2007 წელს ანდრეი კარპოვს ფული გაუთავდა, ზუსტად პოკერის თამაშის დროს. თუმცა იმდენად უნდოდა თამაშის გაგრძელება, ბევრი არ უფიქრია და თავისი ცოლი ტატიანა ''დადო ფსონზე''. მის სამწუხაროდ, მან ცოლიც წააგო. თუმცა ტატიანასაც ბევრი არ უდარდია - გამარჯვებულ სერგეის
1996 წელს ბრაიან ზემბეკმა ასევე პოკერის თამაშის დროს ნაძლევი დადო მეგობრებთან, რომ მკერდის იმპლანტებს ჩაიდებდა და ერთი წელი ივლიდა ასე. თუ ასე იზამდა, 100 ათას დოლარს მიიღებდა სანაცვლოდ. მართლაც მოიგო ნაძლევი - იპოვა ქირურგი, მისნაირი აზარ-ტული ადამიანი - ექიმს ნარდი ეთამაშა და 4500 დოლარის ღირებულების ოპერაცია ''მოუგო''. ასე, უფასოდ გაიკეთა ოპერაცია. მოგებული თანხაც მიიღო, თუმცა იმპლანტები აღარ ამოუღია. მას მერე 18 წელი გავიდა და ისევ იმ მკერდით დადის. ამბობს, რომ მიეჩვია და თან ეშინია კიდევ ერთი ოპერაციის. მით უმეტეს, მკერდი დისკომფორტს არ უქმნის მის ცოლ-შვილს, ეგ კი არა, დამატებითი შემოსავლების წყაროც არის - სხვადასხვა შოუსა თუ გადაღებაში მონაწი-ლეობისთვის ''მკერდოსან'' ბრაიანს კარგ ფულს სთავაზობენ.
ჯონ გრანტი საფეხბურთო გუნდ ''ჩიკაგო ბეარსის'' ფანი იყო, მისი ცოლი ნიკოლი - ''გრენ ბეი პეკერსის''. ერთ ჩვეულებრივ დღეს ბარში ერთად უყურებდნენ საფეხბურთო თამაშს და თან სვამდნენ. მერე კი ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, ნაძლევი დაედო - რომლის გუნდიც წააგებდა, მას ელექტროძაბვის რამდენიმე დარტყმისთვის უნდა გაეძლო. ნიკოლის გუნდმა წააგო და წყვილმა გადაწყვიტა, იქვე, ბართან ახლოს კუთხეში შეესრულებინათ ნაძლევის პირობა. როცა ქმარმა პირველად დაარტყა ელექტროძაბვის აპარატით, ნიკოლს გაეცინა, მაგრამ შემდეგი დარტყმები უკვე ძლიერი აღმოჩნდა და პოლიცია გამოიძახა. იმ ღამეს მისი ქმარი დააპატიმრეს - ელექტროძაბვის აპარატის ულიცენზიოდ ტარებისთვის. მერე კი უცნაური წყვილი საერთოდაც დაშორდა ერთმანეთს.
2010 წელს დამწყები რეპერი ჯონ ''ფეტბოი'' პაუელი ერთ-ერთ ოჯახურ წვეულებაზე გამოდიოდა ილინოისის შტატის პატარა ქალაქში. მან ერთი შეხედვით სახალისო ნაძლევი დადო - წვეულებაზე მყოფი ნებისმიერი გოგონასგან სახეში დარტყმას გავუძლებო. მისი გამოწვევა 22 წლის ტიფანი სტარცმა მიიღო. მან ბიჭს სახეში სთხლიშა. რეპერი ერთი ნაბიჯით უკან გადგა, შესძახა: ''ვა, მაგარი დარტყმაა'', და იატაკზე დაეცა. საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, უკვე გვიანი იყო - ექიმების დასკვნით, კისრის არტერია გაუწყდა, რამაც თავის ტვინის ტრავმა გამოიწვია. რეპერი გარდაიცვალა, სტარცი კი სასამართლოს წინაშე წარდგა. მან დანაშაული აღიარა, მაგრამ ყველა პუნქტით გაამართლეს.
2007 წელს მსახიობი სტივენ ბოლდუინი (ალეკ ბოლდუინის ძმა) პოპვარსკვლავ მაილი საირუსს შეხვდა თეთრ სახლში სადილობისას. ბოლდუინს მაშინ სამსახური არ ჰქონდა. სიამოვნებით წარუდგა ტელესერიალ ''ჰანა მონტანას'' ახალგაზრდა ვარსკვლავს და დაენაძლევა, თუ მაილის პერსონაჟ ჰანა მონტანას ინიციალებს ხელზე ამოისვირინგებდა, მაილის მისთვის თავის ტელეშოუში როლი უნდა მიეცა. სტივენმა მართლაც გაიკეთა ტატუ HM. მართალია, სერიალი ისე მოხსნეს ეთერიდან, სტივენი იქ არასდროს გამოჩენილა, თუმცა მაილისთან მეგობრობა მაინც შეინარჩუნა და მალე სამსახურიც იშოვა, ოღონდ - სხვა შოუში.
1970-იანი წლების შუალედში სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმები არც ისე პოპულარული იყო. ჯორჯ ლუკასი გადაღებების დროს ძალიან ნერვიულობდა, იქნებოდა თუ არა წარმატებული მისი პირველი ''ვარსკვლავური ომები''. ერთხელ გადასაღებ მოედანზე სტივენ სპილბერგს ესტუმრა, რომელიც მაშინ იღებდა ''მესამე ხარისხის ახლო კონტაქტებს''. ლუკასმა გადახედა სიტუაციას და გამოაცხადა, რომ მისი ფილმი უკეთესი გამოდიოდა. სპილბერგი არ დაეთანხმა და ნაძლევი შესთავაზა: ვისაც მეტი ფული შეუვიდოდა გაქირავებიდან, ის უფრო ნაკლებად იღბლიან კოლეგას შემოსავლის 2,5%-ს გადაუხდიდა. სპილბერგის ''ახლო კონტაქტები'' ნამდვილად იქცა ჰიტად, 303 მლნ დოლარიც იშოვა გაქირავებაში. მაგრამ ლუკასის ''ვარსკვლავური ომები'' ყველა დროისა და ხალხის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სურათი გახდა. სპილბერგის თქმით, ლუკასი დღესაც უგზავნის ფულს ნაძლევის პირობის თანახმად - სარისკო თამაშმა სპილბერგის წისქვილზე დაასხა წყალი, რასაკვირველია, ფინანსურად.
ცნობილმა ამერიკელმა კალათბურთელმა შაკილ ო"ნილმა თავის ერთ-ერთ მწვრთნელთან დადო ნაძლევი, რომ წინასწარი ჩაწერის გარეშე შევიდოდა თეთრ სახლში, ობამასთან სტუმრად - უბრალოდ, ჭიშკართან დააყენებდა მანქანას და დაცვას გვერდს აუვლიდა. ნაძლევის პირობების თანახმად, კალათბურთელს არავისთვის არ უნდა დაერეკა (ეს იმიტომ, რომ შაკილმა აღიარა, თეთრი სახლის დაცვაში მეგობრები მყავსო), არ გაემჟღავნებინა ვინაობა და არც ძალა გამოეყენებინა. წაგებულს ათასი აზიდვა უნდა გაეკეთებინა.
ვაშინგტონში გამგზავრების წინ შაკილმა მწვრთნელს დაუტოვა ტელეფონი, ტაქსი დაიჭირა და ობამას რეზიდენციის შტურმისთვის მოემზადა. ''მათ მიცნეს, - თქვა მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას, - მითხრეს: ''სალამი, შაკ! გვიხარია შენი ნახვა, მაგრამ ვერ შეგიშვებთ''. მე მათ ვუპასუხე: ''ოქეი, მესმის''.
კალათბურთის ვარსკვლავი ამტკიცებდა, რომ მართლა არ სწყენია. თუმცა იმავე დღეს ''ტვიტერში'' დაწერა: ''ეს-ესაა, თეთრ სახლში არ შემიშვეს. რატოოოოოომ?'' ადვილი მისახვედრია, რომ შაკილს ათასჯერ მოუწია აზიდვამ - ოღონდ მწვრთნელს შეეცოდა და წაგებული აზიდვები რამდენიმე დღეზე გაუნაწილა.
18 წლის ნორვეგიელმა სტიან იტერდალმა მეგობრებთან ნაძლევის გამო ხელზე ყველაზე სუ-ლელური ტატუ გაიკეთა - მისი ტატუ ზუსტი ასლია იმ ქვითრისა, რომელიც ''მაკდონალდსში'' წახემსებისა და ფულის გადახდის შემდეგ მეგობრებმა მიიღეს. ნაძლევის თანახმად, მას ან ბარბის გამოსახულება უნდა დაეტანა თეძოზე, ან ქვითრისა - ხელზე. ბიჭმა მეორე ვარიანტი არჩია.
ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის საქციელი იყო. ''ვირჯინის'' მეთაურმა წაგებული ნაძლევის გამო ფეხები გაიპარსა, სახე შეიღება და ერთ-ერთ რეისზე სტიუარდესად იმუშავა. რიჩარდ ბრენსონს კიდევ ერთ ბიზნესმენთან, ''ფორმულა-1''-ში ერთ-ერთი გუნდის მფლობელ ტონი ფერნანდესთან 2010 წელს დაუდია ნაძლევი - მაშინ ბრენსონს ''ფორმულა-1''-ის გუნდი ჰყავდა. ნაძლევის თანახმად, რომლის გუნდიც წააგებდა, მას ერთი დღე სტიუარდესად უნდა ემუშავა მოგებულის ავიაკომპანიის თვითმფრინავზე - ორივე ბიზნესმენს აქვს საკუთარი ავიაკომპანია.
ბრენსონის გუნდმა წააგო და ერთხელაც მას ნაძლევი უნდა შეესრულებინა. ეს დღე 2013 წლის 12 მაისს დადგა - ბრენსონმა ჟურნალისტებიც დაპატიჟა და შესანიშნავი შოუ გამოუვიდა.
რუმინული ქალაქ ბაკეუს მცხოვრებმა 25 წლის რადუ კალინჩესკუმ ნაძლევზე ჩანგალი გადაყლაპა. რასაკვირველია, საავადმყოფოში მოხვდა და ძლივს გადაარჩინეს. მოგვიანებით თქვა, რომ ნაძლევის დადების დროს მთვრალი იყო და არაფერი ახსოვდა.
ერთ-ერთ ლონდონურ ღამის კლუბში რუსმა მილიონერებმა მოაწყვეს ''საფულეების ბრძოლა'' და დაწესებულების სხვა სტუმრები ''გულუხვობით'' გააოგნეს. ორმა ახალგაზრდა მილიონერმა ყველაზე ძვირად ღირებული სასმელი და საკვები შეუკვეთა. შედეგად, გამარჯვებულის ანგარიში იყო 66 778 გირვანქა სტერლინგი, მისი მეტოქის - 64 279 გირვანქა სტერლინგი. რასაკვირველია, ამდენი სასმელი ვერ დალიეს და ნახევარზე მეტი ან დანარჩენ სტუმრებს გაუნაწილეს, ან იქვე დატოვეს. მათთვის მთავარი იყო, ვინ მეტს დახარჯავდა და ასე დაანიავეს უამრავი ფული.
ფრანგი წამყვანი დორია ტილერი უკვე ცნობილია თავისი სკანდალური გამოსვლებით. ბოლო შემთხვევა ყველაზე გახმაურებული იყო - საფრანგეთისა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრამდე გამოაცხადა, რომ თუ ფრანგები გაიმარჯვებდნენ და მსოფლიო თასზე გავიდოდნენ, სრულიად შიშველი წაიყვანდა შემდეგ გადაცემას. მართლაც, საფრანგეთმა გაიმარჯვა და ტილერს პირობის შესრულება მოუხდა. 2013 წლის 20 ნოემბერს ექსმოდელი და პოპულარული წამყვანი მართლაც გაშიშვლდა და ისე წაიყვანა გადაცემა, ოღონდაც - შორი ხედიდან.
ჟურნალი ''რეიტინგი''