01 აგვისტო, 2018
"ერთ კვირაში სამჯერ "დამჭრეს" და ერთხელ "მომკლეს", მყავდა ბევრი "ქმარი" და ბევრჯერ "გამყიდეს"
პროექტზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება, ჩემი მეგობრის 18 წლის გოგონასგან გავიგე. დავინტერესდი და პროექტის ავტორს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელსა და, როგორც აღმოჩნდა, ჩემს ძველ ნაცნობს - ზურაბ ქველიძეს დავუკავშირდი. მან მიამბო, რომ სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები 2016 წლიდან წელიწადში ორჯერ მიემგზავრებიან ხოლმე ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ქართული ბატალიონი ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში გამგზავრების წინა სწავლების პროცესს გადის.

სტუდენტები ინსტრუქტორებთან ერთად ჯარისკაცებისთვის იმიტირებულ სცენებს დგამენ, სადაც ავღანურ მხარეს
წარმოადგენენ და ამით ეხმარებიან სამხედროებს იმ რეალობასთან მიახლოებაში, რასაც მისიაში ყოფნისას შეიძლება შეეჯახონ. პროექტი, როგორც ჩანს, ძალიან სასარგებლოა სტუდენტებისთვისაც, რადგან მისი ხელმძღვანელობა - რექტორი გიორგი მარგველაშვილი და დრამის ფაკულტეტის დეკანი გიორგი შალუტაშვილი მასში მონაწილეობას დათანხმდნენ.

ზურაბ ქველიძე, პროექტის ავტორი:
- წვრთნებში მომავალი მსახიობები ეუფლებიან სამხედრო უნარ-ჩვევებს, რაც შემდგომში თავის პროფესიაშიც გამოადგებათ. პროექტი შესანიშნავი საშუალებაა ჯარისკაცებისა და სტუდენტების დამეგობრებისთვისაც. მადლიერი ვარ ყველა ადამიანის, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს: თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და მისი სტუდენტების.


ნუკა ქევხიშვილი, სტუდენტი, რეჟ. თემურ ჩხეიძის ჯგუფი:
- "თეატრალურში" ფეხის შედგმისთანავე განვაცხადე, ჯარში უნდა წავიდე-მეთქი. შანსიც მომეცა და ხელიდან როგორ გავუშვებდი! ვიცოდი, საველე პირობებში უნდა გვეცხოვრა და ვფიქრობდი, დასაბანი საშუალებაც არ გვექნებოდა, მაგრამ მაინც წავედი. აშკარად მოვტყუვდი. ჩემს შეხედულებებზე ახლა მეცინება. ჯარის ხალხი წარმომედინა ძალიან დაკუნთული, სერიოზული და მკაცრი, არადა, დამხვდნენ ძალიან მხიარულები და საოცრად საყვარელი ადამიანები, ვისთანაც ახლაც ვმეგობრობ.

ქეთი მუმლაძე, სტუდენტი, რეჟ. გიორგი სიხარულიძის ჯგუფი:
- ძალიან კომფორტული გარემო შეგვიქმნეს და ეს 6 დღე არასდროს დამავიწყდება. სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ, სერჟანტმა ნოდარ ჯელიამ და მაიორმა ლევან გოგოლიძემ პირველივე დღეს გაგვაცნეს, რა გვევალებოდა და გადაგვანაწილეს მისიებზე, ანუ 3 პუნქტში - ბაზაზე, სოფელ ჯანდარაში და ზემოსოფელში. ირგვლივ სულ მინდორი იყო და მზეც ძალიან აჭერდა. პირველივე ლექციისას გაგვაფრთხილეს, ადრე აქ გველების სახლი იყო და დღესაც არიან გიურზები, ამიტომ ყურადღებით იყავით, ფრთხილად იარეთ და ძირს იყურეთო. თავიდან ძალიან შემეშინდა, ლამის, ყველგან მელანდებოდნენ, მაგრამ მალევე გამიარა შიშმა.



მეგონა, მხოლოდ უგემურ წვნიანს შევჭამდით, თუმცა... მართალია, როგორც ველოდი, ლითონის ჯამებით გვაჭმევდნენ, მაგრამ უგემრიელესი საჭმელები იყო და, რა თქმა უნდა - არა მხოლოდ წვნიანი. მე მგონი, წონაში მოვიმატე კიდეც.

გრძელმკლავიანი შავი კაბები გვეცვა და თავშალი ისე გვქონდა შემოხვეული, მხოლოდ თვალები გვიჩანდა - ჩვენ ხომ ავღანელი ქალები ვიყავით! მე ნიგარა მუსლიმი მერქვა. "პასპორტიც" კი მქონდა.

ნუკა:
- მე ბევრი სახელი მქონდა: ლეილა ალი, ფატიმა ქოღლი და იალ მასრარა. ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო - უჩვეულო გარემოც და ჩემთვის უჩვეულო ადამიანებიც. გავერთე კიდეც: მახსოვს, ერთ სიტუაციაში, სამშვიდობოების დანახვაზე ისეთი ყვირილი და მოთქმა ავტეხეთ, - გვიშველეთ-თქო; მერე, ასევე, წივილ-კივილით გავიქეცით "ჩვენი დაჭრილი კაცებისკენ", მერე სახლში გამოგვკეტეს და იქიდან ვყმუოდით, რომ ბოლოს გაგვაფრთხილეს, ავღანელი ქალები ასე არ იქცევიანო. სცენარები სულ იცვლებოდა.

- რა სცენარი აღმოჩნდა ყველაზე მეტად შთამბეჭდავი?

- ჩემთვისაც და ქეთისთვისაც ვერტმფრენით გადაფრენა. ეს ჩემი პირველი ფრენა იყო და უბედნიერესი ვიყავი. ვნატრობდი, ნეტავ, ჩემი ოჯახის წევრები მხედავენ-მეთქი... სხვათა შორის, ერთ კვირაში სამჯერ "დამჭრეს" და ერთხელ "მომკლეს", მყავდა ბევრი "ქმარი" და ბევრჯერ "გამყიდეს"... განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS