უფრო დეტალურად თავიანთ თამაშზე “Gorgasali Battle Royale“-ის შემქმნელები გვესაუბრებიან.
- როგორ დაიბადა თამაშის შექმნის იდეა?
- თამაშის შექმნის ინსპირაციის წყარო, ერთ-ერთი ცნობილი იაპონელი ფილოსოფოსის სიტყვები იყო, რომელიც წერდა, რომ ადამიანმა უნდა აკეთოს ის საქმე, რომელიც მას უყვარს. თავის ნაშრომებში ის ურჩევდა ხალხს, რომ მიეტოვებინათ თავიანთი რუტინული სამსახურები და ეკეთებინათ საქმე, რომელიც მიანიჭებდათ მათ სიამოვნებას. სამაგიდო თამაშის შექმნის იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა.
- მოგვიყევით “Gorgasali Battle Royale”-ის შესახებ.
- „Gorgasali Battle Royale“-ი არის სამაგიდო თამაში, რომელიც შექმნილია ე.წ, “Battle Royale”-ის მექანიკაზე, რაც გულისხმობს პრინციპს, სადაც მონაწილეები იბრძვიან ერთმანეთში, სანამ არ გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. თამაში არის დინამიური, გაჯერებული სტრატეგიული გადაწყვეტილებებით, ყველა მოთამაშეს აქვს მოგების თანაბარი შანსი და იღბალი არის დაყვანილი მინიმუმამდე. ყოველი ახალი თამაში არის ერთმანეთისგან განსხვავებული, ხოლო თამაშის წესები არის მარტივად გასაგები. დიზაინი და ყველა შემადგენელი კომპონენტი არის უმაღლესი ხარისხის, რა კუთხითაც კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს ყველაზე მაღალ რეიტინგულ სამაგიდო თამაშებს. თამაშის ისტორია ეფუძნება გამოგონილ სამყაროს და პერსონაჟებს, რომელიც ასევე დატვირთულია ქართული ელემენტებით.
- რატომ გადაწყვიტეთ ქართული ელემენტების შეტანა თქვენს თამაშში და რა ქართულ ელემენტებზეა საუბარი?
- თავიდანვე გვინდოდა შეგვექმნა ისეთი თამაში, რომელსაც გავიტანდით მსოფლიო ბაზარზე. მუშაობის პროცესში ნელ-ნელა ვხვდებოდით, რომ ეს გეგმა რეალობასთან იყო ახლოს. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, თამაშში შეგვეტანა ქართული ელემენტები. ეს მიზანი იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი მთელი ერთ-წლიანი მუშაობის პროცესში.
არმაზი, ბორჯღალი, ცივა, იალბუზი, კრუბერას გამოქვაბული და სიო არის ის მცირე ჩამონათვალი იმ ქართული ელემენტებისა, რაც თამაშში შეგხვდებათ და, რა თქმა უნდა, თამაშის სახელწოდება გორგასალი.
- რატომ გორგასალი?
- როგორც ვახსენეთ, თამაშის ისტორია ეფუძნება გამოგონილ სამყაროს. თამაშის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი არის უძლეველი მეფე, რომელმაც გააერთიანა ათი სამეფო. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ დაგვერქმია ასევე უძლეველი ქართველი მეფის, ვახტანგ გორგასალის სახელი, რომელზეც დღემდე დაიარება მრავალი ლეგენდა.
- როგორია თამაშის მექანიკა?
- მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დიზაინმა საკმადოდ დიდი გამოხმაურება ნახა სოციალურ ქსელებში, ჩვენ ვთვლით, რომ თამაშის მთავარი ხიბლი არის მისი მექანიკა. მექანიკის სრულყოფის პროცესი მიმდინარეობდა ერთი წლის მანძილზე. ამ პერიოდში ჩავატარეთ 200-ზე მეტი სატესტო თამაში და თითოეული ტესტის შემდეგ ხდებოდა თამაშის მოდიფიკაცია. მას შემდეგ, რაც მრავალმა სატესტო თამაშმა გვიჩვენა, რომ მექანიკა იყო მაქსიამლურად დაბალანსებული და აღარ საჭიროებდა არაფრის შეცვლას, ჩვენ დავრწმუნდით, რომ მზად ვიყავით „Gorgasali Battle Royale“-ის მსოფლიოსთვის წარსადგენად.
- სად და როდის შევძლებთ თამაშის შეძენას?
თამაშის წინასწარი შეძენა შესაძლებელი იქნება ნოემბერში მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ვებ-გვერდზე (www.kickstarter.com).