სხვა მკვლევრები საბედისწერო ქალის ფენომენს ენერგეტიკული ვამპირობით ხსნიან. ქალი საპირისპირო სქესისგან გაუცნობიერებლად იღებს სასიცოცხლო ენერგიას, შედეგად ამ უკანასკნელში ბევრი სასიკვდილო დაავადება ყალიბდება. მოულოდნელად ჩნდება შეკითხვა, თუ არსებობენ საბედისწერო მამაკაცები? რა თქმა უნდა, არსებობენ,
„საბედისწერო“ ავრორა
ავრორა შერნვალი ნამდვილი საბედისწერო ლამაზმანი იყო. მიმზიდველი გარეგნობის, გონიერი, შესანიშნავი მანერებისა და თავადური წარმომავლობის გამო პეტერბურგელ მამაკაცებში დიდი მოწონებით სარგებლობდა. ამ მშვენიერ არსებასთან ბედის დაკავშირება ყველა მამაკაცისთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდა. პეტერბურგელ ლამაზმანს მაღალ საზოგადოებაში მეტსახელად „საბედისწერო“ ავრორა შეარქვეს.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ავრორას საქმრო ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ტრაგიკულად დაიღუპა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი შემთხვევითობად მიიჩნიეს, მაგრამ მომდევნო მოვლენებმა ცხადყო, რომ ამ ქალით გატაცებული თითქმის ყველა მამაკაცი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებდა.
მეორე საქმრო, რა თქმა უნდა, არაფერს ეჭვობდა. ალექსანდ პუშკინის მეგობარს პოლკოვნიკ ალექსანდრ მუხანოვს მოეწონა ეშხიანი მზეთუნახავი და ხელი სთხოვა. წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა, ქორწილის დღეც დანიშნეს... მაგრამ მუხანოვი მოულოდნელად გარდაიცვალა. ავრორა ეცოდებოდათ, მაგრამ მის საბედისწერო როლზე ორი მამაკაცის სიკვდილში თავიდან არაფერს ამბობდნენ. ორი წლის გლოვის შემდეგ მზეთუნახავს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა დემიდოვმა დაუწყო არშიყობა. იმჯერად ქორწილი შედგა, მაგრამ ახალდაქორწინებულებს მცირე ხნით მოუწიათ ერთად ცხოვრება - ავრორა მალევე დაქვრივდა.
ელიტურ საზოგადოებაში ჭორაობდნენ, რომ მზეთუნახავი შერნვალი საბედისწერო ქალი იყო. იმასაც ამბობდნენ, რომ ავრორას დედის წყევლა ყველა მამაკაცს შეეხებოდა, ვისაც მისი ქალიშვილი შეუყვარდებოდა.
ამ შემზარავმა ამბავმა ვერ შეაშინა ის მამაკაცები, ვისთვისაც შექმნილი მდგომარეობა მიმზიდველიც კი აღმოჩნდა - მათ თითქოს საკუთარი ბედი გამოიწვიეს. მომხდარის შემდეგ ავრორა მამაკაცებისგან თავს შორს იჭერდა, ბოლო წლების დანაკარგი მძიმე ტვირთად დააწვა მხრებზე.
მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ დანებდა მომხიბლავსა და შეუდრეკელ არტილერიის პოლკოვნიკ ანდრეი კარამზინს. ოჯახურმა ბედნიერებამ კვლავ მცირე ხანს გასტანა, თურქეთთან ომის დროს კარამზინი ხმლით მხეცურად დაჩეხეს. ავრორას ბედი აღარასოდეს გამოუცდია, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები ხშირად სთხოვდნენ გულსა და ხელს.
საშიში ანა
საბედისწერო ქალები ისტორიის კუთვნილება არ გამხდარან, ისინი ჩვენს დროშიც გვხვდებიან. ანა იმდენად მომხიბლავი იყო, რომ ბიჭებს დაწყებითი კლასიდან უყვარდათ. როდესაც გოგონა წამოიზარდა, შეუპოვარი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა - თანაკლასელი ჯანო. ბიჭი ანას სულ კუდში დასდევდა, ხშირად ურეკავდა ტელეფონზე, მასთან ლაპარაკისას ენა ებმოდა. გოგონა დიდად არ სწყალობდა თაყვანისმცემელს, მისი შანსები ანას გულის დასაპყრობად ნულს უტოლდებოდა.
ერთ დღეს ჯანო სკოლაში არ მივიდა. როგორც გაირკვა, ბიჭმა ვენები გადაიჭრა. საუბედუროდ, ყმაწვილი ვერ გადაარჩინეს. ჯანო ანას პირველი მსხვერპლი იყო.
სკოლის დამთავრების შემდეგ ანა სარფიანად გათხოვდა. მისი მეუღლე ნიკა იმედის მომცემი მეცნიერების კანდიდატი იყო. ქმრის მშობლებმა ახალდაქორწინებულებს ბინა უყიდეს. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შეუღლებიდან რამდენიმე თვეში ნიკას ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუუარესდა. ექიმები ხელებს ასავსავებდნენ და ავადმყოფს სხვადასხვა დიაგნოზს უსვამდნენ, არც ჩატარებულმა მკურნალობამ უშველა. მალე ნიკა გარდაიცვალა. ანა, რა თქმა უნდა, ქმრის სიკვდილს განიცდიდა... ერთი წლის შემდეგ მას მომავალი ბიზნესმენი კოტე გაუმიჯნურდა. ახალგაზრდები ქორწინებასა და ოჯახურ იდილიაზე ოცნებობდნენ. თანდათან კოტე მუდმივ დაღლილობას უჩიოდა, შესამჩნევად გახდა, ფერი დაკარგა... ექიმებმა კვლავ ვერ დასვეს დიაგნოზი.
როდესაც ანამ მეორე ქმარი დაასაფლავა, პირველად გაუჩნდა აზრი, რომ ნიკას და კოტეს სიკვდილში დამნაშავე თვითონ იყო. ამის დაჯერება არ უნდოდა, ამიტომ უცნაური ფიქრები თავიდან მოიშორა და მომავალი ქორწინება ინსტიტუტის დამთავრების დროისთვის გადადო.
ერთი წლის განმავლობაში ანა თავის ლექტორს ჯონის ხვდებოდა. იგი ქალს დაქორწინებას სთავაზობდა, მაგრამ ანა დიპლომის აღებას ელოდებოდა... შესაძლებელია, ჯონი საბედისწერო ქალის მორიგი მსხვერპლი გამხდარიყო... მას უბრალოდ გაუმართლა, რომ ანამ ქორწილი არ დააჩქარა. მალე ჯონიმ შეამჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ანამ მასთან ღამე გაათენა, თავი შეუძლოდ იგრძნო. თავიდან მიჯნურმა ჩათვალა, რომ უძლურების მიზეზი საყვარელ ქალთან გატარებული ბობოქარი ღამე იყო. დაკვირების შედეგად კი მიხვდა, რომ ანასთან ერთად გატარებული რამდენიმე საათიც კი ღონეს აცლიდა. ჯონი ანასთან შეხვედრას გაურბოდა, მაგრამ როდესაც ანამ დაცილების მიზეზის განმარტება სთხოვა, პირდაპირ მიახალა თავისი ეჭვები.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ანამ მაინც გადაწყვიტა ოჯახური ცხოვრების აწყობა: მისი მესამე ქმარი, კერკეტი კაკალივით ძლიერი და სპორტსმენი კაცი, ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ანამ დაქვრივებამდე გოგონას გაჩენა მოასწრო და მეტი აღარასოდეს გათხოვილა.
„შესანიშნავი სიკვდილი“
თავის დროზე ჟურნალმა „უიკლი უორლდ ნიუსმა“ თანამედროვეობის პოპულარული მოდელის დანიელა დიუ პერის შესახებ დაბეჭდა სტატია. პრესის წარმომადგენლებმა მოდელს „შესანიშნავი სიკვდილიც“ კი შეარქვეს. საქმე ისაა, რომ ამ მომხიბლავ ქალბატონს კოცნაც კი სასიკვდილო ჰქონდა. მასთან დაახლოებული რამდენიმე კაცი დანიელასთან კოცნაობის შემდეგ ცხოვრებას გამოესალმა. ექიმებმა ვერაფრით ვერ ახსნეს დანიელასთან კოცნის შემდეგ რატომ ემართებოდათ კაცებს კრუნჩხვა, შემდეგ კი სუნთქვა ეკვროდათ და იხრჩობოდნენ.
ზოგიერთები ამ ფაქტს ციანოიდით მოწამვლის სიმპტომებს ამსგავსებდნენ... არ არის გამორიცხული, რომ დანიელას ნერწყვში მართლაც არის რაიმე მომწამლავი ნივთიერება. შესაძლებელია, ლამაზმანის პირის ღრუში კოცნის დროს წარმოიქმნება სასიკვდილო ქიმიური ნივთიერება, მაგრამ სანამ ამოცანა ამოუხსნელია, მამაკაცებს მოდელთან მიახლოებისაც კი ეშინიათ.