10 დეკემბერი, 2018
რატომ არის გათხოვება პრობლემა საქართველოში და რატომ თხოვდებიან ქალები უფრო მარტივად მესამედ და მეოთხედ
იაპონიის მთავრობა,  ოჯახის შექმნის მიზნით, პაემნების დაფინანსებას იწყებს. როგორც აღმოჩნდა, იაპონიაში ქალებს – გათხოვება, მამაკაცებს კი ცოლის მოყვანა იმდენად უჭირთ, რომ ქორწინების სტატისტიკაზე ზრუნვა ქვეყნის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად მიიჩნიეს და მისი მოგვარება ბიუჯეტის ხარჯებით გადაწყვიტეს. რა ხდება ჩვენთან? არის თუ არა პრობლემა გათხოვება და ცოლის მოყვანა საქართველოში? გაცნობის რა მეთოდებია დღეს ყველაზე პოპულარული? „პრაიმტაიმი“ ამ საკითხის გასარკვევად ფსიქოლოგებს, სექსოლოგებს გაესაუბრა. როგორც გავარკვიეთ, ეს პრობლემა ჩვენთანაც ძალიან აქტუალურია და მას საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზებიც აქვს.

სამი წლის
წინათ სოციალური ქსელი „ააფეთქა“ სარეკლამო განცხადებამ, „როგორ გავთხოვდეთ ას ლარად". ტრენინგ-კურსები, რომელიც ქალებს გათხოვებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ასწავლიდა და კონსპექტებით აღჭურვილებს ბედნიერი ცხოვრების გზაზე აყენებდა, საკმაოდ მოთხოვნადი იყო. იმის მიუხედავად, რომ სოციალური ქსელი მრავალრიცხოვანი გაცნობის საიტებით არის სავსე, რომელთა მიზანი მეწყვილის მოძებნაა, საქართველოში კვლავ არსებობს და საკმაოდ პოპულარულია გაცნობისა და დაოჯახების კლუბი, რომელმაც ძველი, საუკუნოვანი მაჭანკლობის ტრადიცია ჩაანაცვლა და დღეს კლუბში დარეგისტრირებულ ასობით ქალსა თუ მამაკაცს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრასა და დაოჯახებაში ეხმარება. აქ გათხოვება და ცოლის მოყვანა უფრო იაფია – კლუბის წევრად რეგისტრირება ერთი წლის განმავლობაში და განუსაზღვრელი რაოდენობით სასურველი პარტნიორის მოძებნის მცდელობა, სულ რაღაც, 80 ლარი ჯდება.

მაია ჩადუნელი, რომელმაც წლების წინათ გახმაურებული ტრენინგი „როგორ გავთხოვდეთ ას ლარად“ მოაწყო, დღეს სხვა სფეროში მუშაობს, თუმცა „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ ის წლები, როცა ქალებს გათხოვების „ოქროს წესებს“ ასწავლიდა, მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო: „როდესაც ეს ტრენინგი მოვაწყვე, თბილისში საოცარი ამბები ატყდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, შესაბამისად, ყველა ამაზე საუბრობდა, გაკეთდა სატელევიზიო სიუჟეტები, იწერებოდა სტატიები. მაშინაც ღიად და საჯაროდ ვსაუბრობდი, რომ ეს პრობლემა აქტუალური იყო, ქალებს გათხოვება უჭირდათ და ამ სახის ტრენინგები ჩვენს საზოგადოებას ესაჭიროებოდა. ტრენინგის სახელწოდება „როგორ გავთხოვდეთ ას ლარად“, მარკეტინგული ხრიკი იყო, თორემ რეალურად ამ ტრენინგზე ქალებს იმაზე მეტს ვასწავლიდი, რაც მათ გათხოვებისთვის სჭირდებოდათ. მაგალითად, როგორ უნდა აემაღლებინათ ხმა, როცა სახლში ქმარი ურტყამდათ. იმ პერიოდში თბილისში ახალი დაბრუნებული ვიყავი ყაზახეთიდან, სადაც ძალიან ცნობილ ფსიქოლოგთან მე თვითონ გავიარე ეს კურსი, რადგან ძალიან დამაინტერესა. ასეთი კურსები უცხოეთში არსებობს, ჩვენთან მოჰყვა აჟიოტაჟი, თორემ სხვაგან ამ სახის ტრენინგები ძალიან აქტუალურია. იქ ღიმილთან და ქცევის წესებთან ერთად, ქალებს ცეკვასა და კულინარიაშიც კი აქვთ მასტერკლასები. თბილისში დაბრუნებული, მივხვდი, რომ ეს ჩვენთანაც აქტუალური თემა იყო, მაგრამ ისეთი გამოხმაურება და ინტერესი თუ მოჰყვებოდა, რაც მოჰყვა, ვერ წარმოვიდგენდი. ბოლოს არა მარტო ქალები, მამაკაცებიც აქტიურად მიკავშირდებოდნენ, მოდიოდნენ და მთხოვდნენ, ჩვენ რა დავაშავეთ, ჩვენც გვინდა დახმარებაო. ბოლოს უკვე მშობლებს მოჰყავდათ გასათხოვარი შვილები. მიხარია, რომ ორი ქალი დავაყენე ბედნიერი ცხოვრების გზაზე.

– ვინ იყვნენ თქვენი ტრენინგების მონაწილეები?

– მათი სპექტრი იყო მრავალფეროვანი, განათლებით, მატერიალური მდგომარეობით სხვადასხვა კატეგორიის ქალები, რომლებსაც გათხოვება სურდათ. 19 წლის გოგონებიც კი მწერდნენ, რომ ტრენინგში მონაწილეობა უნდოდათ. მე არ ვაძლევდი მათ ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობას. მოდიოდნენ პენსიონერი ქალებიც, რომლებიც შესაძლოა, არ გათხოვდნენ, მაგრამ ჯგუფურ შეხვედრებზე აქტიურად იყვნენ ჩართულები და თავს ბედნიერად გრძნობდნენ. მე ვასწავლიდი ქალებს, როგორ ყოფილიყვნენ გახსნილები მამაკაცთან ურთიერთობაში, როგორ უნდა ევლოთ თავაწეულებს, როგორ უნდა შეეცვალათ შინაბერული ცხოვრების წესი. ვაძლევდი საშინაო დავალებებს, მაგალითად, იმას, რომ საღამო გაეტარებინათ კლუბში და არა სახლში, მეგობრების გარემოცვაში. ჯგუფურ მეცადინეობებზე გვქონდა კონსპექტები, რომელთა მიხედვითაც, ხდებოდა, გარკვეული ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯების შესწავლა. 

დავით ხიზანიშვილი:

– 19 წელია, რაც გაცნობისა და ოჯახის შექმნის კლუბი ჩამოვაყალიბე. ვერც მოვთვლი, რამდენი ოჯახი შეიქმნა ჩვენი კლუბის დახმარებით. უფრო ადრე, სანამ კლუბს ჩამოვაყალიბებდი, როგორც გამომცემელი, ვუშვებდი გაზეთებს, „პაემანი“, „სიყვარულის სამყარო“. ეს გაზეთები ათეული წლის განმავლობაში გამოდიოდა და საკმაოდ ბევრი მომხმარებელიც ჰყავდა. მაშინ არ არსებობდა ინტერნეტი, სოციალური ქსელი, ადამიანებს უჭირდათ ერთმანეთის პოვნა. როგორც კი სოციალური ქსელი გააქტიურდა, გაზეთის გამოშვებამ აზრი დაკარგა.

– რატომ ვერ ჩაანაცვლა სოციალურმა ქსელმა გაცნობისა და დაოჯახების კლუბი, ვინ არიან ადამიანები, ვინც თქვენ მოგმართავენ და ძირითადად რა მოთხოვნები აქვთ, საცოლის, საქმროს ძიების პროცესში?

– ჩვენ ჩვენი კლიენტი ყოველთვის გვყავდა. რომ არ გვყოლოდა, კლუბი ამდენი ხანი არ იარსებებდა. ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში ვერ პოულობენ შესაფერის კანდიდატურებს, რადგან იქ ბევრი იტყუება, შეხვდები ადამიანს და აღმოაჩენ, რომ სხვაა. ინტერნეტში ჩვეულებრივი რამ არის პიროვნული მონაცემების, როგორც ვიზუალური მხარის, ასევე სხვა შესაძლებლობების გაზვიადება, ვირტუალური რეალობა ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა რეალობას. როდესაც ასეთი ადამიანების შეხვედრა ხდება, ამას ხშირად მოჰყვება იმედგაცრუება. ჩვენთან სხვის ფოტოს ხომ ვერ გამოიყენებენ, თუ ადამიანს კლუბში დარეგისტრირება უნდა, თვითონ უნდა მოვიდეს, გააფორმოს ხელშეკრულება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა ჰქონდეს.

– ცნობა ქალიშვილობის, ან ნასამართლობის, ან სხვა რაიმე განსაკუთრებული არ არის საჭირო? ან ოფიციალურად როგორ ხდება კანდიდატების დარეგისტრირება?

– კლუბში ერთწლიანი რეგისტრაცია 80 ლარი ღირს, ეს არის 12-თვიანი მომსახურება. თუ 12 თვეში არ გათხოვდა ქალი, ან კაცმა საცოლე ვერ მოძებნა, ის თავიდან რეგისტრირდება კლუბში. ჩვენ არ ვითხოვთ ბევრ ცნობას, რა მნიშვნელობა აქვს ამ ცნობებს, ნასამართლევ მამაკაცს არ შეიძლება რომ ცოლი ჰყავდეს? 18 წლიდან 65 წლამდე ყველა ადამიანს შეუძლია, გახდეს კლუბის წევრი და მოძებნოს სასურველი კანდიდატი. როგორც ვხედავ, გათხოვება ადრეც პრობლემა იყო და ახლაც ასეა. ზოგი ოთხჯერ თხოვდება, ზოგი ერთხელაც ვერ ახერხებს. ეს ალბათ ბედზეა დამოკიდებული.

– თქვენ როგორ უხსნით ბედს ადამიანებს?

– ჩვენ ვეხმარებით, შეხვდნენ ერთმანეთს, მათი პირველი შეხვედრა ჩვენთან ხდება. მერე, თუ ერთმანეთი მოეწონათ, თავიანთი გადასაწყვეტია. ბოლო პერიოდში კაცები უფრო მეტი მოდიან, ვიდრე ქალები, როგორც ჩანს, ქალებს უფრო ერიდებათ კლუბში მოსვლა. ვერ ვიტყვი, რომ ახლა სხვა მოთხოვნები აქვთ, ვიდრე 18 წლის წინათ, სტანდარტული კითხვარია, რომელიც წლებია არ შეგვიცვლია – ასაკი და გარეგნობა. დანარჩენი კითხვარი პირადულია და შემდეგ შეხვედრებზე თვითონ იკვლევენ.

ლევან კობალაძე, მედიცინის დოქტორი, ექიმი-სექსოლოგი:


– ის, რომ საქართველოში ქალებს გათხოვება უჭირთ, სუბიექტური მიზეზებიდან მომდინარეობს. ამ პრობლემას აქვს სექსუალური ხასიათის კონტექსტიც, რომელიც ძირითადად მამაკაცებთან არის დაკავშირებული. მამაკაცები, შეიძლება ითქვას, „დაშინდნენ“ და ფრთხილები გახდნენ ქალებთან ურთიერთობაში, ცხოვრების დაძაბული რეჟიმისა და მუდმივი სტრესების გამო, მამაკაცს ქალის მიმართ ლტოლვა შეუმცირდა, მამაკაცები აღარ ცდილობენ სექსუალური აქტივობით მოაწონონ ქალს თავი და სექსუალურად თითქოს „დაბეჩავდნენ“. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. როცა მამაკაცს არ აქვს მატერიალური საშუალება, ქალს შეხვდეს, დაპატიჟოს სადმე, გაუკეთოს საჩუქარი, ეს მისთვის იმდენად დიდი პრობლემაა, ურჩევნია, ცხოვრების აწყობილი რეჟიმი არ შეცვალოს და თავისი ჩვეული, მარტოხელა კაცის ცხოვრებით იცხოვროს. ასეთმა მამაკაცმა არ იცის ქალთან ურთიერთობა, ქალისა და კაცის ურთიერთობის ყველა ასპექტი მაინც პრაქტიკულ გამოცდილებაზე გადის. არასწორია სტერეოტიპი, რომ ქალისთვის პირველი ღამის გამოცდილება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. პირიქით, ჩემი აზრით, ეს ასპექტი მამაკაცის ცხოვრებაზე უფრო მძაფრად აისახება. პირველი ღამის შთაბეჭდილება მამაკაცისთვის განსაკუთრებულია. როცა ძველ თაობას დასცინიან 32 ლარად მოსკოვში გადაფრენისა და რუს ქალებთან თავისუფალი სექსუალური ურთიერთობის გამო, რეალურად ეს ასე იყო – ქართველი მამაკაცების ნორმალური სქესობრივი განვითარებისთვის ეს ურთიერთობები იყო ჰარმონიული და სასიამოვნო ემოციურ შთაბეჭდილებად რჩებოდა. დღეს ახალგაზრდა ვაჟები, იმისთვის რომ დაკაცდნენ, მეგობრებთან ან ზოგჯერ მამის მეგობრების ხელშეწყობით მიდიან სექსმუშაკებთან. როგორც წესი, მათ არ აქვთ იმდენი ფული, რომ კარგ სექსმუშაკთან ჰქონდეთ ურთიერთობა. ამის გარდა, როგორც წესი, ვაჟები მიდიან ჯგუფურად და პირველი ღამის შთაბეჭდილება მათთვის იმდენად მძიმე რჩება, რომ სექსოლოგთან წლების შემდგომ ვიზიტის დროსაც კი, როდესაც მათ სქესობრივი პრობლემები აქვთ, საკმაოდ ხშირად იხსენებენ პირველი ღამის მძიმე ემოციებს. განაგრძეთ კითხვა:



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS