20 ივნისი, 2018
"ყველა მღვდელი ერთად რომ შეგროვდეს მის გამოსალოცად - ჯადო არ დაირღვევა"
არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში ათონელი ბერი პაისის განმარტებას აქვეყნებს.

"წმიდაო მამაო, ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ მას ჯადო გაუკეთეს. შეიძლება თუ არა, რომ ჯადომ ავნოს კაცს?

- თუ ადამიანს სინანული აქვს და აღსარებას ამბობს, მაშინ შეუძლებელია. იმისათვის, რომ ჯადომ იმოქმედოს კაცზე, მან თავად უნდა მისცეს ეშმაკს ამის მიზეზი.

მაგალითად, როდესაც ადამიანი ვინმესთან დამოკიდებულებაში უსამართლოდ იქცევა, ტყუილით შეაცდენს ქალიშვილს, ან რაიმე ამის მსგავსს ჩაიდენს. ასეთ შემთხვევაში მან უნდა შეინანოს თავისი დანაშაული, შენდობა სთხოვოს მას, ვისაც აწყენინა.

აღსარება თქვას, გამოსწორდეს და ამგვარად წაშალოს თავისი ნამოქმედარი. სხვა შემთხვევაში - ყველა მღვდელი ერთად რომ შეგროვდეს მის გამოსალოცად - ჯადო არ დაირღვევა.

მისთვის არც არანაირი ჯადო რომ არ გაეკეთებინათ, მისგან შეურაცხყოფილი სულის უმნიშვნელო მრისხანებაც კი იკმარებდა, რომ იგი სასტიკად დატანჯულიყო.

უსამართლობა ორი სახის არსებობს: მატერიალური და ზნეობრივი. მატერიალურია, როდესაც ადამიანი უსამართლოდ ექცევა ვინმეს მატერიალურ, ნივთიერ საგნებთან მიმართებაში, ზნეობრივი უსამართლობაა, როცა, ვთქვათ, ვინმე თავბრუს დაახვევს ქალიშვილს და შეაცდენს მას. თუ მოტყუებული ქალიშვილი ობოლია, მისი შემაცდენელი ხუთგზის დიდ ცოდვას იდებს თავს.

იცით, რა ჩქარა პოულობს ომში ტყვია ასეთ უზნეო ადამიანებს? ომში ღვთის სამართლიანობა და ღვთის ზრუნვა ადამიანებზე განსაკუთრებული ძალით ჩანს.

ომი ვერ იტანს უპატიოსნებას - სინდისგარეცხილ ადამიანს ტყვია მყისვე მიაგნებს. ერთხელ ჩვენს ორ ასეულს უნდა შეეცვალა მოწინავე ბატალიონი, რომელიც დასასვენებლად მიდიოდა. შეცვლის დროს კომუნისტები შეტევაზე გადმოვიდნენ და ომი გაჩაღდა.

ერთმა ჯარისკაცმა მიმავალი ბატალიონიდან წინა დღეს საზიზღარი უპატიოსნო საქციელი ჩაიდინა, ძალა იხმარა საბრალო ორსულ ქალზე. და რა: იმ ომში ერთადერთი ის მოკლეს. განა ეს საშინელება არ არის? შემდეგ ყველა ამბობდა: „ასე უნდოდა იმ პირუტყვს - დამსახურებულად მიიღო!“

ასევე ემართებათ იმათაც, ვინც ეშმაკობს, ცდილობს, გაიქცეს და დაიმალოს - საბოლოოდ მოკლულები ისინი აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. ის, ვისაც ძლიერი რწმენა აქვს, ბუნებრივია, რომ პატიოსნად და ქრისტიანულად ცხოვრობს. და აი, რა შეიმჩნევა: ასეთი ადამიანები საკუთარი სხეულის პატიოსნებას უფრთხილდებიან და ეს მტრის ტყვიისა და ყუმბარის ნამსხვრევისაგან უკეთ იცავს მათ, ვიდრე დაიცავდა უფლის პატიოსანი ჯვრის ნაწილი, მკერდზე რომ ეტარებინათ.

____________
წმ. პაისი ათონელი" - წერს არქიმანდრიტი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მაკა
ბაბუაჩემმა, სკოლის დირექტორმა, მიუხედავად ჯავშანისა, 2 პატარა დატოვა და სამშობლოს დასაცავად ომში წავიდა. ქერჩთან დაიღუპა. როცა უამრავი დეზერტირი დღესაც ცოცხალია. ზუსტადაც რომ მატყუარებს და აფერისტებს უფრო უმართლებთ ომში.
19:31 / 20-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ვახო...
დიდება უფალს! და დიდი მადლობა ყველაფრისათვის! უფალო შეგვიწყალე!
17:40 / 20-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS