20 მარტი, 2018
მასწავლებელი სტუდენტი, რომელიც ლექციებზე შვილთან ერთად დადის
3 თვის ალექსანდრეს დედა, 32-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მასწავლებელი და ილიას უნივერსიტეტის მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტი თათია ლაბაძე, ლექციებზე შვილთან ერთად დადის.

EDU.ARIS.GE თათიას ლექციაზე ესტუმრა. ამბობს, რომ მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლა მაშინ დაიწყო, როდესაც ფეხმძიმედ იყო, თუმცა, არ დაუხევია უკან იმის გამო, რომ ბავშვის გაჩენა მალე უწევდა. იცოდა, რომ მეორე სემესტრის გატარება ბავშვთან ერთად მოუხდებოდა და პროგრამაზე მაინც ჩააბარა. ფიქრობს, რომ პროგრამის დასრულებასთან ერთად მისი პატარაც გაიზრდება და უფროსი მასწავლებლის სტატუსსაც მიიღებს.

„არ
დავკარგე ერთი წელი. თუ გავჩერდებოდი და ფეხმძიმე არ ვივლიდი, ერთი წელი პროფესიულ წინსვლისთვის დამაკლდებოდა. ახლა კი ყველაფერი მექნება: პატარასაც გავზრდი და უფრო მასწავლებლის სტატუსიც მექნება.

მინდა ვისაუბრო, სამსახურში ჩემი მიღების პროცესზეც. დირექტორმა მასწავლებლად ფეხმძიმე მიმიღო. მას არ გაუთვალისწინებია ჩემი მუცელი. მშობლებსაც აუხსნა, რომ ფეხმძიმობა არ ნიშნავს ავად ყოფნას, რომ ეს არის ძალიან კარგი მდგომარეობა. რასაკვირველია, მე მოსწავლეების წინაშეც ვგრძნობდი პასუხისმგებლობას და ვფიქრობდი, რომ შვილის გაჩენის შემდეგ, სამსახურს მალევე დავუბრუნდებოდი“, – ამბობს თათია.

რაც შეეხება ლექციებზე ბავშვთან ერთად სიარულს, იმიტომ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ შაბათობით აქვს უნივერსიტეტში ლექციები, თან დილიდან საღამომდე. ამდენხანს კი ვერც ბავშვთან განშორებას აიტანდა და ლექციების გაცდენაც ცუდად იმოქმედებდა მის აკადემიურ მოსწრებაზე. სხვა ვარიანტზეც ფიქრობდა, რომ ლექციის შუალედებეში მამიკო მოიყვანდა ბავშვს საჭმელად და შემდეგ ისევ უკან წაიყვანდა, თუმცა, ალექსანდრე ისეთი ყოჩაღი აღმოჩნდა, რომ დედას არც სწავლის პროცესში უშლის ხელს და რაც მთავარია, თვითონაც ძალიან მშვიდად გრძნობს მასთან ერთად ლექციებზე თავს.

„ბუნებრივ კვებაზე არის და არ მინდოდა, მთელი დღე ყოფილიყო ხელოვნურზე. მეორე იმიტომაც, რომ არ მინდა, მთელი დღე მოშორებული ვიყო ბავშვს. დილის 9-საათიდან საღამოს 7-საათამდე მაქვს ლექციები. კიდევ იმიტომ, რომ ავირჩიე დევიზი „ბავშვი ყველგან“. თან ამაში თვითონ ბავშვიც მიწყობს ხელს. თვითონ არის უპრობლემო. უკვე მყავდა „იავნანას“ საქველმოქმედო კონცერტზე, ანუ შეუძლია წყნარად ყოფნა. პრეზენტაციაზე, ერთი თვის იყო, რომ მოვიყვანე. ახლა უკვე აქტიურად დავდივართ უნივერსიტეტში. ჯერ-ჯერობით ვახერხებ, რომ არც ბავშვს მოვაკლო ყურადღება და ლექციებიც არ გავაცდინო. თუ დავნებდებოდი, ბავშვი რომ გაჩნდა, არც სამსახურში გავიდოდი“.

– ლექციებზე როგორ იქცევა ალექსანდრე?

– ლექციებზე არ გვიშლის ხელს. არავის აწუხებს. 2-ჯერ უკვე ეძინა. სანამ ლექციებს დავასრულებ, მესამე ძილსაც მოასწრებს. მერე წავალთ სახლში. შესვენებებზე ჩემთან ერთად ისვენებს. რაც ძალიან მომწონს, ესაა კომუნიკაცია ჩემს ჯგუფელებთან. ამდენ გაღიმებულ სახეს ერთად რომ უყურებს, ძალიან მიხარია.


იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS