23 მაისი, 2019
"ჩემს ოჯახს არ სურდა, გოდერძის გავყოლოდი. მახსოვს, იმხანად ვთქვი, ძალიან მიყვარს და გოდერძის უნდა შევეწირო-მეთქი. რამ მათქმევინა ეს სიტყვები"
"ერთხელაც მომაკითხა და მომახალა: თუ გამომყვები, გამომყევი, თუ არადა, წავედიო, - მიტრიალდა და წავიდა... მივხვდი, რომ უმისოდ ცხოვრება არ შემეძლო"

უხილავად ყოველთვის ვგრძნობ მის მფარველობასო, - მითხრა. - თითქოს რაღაცებს გვაკეთებინებს, თითქოს საუკეთესო ადამიანები ამოარჩია, ჩვენამდე მოიყვანა და დაგვამეგობრა. სხვათა შორის, არასდროს დამსიზმრებია. ჩვენს ვაჟს, ლუკას კი ესიზმრება ხოლმეო, - ისე მიამბობდა, თითქოს გოდერძიც იქვე, შორიახლოს იდგა და უსმენდა. ლაპარაკისას ნინო სულ იღიმოდა, ერთი ცრემლიც არ ჩამოვ
არდნია. თურმე, ყოველთვის ასე იხსენებს, რადგან "მას" - გოდერძის არ უყვარდა, როცა ადამიანები ტიროდნენ.

საოცრად გამორჩეული მწერლის, სცენარისტისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის ასევე გამორჩეული მეუღლე - ნინო მელაშვილი მისეულ გოდერძიზე გვიამბობს, სხვანაირზე, ისეთზე, ოდესღაც ნინოს თვალებში "გაზაფხულები" რომ აღმოაჩინა.

ნინო მელაშვილი:
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე ოჯახში, სადაც ხელოვნება და ლიტერატურა გამორჩეულად უყვარდათ. პირველივე წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვცადე ბედი და ყოველგვარი ჩაწყობის გარეშე ჩავირიცხე კიდეც. პარალელურად, ფერწერას ვსწავლობდი მეორად ფაკულტეტზე და არცთუ ურიგოდ ვხატავდი. გოდერძის ძალიან მოსწონდა ჩემი ნახატები და ეამაყებოდა კიდეც... მესამე-მეოთხე კურსიდან ტელევიზიაში გავიარე პრაქტიკა, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე კი ბატონმა ნუგზარ ფოფხაძემ "მოამბეში" სამუშაოდ მიმიღო. ტელევიზიაში რომ არ მემუშავა, შეიძლება, გოდერძის ვერც შევხვედროდი.


ბევრს მოვწონდი. ჩემ გარშემო სულ თბილისელი ბიჭები ტრიალებდნენ, ქალაქელები, "პლეხანოველები", გამორჩეული მეტყველებით, აზროვნებით, ცხოვრებით - ყველანი მშობლებზე იყვნენ დამოკიდებული და, რასაკვირველია, მომწონდნენ კიდეც, მაგრამ რატომღაც არავინ შემყვარებია, თითქოს მათ გვერდით ჩემს მომავალს ვერ ვხედავდი.
ხშირად მიფიქრია: საოცარია, არა? გამოჩნდა გოდერძი, სოფლიდან ჩამოსული, უმამოდ გაზრდილი ბიჭი, ჩემი წრისგან, ყოფისგან სრულიად განსხვავებული ჩაცმულობით, აზროვნებით, მანერებით და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. გარეგნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ იყო კაცი, რომელიც ყოველთვის იმას ამბობდა და წერდა, რასაც ფიქრობდა, არასდროს იტყუებოდა, სიბრძნე ეტყობოდა. როგორ არ დაეყრდნობოდი კაცს, რომელმაც 25 წლისამ "ადამიანთა სევდა" დაწერა და... მისი დავიჯერე. თუმცა, შეყვარება არც მიფიქრია, მხოლოდ მისმა სამყარომ მომხიბლა, რადგან ძალიან მიყვარდა მთა და ძმასთან - დათოსთან და მის ჯგუფელებთან ერთად ფეხით ვლაშქრავდი საქართველოს მთიანეთს. მამა ხშირად მეხუმრებოდა: მეცხვარეს უნდა გაგაყოლოო, მერე კი ამბობდა: იმდენი იარე მთაში, მაინც მეცხვარეს გაჰყევიო.

- მთა რომანტიკაა, შენ კი ეს რომანტიკა რეალურ ცხოვრებად გექცა. როდის მიხვდი, რომ შეგიყვარდა?

- ბიჭვინთაში შევხვდით ერთმანეთს, მისი "ბაკურხეველი ხევსური" უჩვენეს და მთელ ღამეს ვარჩევდით ფილმს. სწორედ მაშინ მოვწონებივარ. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS