ბავშვობა
დედა ანა დაბა წყნეთში, მორწმუნეთა – მიხეილ ოთარაშვილისა და მარიამ ასიტაშვილის – ოჯახში, 1939 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს დაიბადა. მშობლებს მის გარდა, კიდევ ოთხი შვილი ჰყავდათ, რომელთაგან ის უფლის სიყვარულით ადრეული ასაკიდან გამოირჩეოდა. მისი დაბადების სახელი ნათელაა. მაშინდელი ათეისტური რეჟიმის მიუხედავად, მშობლებმა ორი წლის გოგონა (მარჯანიშვილის ქუჩაზე არსებულ) წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში მონათლეს. წირვა-ლოცვაზე ბებიას, ცისანა შავგულიძეს დაჰყავდა, რომელიც, ასევე ძალიან ღრმად მორწმუნე და ღვთის მოშიში იყო. პატარა ნათელა ყოველ დღესასწაულზე საზეიმოდ გამოეწყობოდა და ეკლესიაში წასვლას ითხოვდა. თუ მის წაყვანას ვერ მოახერხებდნენ, სახლის სახურავზე ავიდოდა და საათობით გაჰყურებდა ეკლესიისკენ მიმავალ მლოცველებს. მაშინ, როცა სხვა ბავშვები ჩვეულებრივი თამაშით ერთობოდნენ, მას დილიდან საღამომდე ეკლესიაში ყოფნა და საგალობლების ღიღინი სურდა.
ოჯახი
დედა ანა მშობლებმა, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ოცდასამი წლის ასაკში გაათხოვეს. მეუღლე ეროვნებით სომეხი, შოთა (აშოტ) პეტროსიანი იყო, თუმცა, მორწმუნე მართლმადიდებლის გვერდით ცხოვრებამ, ისიც მართლმადიდებლად აქცია და ნათლობის შემდეგ ჯვარიც დაიწერეს.
მის სულსა და გულს ყოველთვის მონასტერი უხმობდა, ამიტომ ეკლესიური ცხოვრება გადაწყვიტა. სურვილი მეუღლეს გაანდო და ურჩია, ხელახლა დაოჯახებულიყო. მეუღლემ არაფერი უპასუხა, მეორე დღეს კი პატრიარქს მანაც მორჩილებაში ყოფნის კურთხევა და ჯვრის მონასტერში გაგზავნა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.
ნათელა კი, 1972 წელს, უწმიდესის კურთხევით, მორჩილი თამარი გახდა და სიონში მსახურობდა. იქ მსახურების დროს, აცნობეს, რომ მისი მეუღლე შეუძლოდ შეიქნა, რომელიც ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ჯვრის მონასტრიდან სახლში გადმოიყვანეს და მისი მოვლა დედა თამარს დაევალა. მან დღედაღამ ლოცვითა და ზრუნვით ავადმყოფი მეუღლე გამოაჯანმრთელა და ფეხზე დააყენა, რის შემდეგ, გარდაცვალებამდე, ის დედა ანას გვერდით ედგა. განაგრძეთ კითხვა: