- ჩემი ძმა და რძალი ავტოკატასტოფაში დაიღუპნენ. მათი შვილი გადარჩა, ბავშვს მხოლოდ მსუბუქი ტვინის შერყევა ჰქონდა. დაობლებულს მარტო მე დავრჩი. მაშინ გია 2 წლისაც არ იყო. შვილზე ყოველთვის ვოცნებობდი, გათხოვილი არ ვყოფილვარ და ამიტომ გადავწყვიტე გია მეშვილა. ჩემი
- მეხუთე კლასის მოსწავლეს ასეთი რა სისასტიკე უნდა ჩაედინა?..
- კატას ბენზინი გადაასხა და დაწვა!.. ეს ნორმალური საქციელია?! ჯერ კატებით დაიწყო. კვირაში ერთ კატას მაინც კლავდა. პირველი ხომ დაწვა, მეორე ჩამოახრჩო, მესამეს კუდი მოაჭრა, ძაღლს კი თავში ქვა ესროლა. დარეტიანებილი ცხოველი რომ წაქცეულა, მისულა და ჯერ ქვით დაუჩეჩქავს თავი, მერე კი თვალები დაუთხრია... სკოლაშიც მასწავლებლებმა მისაყვედურეს, გაზარმაზდა და გაუხეშდაო. მეგობრების მიმართ აგრესიული გახდა, ბავშვებს სცემდა.
- მასთან დალაპარაკება არ გიცდიათ?
- როგორ არა?! ისიც კი ვუთხარი, შენ თუ ნიკაზე ბრაზდები, საერთოდ არ გავთხოვდები-მეთქი. როცა ველაპარაკებოდი, უხმოდ იჯდა და არაფერს ამბობდა, მერე ისეთი უცოდველი თვალებით ამომხედა, ვერ იფიქრებდით, თუ ამ თვალების პატრონს ასეთი სისასტიკის ჩადენა შეეძლო...
- გათხოვება გადაიფიქრეთ?
- დიახ, ნიკას უარი ვუთხარი და მას შემდეგ აღარც გამოჩენილა.
- ამან გია დაამშვიდა?
- არა, პირიქით. მერე მივხვდი, რომ ჩემი გათხოვება-არგათხოვება არ იყო მისი გარდასახვის მიზეზი. ეტყობა, მასში იდო ეს სისასტიკე და ადრე თუ გვიან, მაინც გამოავლენდა. მერვე კლასში იყო, თავისზე 3 წლით უფროსი ბიჭი რომ დაჭრა. საწყალს სხეულზე რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, ძირს დაცემულს ისე დაუზოგავად ურტყამდა დანას, თითქოს მის წინ ადამიანი კი არა, უსულო საგანი ეგდოო. რა თქმა უნდა, გია დაიჭირეს... მისი დახსნა დიდი თანხა დამიჯდა. ამ ამბის შემდეგ ცოტა დამშვიდდა, მაგრამ სკოლაში სიარულზე უარი განაცხადა. ერთადერთი დადებითი თვისება ის ჰქონდა და დღემდე აქვს, რომ უზომოდ ბევრს კითხულობს. სათავგადასავლო ლიტერატურით დაიწყო, პოეზიაზე გადავიდა და ბოლოს უკვე სამეცნიერო ლიტერატურას რუსულ ენაზე კითხულობდა. მისი რთული ხასიათის გამო, სკოლაში სიარული აღარ დამიძალებია.
- სხვა რა ინტერესები ჰქონდა? მეგობრები ჰყავდა?
- ხომ გეუბნებით, სულ კითხულობდა და სახლიდან იშვიათად გადიოდა. უბნის ბიჭებთან ''ბირჟაობით'' თავს არ იკლავდა. ჩვენს ეზოში ბევრი ნარკომანი ცხოვრობდა, მაგრამ გია მათ არ ეკარებოდა. ის კი არა, სიგარეტსაც არ ეწეოდა. სიმართლე გითხრათ, მეც ნელ-ნელა დავმშვიდდი. ვიფიქრე, რომ ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა... დრო გავიდა, გიამ უმაღლესში ჩააბარა და სიყვარულიც ეწვია. გოგონა მისი თანაკურსელი იყო. ჩემი შვილობილი ყოველ დილით უფრო მეტ დროს ატარებდა სარკის წინ და ვგრძნობდი, რომ ყოველთვის უნდოდა კარგად სცმოდა. მეც არაფერს ვაკლებდი. საბედნიეროდ, მაშინ ისეთი შემოსავალი მქონდა, რომ შემეძლო მისთვის ჩაცმა-დახურვა არ მომეკლო. თითქოს ეს გოგონაც არHჩანდა გიას მიმართ გულგრილი. ის რამდენჯერმე ჩვენს სახლშიც იყო მოსული და შევატყვე, რომ კეკლუცობდა. უკვე უნივერსიტეტს ამთავრებდნენ, როცა ერთ დღეს გია სახლში ანერვიულებული შემოვარდა და თავის ოთახში შეიკეტა. ბევრი ვაკაკუნე, მაგრამ კარი არ გამიღო. ცოტა ხანში იქიდან შეშლილი სახით გამოვიდა, დანით ორივე მკლავი დაესერა და სისხლი სდიოდა. საავადმყოფოში არაფრით არ წამომყვა. ჭრილობები მე და ჩემმა მეზობელმა დავუმუშავეთ.
- ასეთი რამ ადრეც გაუკეთებია?
- არა, საკუთარ თავს ზიანი პირველად მიაყენა... ამის შემდეგ რამდენიმე დღეც არ იყო გასული, რომ პოლიციიდან დამირეკეს, თქვენი შვილი მკვლელობაშია ეჭვმიტანილიო. მეორე დღეს გია საკუთარი ფეხით მივიდა განყოფილებაში. როგორც აღმოჩნდა, ის გოგონა, რომელიც მას უყვარდა პარალელურად კიდევ ერთ ბიჭს ხვდებოდა. ეს ბიჭი გიას ჯგუფელი იყო, ახლო მეგობარი. იმ დღეს გია ნინოსთან სახლში მისულა, სადარბაზოში დაუნახავს, როგორ კოცნიდა ნინო სანდროს. მაშინვე არაფერი მოუმოქმედია, როცა სანდრო სახლში წავიდა, უკან გაჰყოლია და ერთ-ერთ სკვერთან მეგობარს ყელში სამართებელი გამოუსვა. საწყალი ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა... ნინომ ეს ამბავი რომ გაიგო, თავის მოკვლა სცადა. წამლები დაულევია, მაგრამ მშობლებმა მიუსწრეს და გადაარჩინეს.
- ახლა გია ციხეშია?
- დიახ, ციხეშია... წიგნების მიტანას ვერ ავუდივარ. აბსოლუტურად ყველაფერს კითხულობს, ბოლო დროს თანამედროვე ქართულმა მწერლობამ გაიტაცა... ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე პატიმრებთან ჩხუბი მოუვიდა და დაჭრეს. სასიკვდილო ჭრილობები არც ერთხელ არ ჰქონია და გადარჩა. არ ვიცი, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ საერთოდ რა აზრი აქვს მის ცხოვრებას?! ყოველ ნახვაზე იმას მიმეორებს, აქედან თუ ცოცხალი გამოვედი, ნინოს მაინც მოვკლავო. არადა იმ გოგოს ოჯახი აქვს - ქმარ-შვილი ჰყავს... არ ვიცი, სად დავუშვი შეცდომა... ხანდახან იმასაც ვფიქრობ, იქნებ ჯობდა, გიაც იმ ჩემს ცხონებულ ძმასა და რძალთან ერთად მომკვდარიყო...
მკითხველის ისტორია