24 ივლისი, 2018
მამა აკაკის ეშმაკი გამოეცხადა - როგორ კურნავს მამაო დაავადებულებს
მამა აკაკი (მელიქიძე) უამრავი ადამიანის იმედია. როცა მოძღვარი კვეთებულს კითხულობს, მეტეხის ტაძარი სავსეა ადამიანებით, რომლებიც იქ საკუთარმა ან ახლობელი ადამიანების სულიერმა თუ ფიზიკურმა ტკივილმა მიიყვანა. ეს ლოცვა მათ განკურნებაში ეხმარება.
მამა აკაკი: კვეთებულის ლოცვა არის ზეციდან უფლის მადლის მოწვევა. ამ დროს უშუალოდ უფლის ძალისხმევით ხდება ადამიანებისგან ბოროტ სულთა განდევნა და ადამიანების, როგორც პიროვნებების, გათავისუფლება. ეს ბოროტი ძალა შეიძლება, უფლის მიერ იყოს დაშვებული ადამიანზე, იმისთვის, რომ ის ბრალშია, მოუნანიებლადაა და როდესაც გონს მოეგება, თვით უფალი ათავისუფლებს მისი
ზეგავლენისგან.

კვეთებული შუამდგომლობის აღძვრაა ღვთის წინაშე ბოროტი სულით შეპყრობილი ადამიანებისათვის, კვეთებულები არსებობს იმისთვის, რომ ადამიანები უფალმა გაწმინდოს. ისინი თანდათან თავისუფლდებიან. საჭიროა მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება, მაზიარებლობა, მარხვა, ლოცვა. თუკი ადამიანი ასე ცხოვრობს, მისი აქტიურობიდან გამომდინარე, მალევე დადგება მისი განწმენდისა და გათავისუფლების დრო.

– ვინ როგორ რეაგირებს კვეთებულის ლოცვაზე და რით არის ეს გამოწვეული?
– ეს ლოცვა ისე არის შედგენილი, რომ მასში ღმერთი იდიდება, ღმერთის ძალა გამოიწვევა. ამ ლოცვაში მოხსენიებულია უფლის მიერ ჯოჯოხეთის შემუსვრა და ამდენად ადამიანები, ვისშიც ბოროტი სულებია შესული, ვერ ითმენენ უფლის ძალას და სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვთ. შეიძლება, გულყრა დაემათოს და დაბლა დასცეს. როგორც სახარებაშია აღწერილი, უფალმა შერისხა ბოროტი სული და განდევნა. ის, როგორც მკვდარი ისე იქმნა.

დაცემა ამ ადამიანებისგან ბოროტი სულის გასვლას ნიშნავს. ზოგი სხვადასხვანაირ ხმას გამოსცემს, აგრესია აქვთ სიწმიდეების მიმართ და უღირს რამეებს ამბობენ, რადგან ჯვარი და ხატი მათი შემმუსვრელია. ამიტომ ებრძვიან და ვერ იტანენ. მათ დანახვაზე მეტად მძვინვარდებიან და რაც უფრო მეტი დარტყმა მიადგებათ, გრძნობენ, რომ მათი აღსასრული მოახლოვდა და იბრძვიან, რომ ამ ადამიანში გააგრძელონ არსებობა. მათთვის ხორციელი ადამიანები სახლებია, რომელთა საშუალებითაც გადაადგილდებიან და სხვადასხვა ქმედებების ჩადენა შეუძლიათ. ადამიანებში მსუბუქად გრძნობენ თავს და როცა მათი სხეულიდან იდევნებიან, მათ მიეთითებათ – „წავედ იქ, სადაც ჯოჯოხეთი და სატანჯველია“. რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ იმ სატანჯველში არ მოხვდნენ.

– როდის მიხვდით, რომ უფლის ძალით ადამიანების დახმარება შეგეძლოთ?

– უფლის მოწოდებით ეკლესიას დავუკავშირდი, ტაძარში შემოვედი და ამ ცხოვრებით დავინტერესდი. იმ დროიდან ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ ადამიანის პირით ეშმაკი ამბობს: არ გავალ, არ გავალ, მერე მოძღვარი ამ ადამიანს ჯვარს სახავს და იმას საშინელება ემართება. ჯვრის ყოველ გადასახვაზე იგრიხება და გონებას კარგავს.

„გამოვედ ამისგან“, – იმეორებს მოძღვარი, მერე ის ბოროტი მიყუჩდება და ადამიანი ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. ამან დამაინტერესა, რაღაცნაირად მიმიზიდა, უფრო მეტად გააღრმავა ჩემი სარწმუნოება. ნათლად დავინახე, ვისგან და ვის მიერ უნდა ვიყოთ დაცულები.

მაშინ მედავითნე ვიყავი, ეს ლოცვები ჩემებურად, ინტერესის გამო წავიკითხე. მერე შებრძოლება მქონდა. არ ვიყავი კომპეტენტური, არც მოძღვარი ვიყავი, არც ხარისხი მქონდა. სიზმრისეულ ხილვაში უცბად, მხარში დარტყმა ვიგრძენი და თვალი რომ გავახილე, მაღალი, ძალიან გამხდარი შავი არსება დავინახე, რომელსაც თავი არ მოუჩანდა, სადღაც ბნელში იკარგებოდა. ტყავის ქურთუკის მაგვარი რაღაც ეცვა და დამემუქრა: შენ წამოდი, მაგისთვის სეირს გიჩვენებო.

მივხვდი, რატომაც მოხდა ეს, ბოროტის შემოტევა იყო იმის გამო, რომ მე ვიღაცის გამო წარვმართე ლოცვა, ვისაც უჭირდა, ეპილეფსია ჰქონდა, საბრალო ადამიანი იყო და იქნებ, როგორმე დავეხმარო-მეთქი. ეს რომ გავიაზრე, ალბათ, ამიტომ წამოვიდა მისგან შემოტევა. აქედან ჩაეყარა საფუძველი ჩემ მიერ ამ ლოცვის კითხვას. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS