13 თებერვალი, 2018
სიმსივნით დაავადებული 42 წლის პაციენტის ოჯახი ქართველ ექიმს თაღლითობაში ადანაშაულებს
42 წლის ლევან დარბაისელის ოჯახი ექიმ არჩილ გოგოლაურს თაღლითობასა და მკურნალობის თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. სიმსივნით დაავადებული პაციენტის ოჯახის თქმით, გოგოლაურმა მათ თურქეთის კლინიკასთან შუამავლობა გაუწია და 27 500 დოლარის სანაცვლოდ, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებას დაპირდა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ლევან დარბაისელს თურქულ კლინიკაში სტანდარტული ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს.

არჩილ გოგოლაურის წინააღმდეგ დარბაისელებმა პროკურატურაში სარჩელი 2017 წლის ივლისში შეიტანეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე - თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.

ნინო დარბაისელი, ლევან დარბაისელის მეუღლე:
ლევანი 2007 წლიდან
ონკოპაციენტია, საქართველოში რამდენიმე ქიმიოთერაპიის, სხივოთერაპიის კურსი გვაქვს ჩატარებული. ასე მოვდივართ დღემდე. მადლობა ღმერთს, რომ ლევანის ორგანიზმი მკურნალობას ემორჩილება, თუმცა, გარკვეული ხნის შემდეგ ისევ რეციდივი ვითარდება და... ბრძოლის ველზე ვართ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ვიმარჯვებთ, მერე ისევ... გასული წლის თებერვალში კლინიკა "მედულას" ექიმების გუნდმა, მდგომარეობიდან გამომდინარე, კონსილიუმის წესით გადაგვიწყვიტა, რომ ლევანისთვის აუცილებელი იყო მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსი, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციით ჩატარებოდა. მათი აზრი გაიზიარეს თოდუას კლინიკის ონკოლოგებმაც.



ამჟამად საქართველოში სტანდარტული ქიმიოთერაპიის კურსი ბევრგან, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსი კი არსად ტარდება. აღნიშნულ სერვისში გერმანულმა კლინიკამ - 98 000 ევრო მოგვთხოვა, სახლიც რომ გაგვეყიდა ამხელა თანხას ვერ მოვაგროვებდით; თურქულმა კლინიკა "ანადოლუმ" - 49 500 დოლარი, ამხელა თანხის თავმოყრაც ძნელი იყო. განვაგრძეთ ძიება და გავიგეთ, რომ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის მაკა გვარამიას მეუღლე, ექიმი-გინეკოლოგი არჩილ გოგოლაური მუშაობს ერთ-ერთ თურქულ კლინიკაში და ქართველ პაციენტებს შუამავლობას უწევს თურქეთში მკურნალობის ჩატარებაში. მას გავუგზავნეთ ლევანის მონაცემები და მოგვწერა, რომ სტამბოლში მრავალპროფილურ კლინიკა "სანტე პლუსში" ექიმად მუშაობდა. ამ კლინიკის ინვოისიც გამოგვიგზავნა - მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებაში, ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვით, 30 ათას დოლარს მოითხოვდნენ. გავგიჟდით სიხარულით. რამდენიმე დღეში, თბილისში ჩამოვდივარ, გაგიცნობთ, დავილაპარაკოთო.

ისე დაგვამშვიდა ამ შეხვედრაზე, ისე გადაეხვია და გულში ჩაიკრა ლევანი, ისეთი სითბოთი და სიყვარულით მიგვიღო - ოღონდ კარგად იყავით, 7 ათასი დოლარი მაქვს ხელფასი, მე თქვენი არაფერი მინდა, რაც შემიძლია კაცურად დაგიდგებით გვერდშიო. აბსოლუტური ნდობა დაიმსახურა ჩვენში ამ კაცმა. მიგვაჩნდა, რომ მხსნელად მოგვევლინა. აგვიხსნა: ჩემი მეგობარი კლინიკა "სანტე პლუსის" დამფუძნებლის შვილი და დირექტორია, ვუთხარი, ჩემები რომ ხართ, ამიტომ დაუშვა გამონაკლისი, ასეთ მისაღებ ფასად რომ დაგვთანხმდნენ მკურნალობაზეო.

მკურნალობისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 4 ათასი დოლარი გადარიცხა "სანტე პლუსში", მერიამ - 20 ათასი ლარი, რაც მთლიანობაში 12 500 დოლარი გამოდიოდა. დანარჩენი თანხების მოძიებით დაკავებულები რომ ვიყავით, ბატონმა არჩილმა გვითხრა - ჩემს თავზე ვიღებ, იმ 30 ათასიდან 2 500 დოლარს კიდევ დავაკლებინებ, დანარჩენი ხელზე მომეცით და მე გადავრიცხავო. თანხის ნაწილი თბილისში, ნაწილი კი სტამბოლში გადავეცით, სადაც 2017 წლის 28 მარტს ჩავედით. არჩილ გოგოლაური აეროპორტში მანქანით დაგვხვდა და კლინიკაში დაგვაბინავა.

ჩვეულებრივი კლინიკა იყო, მაღალსტანდარტულს ვერ დაარქმევთ. თარჯიმანი რომ მოვითხოვეთ, არჩილმა მე აქ არ ვარო? ამის შემდეგ თქვენთვის მაღალი რანგის ონკოლოგი მოვიწვიეო - იუსუფ ბაშერი წარგვიდგინა. ბაშერმა ლევანი დაათვალიერა, მერე კი არჩილთან ერთად ითათბირა და არჩილმა აგვიხსნა: ძვლის ტვინიდან ღეროვანი უჯრედების ამოღება რთული პროცედურაა და რომ არ დავჯიჯგნოთ, ვაწვალოთ ლევანი, კლინიკა მისთვის გერმანიიდან ძვირადღირებულ პრეპარატს გამოიწერს, რომელიც ღეროვან უჯრედებს ჩაანაცვლებს და მერე შევუდგებით მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებასო. ჩვენ დავთანხმდით.

- როდის შეიტანეთ ეჭვი, რომ ლევან დარბაისელს მკურნალობის ის კურსი არ უტარდებოდა, რაც მოილაპარაკეთ?

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS