ყოველთვის დამნაშავე
ცოლ-ქმარი ზოგჯერ ყველაზე ბედნიერ ოჯახებშიც კი კამათობენ. ასეთ დროს, როგორც წესი, ქალების უმრავლესობა დედასთან მიდის. კუნძულ ალაუზე თუ უთანხმოება ცოლის ბრალია, მაინც ქმარს სჯიან. გაქცეული ცოლის
ამ კუნძულზე მამაკაცები დისკრიმინაციას განიცდიან, მათ განსაკუთრებულად მკაცრად სჯიან. თუ ცოლს უღალატა და დანაშაულის ადგილზე წაასწრეს, ცოლს ღალატის გამოსასყიდი უნდა გადაუხადოს, თუ ქალი უღალატებს ქმარს, მას ამისთვის არაფრის გადახდა არ მოუწევს.
მონა
ინდოეთის ქალაქ ლადარქსში თითოეულ ქალს სამი-ოთხი ქმარი ჰყავს. ისინი სამეურნეო საქმეებს ასრულებენ. საკმარისია, ცოლს რაიმე არ მოეწონოს და ნებისმიერს ადგილობრივ მონასტერში გაამწესებს.
დღემდე სუმატრის ტყეებში არსებობენ ტომები, სადაც ყველაფერს ქალი მართავს. ქმრები მათი ნამდვილი მონები არიან. ისინი ცალკე, მშობლებთან ცხოვრობენ და ქალებს მთლიანად ემორჩილებიან. მათ ქალთან თვეში ერთხელ, მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მისვლა, როდესაც ცოლი ინებებს და დაუძახებს.
კონსტიტუციური ქმარი
ჰავაის კუნძულებზე არცთუ დიდი ხნის წინ ე.წ. კონსტიტუციური ქმრები არსებობდნენ. ისინი უცნაურ მდგომარეობაში იყვნენ _ ოჯახში მეფობდნენ, მაგრამ მას არ მართავდნენ. ცოლებს ნებისმიერ მამაკაცთან შეეძლოთ ურთიერთობა და ბავშვის გაჩენა. კონსტიტუციური ქმრები ვალდებულნი იყვნენ, ეშვილათ ის ბავშვები, რომლებიც ცოლს სხვასთან შეეძინებოდა.
ცოლის კალთას ამოფარებულნი
წყნარი ოკეანის ერთ კუნძულზე სანქსენგიტების ტომი ცხოვრობს. როდესაც ოჯახში კონფლიქტი ხდება, ცოლები ქმრებს ჯოხით ან წვრილი ქამრებით სცემენ. ამ დროს ქმარი თავის დაცვას არ უნდა შეეცადოს და არც ხელი უნდა შეუბრუნოს. სანქსენგიტების აზრით, თავზე ლაფდასხმულად ითვლება მამაკაცი, რომელიც ცოლს თუნდაც თავის დასაცავად დაარტყამს. მან ღირსეულად უნდა აიტანოს ტკივილები.
განდევნილები
ბრაზილიის ჯუნგლებში ორი ტომი ცხოვრობს, რომლებიც მხოლოდ ქალებისა და ბავშვებისგან შედგება. ქმრები ოჯახიდან განდევნილები არიან და სოფლიდან საკმაოდ შორს ცხოვრობენ. მათ ცოლების მონახულება წელიწადში ერთხელ, თებერვალში შეუძლიათ და მათთან მხოლოდ ორი კვირა რჩებიან.
უგზო-უკვლოდ დაკარგულები
სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად აშშ-ში 850 ათასი ამერიკელი ტოვებს ცოლს. ისინი უგზო-უკვლოდ იკარგებიან. ყოველი ასიდან ორ შემთხვევაში მიზეზი სხვა ქალია. დანარჩენ შემთხვევაში მამაკაცებს დამოუკიდებლობა ენატრებათ და ცხოვრების თავიდან დაწყება სურთ. ნიუ-იორკის პოლიციის მონაცემებით, ყოველწლიურად მხოლოდ ამ ქალაქში 17 ათასი განცხადება შეაქვთ ქალებს, რომლებიც გამქრალ ქმრებს ეძებენ.
დაჩაგრულები
დიდ ბრიტანეთში ბევრი უცნაური გაერთიანება არსებობს. ერთ-ერთია იმ მამაკაცთა კლუბი, რომლებსაც ცოლები აბუჩად იგდებენ. ამ კლუბის მორიგ ყრილობაზე იორკშირში ბევრი დელეგატი არ გამოცხადდა. მათ ბარათები გააგზავნეს, სადაც დაუსწრებლობის მიზეზი დაასახელეს. ეს მიზეზი ასაკოვანი კაცებისთვის საკმაოდ უცნაურია. აღმოჩნდა, რომ ისინი ყრილობაზე ცოლებმა არ გაუშვეს.
ინგლისის პატარა ქალაქ სუინდონში ბრიტანეთში პირველი დაჩაგრული ქმრების თავშესაფარი შეიქმნა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამგვარი თავშესაფრის შექმნა აუცილებელი იყო, რადგან ბევრი ცოლი `მეტად აგრესიული ქმნილებაა~ და ნამდვილად ჩაგრავს ქმარს.
ლაჩრები
ესპანეთის ქალაქ სარაგოსაში 1227 წლიდან აღნიშნავენ უცნაურ დღესასწაულს. ამ დღეს ქალები ქუჩაში მსვლელობებს აწყობენ და მამაკაცის ფიტულებს წვავენ, მამაკაცები კი სახლში სხედან, ბავშვებს უვლიან, კერძებს ამზადებენ და სხვა საოჯახო საქმეებს აგვარებენ. ცოლები მათ მხოლოდ გვიან ღამით აძლევენ ლუდხანაში წასვლის უფლებას.
ეს უჩვეულო დღესასწაული მეფე ალფონსომ მას შემდეგ დააწესა, რაც ქალებმა ციხესიმაგრის დაბრუნებისას უჩვეულო სიმამაცე გამოიჩინეს. ეს ციხესიმაგრე დამპყრობლებს ჰქონდათ ხელში ჩაგდებული. მამაკაცების საქციელი, რბილად რომ ვთქვათ, არავაჟკაცური იყო. ისინი ალყის დროს ქალების ზურგს უკან იმალებოდნენ.
ბადეში მოყოლილები
შვეიცარიის ორ სოფელში, ფარვანგსა და მაისტერშვადენში, ყოველწლიურად ოთხი დღე ქალებისაა. თურმე საუკუნეების წინ ბრძოლის დროს ქალებმა მოასწრეს ქმრებს დახმარებოდნენ და ამის წყალობით მათ ბრძოლაში გაიმარჯვეს. მას შემდეგ ქალებს დიდი პრივილეგია აქვთ. შეუძლიათ, სპეციალური გეგმა შეადგინონ და ოთხი დღის განმავლობაში მამაკაცმა მათ ნებისმიერი სურვილი უნდა შეუსრულოს.
დღესასწაულის პირველ დღეს ისინი მამაკაცებზე ნადირობას აწყობენ. სოფლის ქუჩებში ბადეებს ისვრიან. ვინც ამ ბადეში მოხვდება, თავი უნდა გამოისყიდოს. მას მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლებენ.