოთ?'' - ნებისმიერი ადამიანი ერთსა და იმავეს გიპასუხებთ: იგი მთელი გულით უნდა გიყვარდეთ, მის გვერდით მშვიდად და კომფორტულად უნდა გრძნობდეთ თავს და კიდევ, მან ისეთი უნდა მიგიღოთ, როგორიც სინამდვილეში ბრძანდებით. თუ პირველი ორი პოზიციის მიღწევა მოხერხდება, ეს ძალზე კარგია: თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ. ამ შემთხვევაში მესამე პუნქტი ურთიერთშეთანხმებით როგორმე გადაწყდება. ამასთან, ნურც იმაზე მეტის მოლოდინი გექნებათ, რისი მოცემაც მას შეუძლია.
გახსოვდეთ, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ არის ქვეყნად ერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება, თქვენთვის გახდეს იდეალური.
5. იდეალური ცხოვრება
ისევე, როგორც არ არსებობს იდეალური პარტნიორი, არ არსებობს იდეალური ცხოვრებაც. ცხოვრება ის არის, რასაც მასში დებთ. ასე რომ, თუ მზად არა ხართ, ამისთვის სერიოზულად იშრომოთ და შე-საბამისი ძალისხმევა გასწიოთ, მაშასადამე, თქვენ თავად ირჩევთ უიღბლობას.
თავად შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი სამყარო - უმშვენიერესი ყველა სამყაროს შორის.
6. თქვენ გამდიდრებას აპირებთ
უამრავი ადამიანი იმ ფიქრით ამთავრებს სიცოცხლეს, რომ შეეძლო, მილიონერი გამხდარიყო. ეს, არსებითად, ცუდი მიზანი არ გახლავთ, თუმცა მისთვის ძალზე ბევრი უნდა ვიშრომოთ. გარდა ამისა, ფული თვითმიზნად არ უნდა ვაქციოთ, თქვენ ხომ მასში ბანაობას არ აპირებთ.
მთავარია, ისეთ სამუშაოს მიაგნოთ, რაც თქვენს ვნებად და საკუთარი შესაძლებლობის ბოლომდე გამოყენების საშუალებად იქცევა. და მაშინ ფულიც მოვა…
7. წარმატება ზურგს არ შეგექცევთ
არ ღირს ლოდინი, როდის მოგიკაკუნებთ კარზე წარმატება, თუმცა ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს. წარმატება არასოდეს მოვა, თუ მას მხოლოდ ელოდებით და ამისათვის არაფერს აკეთებთ.
8. ფიქრები ყოფილთა შესახებ
თქვენ დაშორდით… ნებისმიერ შემთხვევაში ამისთვის მიზეზი არსებობდა. ყოფილთა გახსენებისას იფიქრეთ არა ადამიანზე, არამედ მხოლოდ იმ გაკვეთილებზე, რაც ცხოვრებამ ჩაგიტარათ, იმის შესახებ, რა მიიღეთ კარგი თქვენი ურთიერთობიდან. ზედმეტი განცდები ყოფილი პარტნიორის მიმართ მხოლოდ დაანგრევს ახალ ურთიერთობებს.
9. სიჯიუტე
ძნელია აღიაროთ, რომ რაღაც შეგეშალათ, თუმცა, თავის მართლების ნაცვლად, ჯობს, ეს უბრალოდ ფაქტად მიიღოთ. რაც უფრო ადვილად აღიარებთ შეცდომებს, მით უფრო მომზადებული შეხვდებით ყო-ველგვარ სიახლეს.
10. დღეს იწყება ხვალინდელი დღე
თავი დაანებეთ ხვალისთვის იმის გადადებას, რაც დღესვე შეიძლება გაკეთდეს. თუ თქვენ გამუდმებით გადადებთ საქმეს, დაფიქრდით, ღირს კი საერთოდ მისი გაკეთება? იქნებ, ის არც გჭირდებათ? ხოლო თუ საჭიროა, მაშინ საქმეს ახლავე შეუდექით - ხვალისთვის გამუდმებული გადადება მხოლოდ დანაშაულის გრძნობასა და სტრესს მოგიტანთ, რატომ უნდა დაიტანჯოთ ასე თავი?
11. ნეგატივი
ყველაფერი, რაც აზრებისა და სიტყვების სახით თქვენი თავიდან გამოდის, რეალობის სახით უკანვე ბრუნდება. ასე რომ, შეცვალეთ თქვენი ცხოვრებისეული კრედო ასეთი ფორმულით - ''ყველაფერი კარგად იქნება''. არაფერია შეუძლებელი იმ ადამიანისთვის, რომელსაც ეს სწამს. ნუ გექნებათ ილუზია, თითქოს თქვენი ბედნიერება სხვას უპყრია: ის მხოლოდ თქვენს ხელთაა.
12. ნურავის განსჯით
რატომ არის ყველასთვის ასე მნიშვნელოვანი, როგორ მიდის სხვა ადამიანთა საქმეები? დაფიქრდით, რამდენ დროს ვახმართ სხვების განსჯასა და განკითხვას, ისევე როგორც სხვები - ჩვენსას.
სამყარო - ჩვენი აზრების პროექციაა, ზუსტად ვიცით, რომ ყველა ჩვენს განსჯაშია, რადგან ჩვენც იმავეს ვაკეთებთ. იქმნება მანკიერი წრე: თქვენ ვერ შეძლებთ, შეასრულოთ რჩევა #1, ანუ ზედმეტად არ იმტვრიოთ თავი იმაზე დარდით, რას იფიქრებენ თქვენზე, თუკი არ დაანებებთ თავს სხვა ადამიანთა განკითხვას.
უბრალოდ, გახსოვდეთ: არასოდეს არავინ იცის, როგორ მოიქცეოდა სხვის ადგილზე. თავში ყველას თავისი პეპლები ჰყავს, ხოლო ცხოვრებაში - თავისი გარემოებები (პეპლებით განპირობებული), ასე რომ, ამ საქმეზე დროის დაკარგვა წყლის ნაყვას ჰგავს.
13. შური
ბედნიერება როდია, გქონდეს ის, რაც გვსურს, ბედნიერებაა, როდესაც გინდოდეს ის, რაც უკვე გაქვს.
როდესაც შური მოგეძალებათ, გაიფიქრეთ: ''მინდა თუ არა, ის ადამიანი ვიყო, ვისიც მშურს?'' ალბათ არა, თქვენ ხომ საკუთარი თავი გიყვართ. თქვენ უცხო ცხოვრებას შესცქერით, რასაც არ იცნობთ, წარმოდგენაც არა გაქვთ, რას განიცდის ეს ადამიანი. იქნებ, იმ მომენტში, როდესაც თავისი კერძო სახლის აუზში ჭყუმპალაობს, სძულს საკუთარი თავი ან რაღაცის საშინლად ეშინია? იქნებ, მზიან ამინდში ტყეში სეირნობისას თქვენ გაცილებით მეტ სიამოვნებას იღებთ, ვიდრე ის, ვინც მალდივების ქათქათა ქვიშაზე ნებივრობს?
საერთოდ, კმარა სხვებისკენ ყურება. თუ თავს კარგად გრძნობთ, ე.ი. ყველაფერი სწორადაა, თუ არა - მაშინ ისე გააკეთეთ, რომ ყველაფერი კარგად იყოს.
14. წარსული
წარსულით ცხოვრება აწმყოს დამარხვას ნიშნავს. იყო შეცდომები, მერე რა, ვის არ ჰქონია? თქვენს მოგონებებს მდიდრული დაკრძალვა მოუწყვეთ, გახსოვდეთ მხოლოდ გაკვეთილები, რაც წარსულისგან გამოიტანეთ და განაგრძეთ ცხოვრება.
15. მოლოდინი
თუ არაფერს ელოდებით, იმედიც არასოდეს გაგიცრუვდებათ.
ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ თუ ასე და ამგვარად ვიქცევით, მაშინ სხვა ადამიანებიც ასევე უნდა მოიქცნენ. ეს სიბრიყვეა. თქვენი არავის არაფერი მართებს, ისევე, როგორც თქვენ არავისი არაფერი გმართებთ.
რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუკი ყველაფერი იდეალური, მომხიბლავი, სასიამოვნო, დაუვიწყარი იქნება. თუ ასე მოხდება, ჩინებულია, თუკი არა - გული ნუ დაგწყდებათ, მზად იყავით იმ ყველაფრის მისაღებად, რასაც ცხოვრება გიგზავნით და გახდით, ბოლოს და ბოლოს, ბედნიერი.
პაატა გეგელაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''