ძალიან მხიარული, თავგადასავლების მოყვარული, პოზიტიური, ლამაზი - კიდევ ათასი კარგი სიტყვის დაწერა მოგინდება, როცა ამ ადამიანზე იწყებ წერას... თეა ინასარიძე ჩემი კოლეგაა, მაგრამ მას უკვე იცნობენ არა მხოლოდ როგორც ჟურნალისტს, არამედ როგორც ბესტსელერის ავტორს.
მისი წიგნი ყველა თაობის ადამიანისთვის საინტერესო საკითხავი აღმოჩნდა, რაც თავად მწერალსაც უკვირს. მადლიერია მკითხველების, მათგან ყოველდღიურად გრძნობს სიყვარულსა და სითბოს. დღე არ გავა, სოციალურ ქსელში სიყვარულით აღსავსე წერილი არ მიიღოს.
ამას წინათ ერთ-ერთი "ფეისბუკმეგობარი" წერდა:
- ალბათ, უცნაურია, მაგრამ მწერლობაზე არასოდეს მიოცნებია. ვერც იმას წარმოვიდგენდი ოდესმე, რომ წიგნის მაღაზიებში ჩემს წიგნს ვიხილავდი და ის ბესტსელერი გახდებოდა. ეს წარმატება ჩემთან მოულოდნელად მოვიდა. ბავშვობიდან მინდოდა, რეჟისორი გამოვსულიყავი და ჩემი დაწერილი სცენარების მიხედვით, საინტერესო ფილმები გადამეღო. სწორედ ამიტომ ჩავაბარე სარეჟისორო ფაკულტეტზე.
- წერა როდის დაიწყე?
- მოზარდობის პერიოდში დავიწყე. 90-იან წლებში, როდესაც არც ინტერნეტი იყო, არც კომპიუტერი, არც დენი და საერთოდ არაფერი... დრო რომ მომეკლა, სანთლის შუქზე ჯერ დღიურებს ვწერდი, ჩემს პატარა თავგადასავლებს, რომელსაც არავის ვაკითხებდი. რვეულში, კალმით ვწერდი და რომ გავავსებდი - ვაგდებდი. შემდეგ სცენარებზე გადავედი. პირველი ადამიანი, ვინც ჩემი ნაწერები წაიკითხა, ჩემი პირველი ლექტორი - ლევან კიტია იყო, რომელიც რეჟისურის საფუძვლებს მასწავლიდა. მახსოვს, მისაღებ გამოცდაზე დავალება მოგვცეს, უნდა დაგვეწერა "შვილისათვის მოსაყოლი ამბავი". მეც ავდექი და შავი კომედია დავწერე სათაურით: "როგორ ააფეთქა ბებიაჩემმა დედამთილი და დაწვა მამამთილი". იმ დღის შემდეგ დეკანატში "ტარანტინო" შემარქვეს (იღიმის). ვფიქრობ, წერის სპეციფიკური სტილი მაქვს. მიყვარს მოულოდნელი სვლები, სიუჟეტის ლაბირინთივით ჩახლართვა, ჩემი გმირები მუდამ რაღაც საიდუმლოს ძიებასა და თავგადასავლებში არიან. "გათხოვილის დღიური" ჩემი პირველი წიგნია, რომელიც თავიდან ბლოგის სახით, ეპიზოდებად იდებოდა საიტზე "მარაო.გე" და ძალზე პოპულარული იყო ინტერნეტსივრცეში. ეს გახლავთ ჩემი პირველი რომანი, რითიც საზოგადოების წინაშე წარვდექი. თუმცა, ვერც მაშინ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდა. მეტიც, ანონიმურობა ვარჩიე და ავტორის ვინაობა მხოლოდ რომანის დასრულების შემდეგ, ისიც მკითხველის დაჟინებული თხოვნის გამო გავამხილე. ოთხი წლის შემდეგ კი, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა "გათხოვილის დღიური" წიგნად გამოსცა და ერთ თვეში პირველი ტირაჟი გაიყიდა. დღემდე გაოცებული და უზომოდ ბედნიერი ვარ. დღე არ გავა, მკითხველის თბილი წერილი არ მივიღო სოციალურ ქსელში.
განაგრძეთ კითხვა: