მინის გამოჩენას უკავშირებენ ინგლისელ მერი კუანტს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
უნდა ითქვას, რომ მერი კუანტი, კრისტიან დიორის ან ივ სენ-ლორანისგან განსხვავებით, არ იყო დიდი მოდელიერი ამ სიტყვის ფართო გაგებით, თუმცა ძალიან
მის პატარა მაღაზიაში, ლონდონის კინგს-როუდზე, ახალგაზრდები ყველაზე მოდური სამოსის აღმოსაჩენად დადიოდნენ. ერთ-ერთი ასეთი ნივთი მინი-ქვედაბოლო იყო. როგორც ყოველთვის, ასეთი გენიალური აღმოჩენაც სრულიად შემთხვევით გაკეთდა.
მერი კუანტის თქმით, მინი-ქვედაბოლოს გამოგონება, არც მეტი, არც ნაკლები, სახლის დალაგებას უკავშირდება. მისი მეგობარი ქალი იატაკებს წმენდდა და კაბის კალთას რომ არ შეეშალა ხელი, მაკრატლით მოაჭრა.
კუანტს ასეთი უჩვეულო გადაწყვეტილება ისე მოეწონა, რომ იმავე დღეს თავის მაღაზიაში მსგავსი მოდელები წარმოადგინა. ახალი ქვედაბოლოები ორ-სამ დღეში დაიტაცეს.
რაღა თქმა უნდა, მორალისა და კარგი მანერების დამცველნი ამგვარი სიახლის წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა 1960-იან წლებს ტყუილად ხომ არ უწოდებენ რევოლუციურს: მოდის ახირებებს ვერანაირი წესები ვეღარ უმკლავდებოდა.
1962 წელს კუანტმა თავისი პირველი კოლექცია წარმოადგინა, მინი-ქვედაბოლო, რომელთა შექმნასაც, როგორც არაკეთილმსურველები ამბობდნენ, გაცილებით ნაკლები ქსოვილი სჭირდებოდა, ვიდრე ვიქტორიანული ეპოქის ცხვირსახოცებს.
მსოფლიო აღიარება კი მინი-ქვედაბოლომ მხოლოდ ერთი წლის მერე მოიპოვა, ნიუ-იორკში, როდესაც მორიგი ჩვენების შემდეგ მერი კუანტი მოდელებთან ერთად ბროდვეიზე გამოვიდა. ლეგენდის თანახმად, ქუჩაში მოძრაობა შეწყდა, საღამოს კი ახალი ამბების გამოშვებები მხოლოდ და მხოლოდ ამას მაუწყებლობდნენ.
მინის ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. თვით კოკო შანელმაც კი დაიწუნა. ''მუხლები ქალის ყველაზე უშნო ნაწილია, ამიტომ ის უნდა დავმალოთ'', - ამტკიცებდა პატარა შავი კაბის შემქმნელი.
მხოლოდ რამდენიმე წლის მერე აღიარეს ის ოფიციალურად, როცა 1966 წელს სტილის დედოფლად აღიარებულმა ჟაკლინ კენედიმ ჩაიცვა, დედოფალმა ელისაბედ II-მ კი მერი კუანტს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცა, ეკონომიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ამბობენ, ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღების კიდევ ერთი მიზეზი ბრიტანეთში შობადობის მატება იყო, რომელსაც ასევე უკავშირებენ მოკლე ქვედაბოლოს გაჩენას.
დღეს მერი კუანტი აღარ ქმნის სამოსსა და აქსესუარებს, მთელ დროს ოჯახს უთმობს. თუმცა მისი სახელი მოდის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა.
ჟურნალი ''რეიტინგი''