04 ივნისი, 2018
გაიცანით რაჭველი სტუდენტი, რომელიც მშობლიურ სოფელში "ბუგეულში" ღვინოს ქვევრებში აყენებს
ახალგაზრდა მეღვინე გიორგი ჭელიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ახალგაზრდობაშივე გაიგო ქართული ღვინის ხიბლი და რაჭაში, მშობლიურ სოფელ "ბუგეულში" ხარისხოვანი რაჭული ღვინის დაყენება და რაც მთავარია, ბოთლში ჩამოსხმა გადაწყვიტა. გიორგი სტუდენტია და შესაბამისად, დროის სიმცირეს განიცდის. თუმცა, ამის მიუხედავად, იგი თავისუფალ დროს რაჭაში მიდის და ვენახსა და ღვინოს უვლის. მისთვის ეს საქმე არა მხოლოდ წინაპრების პატივისცემას უკავშირდება, არამედ გიორგის სურს, რომ ამოიცნოს ქართული ვაზისა და ღვინის დიდი და ღრმა შესაძლებლობები.

გიორგი ჭელიძე, მევენახე-მეღვინე: "ჩვენს მარანში არსებული ქვევრების
შესახებ ბებია ხშირად მიყვება, იგი ყოველთვის იხსენებს, რომ ეს ქვევრები მამამისმა მის ღრმა ბავშობაში "შროშიდან" მოიტანა, ხოლო შემდგომ ჩემმა ბებიამ და ბაბუამ ისინი ახალ სახლში გადმოიტანეს. შესაბამისად, ამ ქვევრებს დაახლოებით 85-90-წლიანი (დაახლოებით, რა ასაკისაც ჩემი ბებიაა) ისტორია გააჩნიათ. ამიტომაც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღვინის წარმოება საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ. ალბათ დაინტერესდებოდით, ამდენი წლის ქვევრებში ღვინოს ისევ ვაყენებთ თუ არა - დიახ ვაყენებთ.

- როდის გადაწყვიტეთ ღვინის ბოთლში ჩამოსხმა?
- რაც შეეხება ბოთლში ჩამოსხმას, ამ უკანასკნელს ხელი დაახლოებით 7თვის წინ მოვკიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლიდი ეს ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო, მაინც გავბედე. ამის მიზეზი, რამდენიმე ფაქტი გახლდათ. პირველი ის, რომ ამისთვის საჭირო მოწყობილობები გაგვაჩნდა, ასევე ის, რომ უკვე აგრარული უნივერსიტეტის, მეღვინეობა-მევენახეობის მე-2 კურსის სტუდენტი ვიყავი და ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღება შემეძლო.

Rating

ასევე, ღვინის წარმოება და შემდგომ მისი ბოთლებში ჩამოსხმით რეალიზაცია ჯერ ერთი, რომ პრესტიჟულია და უკვე გამოგარჩევს სხვებისგან, ხოლო მეორე გაცილებით მომგებიანია, ვიდრე ყურძნის გაყიდვა. ამას პლიუს, ბაბუაჩემის მიერ დაყენებული ღვინო ყოველთვის მოწონებას იმსახურებდა, შესაბამისად, ვიფიქრე, ეს პირველი ნაბიჯი უშედეგოდ არ ჩაივლიდა.

- დღეს ძირითადად რა ღვინოებს აწარმოებთ და აქვე შეგეკითხებით, ბოლო წლებში განხორციელებული სიახლეების შესახებ

- დღეს მომხმარებელს შეგვიძლია შევთავაზოთ: რაჭული (წულუკიძის) თეთრა, ალექსანდროული/მუჯურეთული. სამომავლოდ ვაპირებთ დავამატოთ: ცოლიკაური და რამდენიმე რაჭული (ჯერჯერობით არც თუ ისე ცნობილი) ჯიშისგან დაყენებული ღვინო. ასევე გვაქვს 2015 წლის მოსავლის, თეთრი, მშრალი ღვინუკა - რაჭული თეთრა.



ბოლო დროის სიახლეებია ის, რომ გვაქვს 3 წლის ახალშენი, რომელიც 2 ჰექტარზეა გაშენებული (ძირითადად ალექსანდროულითა და მუჯურეთულით) და მალე მოსავალს სრულად მოგვცემს, ამ დროიდან უკვე შეგვეძლება ღვინის დიდი რაოდენობით წარმოება.

- გვითხარით, გეხმარებათ თუ არა ოჯახი ყურძნის მოწევაში და ღვინის დაყენებაში?

- მეღვინეობაში ჩართული არის ჩემი ოჯახის ყველა წევრი. ჩემს 85 წლის ბებოს, მიუხედავად ასაკისა, ჩემთვის გასაოცარი ენერგია და მოტივაცია გაააჩნია, ის ყოველთვის ვენახში არის და ყოველთვის რაღაცას აკეთებს. ჩემს მშობლებს კი ჩემთვის ამოუცნობი შესაძლებლობები გააჩნიათ, ისინი ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ ვაზს უვლიან და ამიტომაც უწევთ ძალიან დიდი დროის და ენერგიის ვენახში ხარჯვა. ხოლო მე უნივერსიტეტში სწავლის მიუხედავად, ვცდილობ, მაქსიმალური დრო გავატარო რაჭაში და მეტად მივიღო მონაწილეობა ყველა პროცესში. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS