ფენ შუის სპეციალისტმა, ეკა კვარაცხელიამ, საზოგადოებას რჩევები გაუზიარა.
ვისაც ნაძვის ხე ჯერ არ აგიწყვიათ, გაეცანით ეკა კვარაცხელიას რჩევებს და გაიგეთ, როგორ მორთოთ და სად დადგათ საახალწლო ნაძვის ხე, იმისთვის რომ მომავალი წელი ბარაქიანი და წარმატებული გამოდგეს.
ნაძვის ხე ფენ შუის მიხედვით...
საახალწლო ნაძვის ხე ახალი წლის აუცილებელი სიმბოლოა. იგი გვაძლევს სასიამოვნო სურნელს, ბავშვობის სიხალისეს, სურვილებისა და სასწაულების მოლოდინს. ა
პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ ფენ შუის ანბანი. მოვიმარჯვოთ კომპასი და განვსაზღვროთ მხარეები. ნაძვის ხის დადგმისას, შეგვიძლია, ორიენტაცია ავიღოთ ოთახის ცენტრზე ან შესაბამის ჰორიზონტთა მხარეებზე.

თუ განსაზღვრეთ უკვე მხარეები, შესანიშნავია, დავიწყოთ დასავლეთით! სწორედ დასავლეთი განაგებს დღესასწაულებს და თუ გსურთ ახალი წლის ღამე ხალისიანად დაგამახსოვრდეთ, დადგით ნაძვის ხე დასავლეთ სექტორში. ფენ შუის მიხედვით იმისათვის, რომ გავააქტიუროთ დასავლეთი მხარე, საჭიროა გამოვიყენოთ ლითონის სტიქიის სიმბოლოები.
ლითონის ენერგიას იზიდავს ყველა მოელვარე საგანი. ასე რომ, დასავლეთი საუკეთესო ადგილია ნაძვის ხისათვის. თუმცა, თუ ნაძვის ხეს დადგამთ სხვა სექტორში, დასავლეთ ზონაში განათავსეთ ბრჭყვიალა სათამაშოები და გირლანდები.
სადღესასწაულო სანთლები კი დასავლეთ სექტორს მოარიდეთ, რადგან ცეცხლი ადნობს ლითონს, ასუსტებს ლითონისა და წყლის ენერგიას. ასევე დასავლეთ ზონაში განათავსეთ მუსიკალური ცენტრი, ჩამოკიდეთ ზანზალაკები და მხიარული წელი გარანტირებული გექნებათ. და თუ რაიმე მიზეზით დასავლეთ სექტორში ვერ ახერხებთ ნაძვის ხის დადგმას, მაშინ იგი განათავსეთ სამხრეთ ზონაში, სადაც განაგებს დღესასწაულს ცეცხლის სტიქია.

დაე, საახალწლო ნაძვის ხე იყოს ამ სტიქიის მასტიმულირებელი: რაც მოუტანს ამ სახლის მცხოვრებლებს დიდებას, პოპულარობას და ახალ პერსპექტივებს. ხის სტიქია კვებავს ცეცხლის ენერგიას და ამიტომაც ნაძვის ხეზე უნდა ჭარბობდეს წითელი და ნარინჯისფერი სათამაშოები და აგრეთვე, ციმციმა ნათურები.
სახლის სამხრეთ-დასავლეთით განთავსებული ნაძვის ხე გაამყარებს ოჯახის წევრებს შორს ურთიერთობებს, ხოლო მარტოხელებს დაგეხმარებათ მეორე ნახევრის პოვნაში. ამისათვის ნაძვის ხე მორთეთ წყვილი სათამაშოებით. ტრადიციულად, ჩინეთში ამ სექტორში დგამენ წყვილ დელფინს ან შეყვარებულთა ფიგურებს. ასევე - ვაზით ბროწეულსა და სიმინდს.
მათ, ვისაც სურს წარმატებები ცოდნის სფროში, განათავსეთ ნაძვის ხე ჩრდილო-აღმოსავლეთით და მორთეთ კრისტალებითა და კერამიკის ნაკეთობებით. სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი მიწის სტიქიის სექტორებია და რადგან ნაძვის ხე განასახიერებს ხის სტიქიის ელემენტს - დახუნძლეთ იგი სათამაშოებითა და გირლანდებით, ჭარბობდეს წითელი და ყვითელი.
ნაძვის ხე განთავსებული სამხრეთ-აღმოსავლეთით და ფენ შუის პრინციპების დაცვით გაწყობილი გაამყარებს თქვენს კეთილდღეობას. თამამად შეგიძლიათ განათავსოთ ნაძვის ხეზე ამ სექტორში ფულის მონეტები და ქაღალდის კუპიურები. ალბათ მიხვდებით, რატომაა ჩინურ მონეტებზე შუაში ნახვრეტი.

ასევე, მნიშვნელოვანია ნაძვის ხეზე წვიმები, მისი ლივლივი ასოცირდება წყალთან და მოგიტანთ ფინანსურ კეთილდღეობას. უმჯობესია ცისფერი, მწვანე და ლურჯი ფერის.
თუ განვლილ წელიწადში შეგაწუხათ ჯანმრთელობამ, დადგით ნაძვის ხე აღმოსავლეთით, ეს სექტორი პასუხისმგებელია ჯანმრთელობაზე. დამატებით განათავსეთ ამ ზონაში ფიჭვის ტოტებიც, მორთეთ იგი წყლის სიმბოლოებით: თევზები, ზღვის ცხენები, წვიმებით და ურყევი ჯანმრთელობა გარანტირებული გაქვთ. ჩინელები ჯანმრთელობის სიმბოლოებად მოიაზრებენ წყვილ ატმებს და გოგრას, აღმოსავლეთ ზონაში დააწყვეთ ისინი, შეგიძლიათ ხელოვნურიც.
ნაძვის ხე ჩრდილოეთით უზრუნველყოფს ოჯახის უფროს წევრთა მხარდაჭერას, თუ თავს გრძნობთ მარტოსულად, მიტოვებულად და არაკომფორტულად, დადგით ამ სექტორში ვერცხლისფერი და ოქროსფერი ბურთებით მორთული ნაძვის ხე, ასევე ვარსკვლავებით და მძივების გირლანდებით.
ჩრდილო-დასავლეთს განაგებს ლითონი და მიწა, რაც უფრო აქტივიზირებულია ეს სექტორი, მით უფრო იზრდება ოჯახის უფროსის წარმატება, რაც განაპირობებს მთელი ოჯახის კეთილდღეობას. ამ სექტორში მორთეთ ნაძვის ხე ზანზალაკებითაც და აუცილებლად ნაძვის ხეს დაუდგით თოვლის ბაბუა, რათა ოჯახის უფროსს გაუზიარის თავისი ძალაუფლება და შესაძლებლობები.