ღორის გრიპი - 2009 წელს აშშ-ში, კალიფორნიაში, წარმოშობით მექსიკელმა მოზარდმა სამკურნალო დაწესებულებას გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებით მიმართა. მას ჩაუტარდა ტესტირება და ადგილობრივმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ეს იყო A ტიპის ვირუსი. ადგილზე მისი ქვეტიპის დადგენა ვერ მოხერხდა და მასალა შემდგომი დიაგნოსტიკისთვის გადაეგზავნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს. იქ მოხდა ვირუსის გენების შესწავლა და როდესაც მეცნიერებმა პირველად შეხედეს გენომს, ის აშშ-ში ღორებში გავრცელებული გრიპის გენომს მიამსგავსეს. შემდეგ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი საშუალება სეზონური გრიპის ვაქცინით აცრაა. ვაქცინაცია ეფექტურია გრიპის სეზონის დაწყებამდე, ამიტომაც იწყება ოქტომბერ-ნოემბერში გრიპის ვაქცინაციის პროპაგანდა.
ყვავილი — მომაკვდინებელი დაავადება, რომელიც მსოფლიომ 1977 წელს საბოლოოდ დაამარცხა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, იმ ადამიანთა 30%-ზე მეტი, რომელთაც ყვავილი შეხვდათ, გარდაიცვალა. დაავადებას მაღალი ტემპერატურა და ჩირქოვანი გამონაყარი ახასიათებს. მოიაზრებენ, რომ ყვავილი გაჩნდა ძველი ეგვიპტური მუმიებისგან და ინდოეთში ის ეგვიპტელმა ვაჭრებმა ჩაიტანეს, სადაც დაავადებამ 2000 წელზე მეტ ხანს დაჰყო. 19-20 საუკუნეებში კი წარმატებულმა ვაქცინაციამ დადებითი შედეგი გამოიღო და ის სამუდამოდ გაანადგურეს. მაშასადამე, ყვავილი ერთადერთი დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც მთლიანად განადგურდა.
ისპანკა 1918-1920 წლებში ესპანეთიდან წამოსული გრიპის უდიდესი პანდემიაა, რომელმაც ოფიციალურად 20 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა რიცხვზე ორჯერ მეტია. დღემდე ცნობილ ვირუსებს შორის ისპანკას გამომწვევი ყველაზე დაუნდობელი, მასშტაბური და მრისხანე აღმოჩნდა. შემოდგომის მიწურულს და ზამთრის დამდეგს, როდესაც ესპანეთში გრიპის რამდენიმე შემთხვევა აღინიშნა, არავის გაჰკვირვებია - ზამთარი სურდოსა და სიცხის გარეშე ხომ არც არსებობს, მაგრამ ვირუსი განსაკუთრებული აღმოჩნდა... პირველი გარდაცვლილები ბავშვები და ქალები იყვნენ, ისინი უმთავრესად ფილტვების ანთებით, მენინგოენცეფალიტითა და ტვინის შეშუპებით იღუპებოდნენ. ესპანეთში მალე კარანტინი გამოცხადდა, დაწესდა მკაცრი კონტროლი საზღვრებსა და ქვეყანაში შემომავალ-გამავალ მგზავრებზე, მაგრამ უკვე გვიანი იყო - გრიპის ვირუსი მეზობელ ქვეყნებსაც მოედო. ესპანეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობა პირბადეებით დადიოდა, ჯიბით ხახვსა და ნიორს ატარებდა, დაავადებულთა ჭურჭლისა და ტანსაცმლის იზოლაცია და დეზინფექცია ყოველდღიურ აუცილებლობად იქცა, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს - ვირუსმა 2 წელიწადში დედამიწის მოსახლეობის 70% მოიცვა. მომაკვდინებელი ვირუსი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ქალებს ერჩოდა, განსაკუთრებით მათ, ვისაც მიზეზთა გამო დასუსტებული ჰქონდა ორგანიზმის დამცავი ძალები, შინაგანად დათრგუნული და დეპრესიული იყო. ისპანკა დაუნდობლად ანადგურებდა ფაბრიკა-ქარხნების მუშებს, რომლებიც დღეში 10-12 საათს შრომობდნენ და მძიმე ფიზიკური შრომისგან ისედაც ძლივს იდგნენ ფეხზე. უკანასკნელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ისპანკას პანდემიის დროს დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა რეალურზე ორჯერ ნაკლებია. რეალურად, მსხვერპლთა რიცხვი 40-50 მილიონს აღწევს.
შავი ჭირი - მსოფლიო შავი ჭირის სამმა ეპიდემიამ შეძრა, რომელთაგან ორმა დიდი ზეგავლენა იქონია კაცობრიობის ისტორიაზე. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სწორედ პირველმა პანდემიამ გამოიწვია ბიზანტიის დაცემა. მეორე პანდემიამ მძლავრი დარტყმა მიაყენა ფეოდალურ წყობას და შეცვალა ევროპელების გენოფონდი. მას შემდეგ, რაც ფრანგმა ბაქტერიოლოგმა ალექსანდრ იერსინმა აღმოაჩინა შავი ჭირის ჩხირი, გამოჩნდა ვაქცინებიც. რატომ ვერ მოხდა ამ დაავადების ლიკვიდაცია, როგორც ყვავილის? ყვავილის ლიკვიდაციისთვის საკმარისი იყო ადამიანების აცრა, ხოლო შავი ჭირის შემთხვევაში, ბუნებრივ რეზერვუარს წარმოადგენს მღრღნელები, ხოლო გადამტანებს - ტილები.
ბუნებაში ახლაც არის ჭირის ბაცილის რეზერვუარები. პერიოდულად, სხვადასხვა ქვეყანაში ხდება დაავადების მცირე აფეთქება. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ბაქტერიამ შეიძლება მუტაცია განიცადოს და ისევ გამოიწვიოს ეპიდემია, თუმცა, დიდ მასშტაბებს ვერ მიაღწევს, რომ სიკვიდილიანობა მაღალი იყოს. დღეისათვის არსებული ეფექტური ანტიბიოტიკებით შავი ჭირი განკურნებად დაავადებად ითვლება.
ქოლერა - ამ დაავადებას ადამიანის მოკვლა რამოდენიმე საათში შეუძლია. მისი სამშობლო ინდოეთია. 1816 წლიდან ქოლერას ვიბრიონი ევროპასა და ამერიკაშიც გავრცელდა და 100 წლის განმავლობაში ექვსი პანდემიის გამოწვევა შეძლო. 1961 წელს აღინიშნა მეშვიდე პანდემია.
1854 წელს აღმოაჩინეს ქოლერას ვიბრიონი. სულ მალე გამოჩნდა პირველი აცრებიც. 1854 წელს ექიმმა ჯონ სნოუმ დაუკავშირა დასნებოვნება უხარისხო სასმელ წყალს. დიდ ქალაქებში სერიოზული ინვესტიციები განხორციელდა წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემის მოდერნიზაციისთვის.
ქოლერა მაინც გვხვდება განვითარებად ქვეყნებში, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიონი შემთხვევა რეგისტრირდება. დროული მკურნალობისას, სიკვდილიანობა არა უმეტეს 1 პროცენტია.