ყველაფრის შენახვა - „იქნებ დაგვჭირდეს“
აივნებზე, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში აშენებულ მრავალბინიან სახლებში, დღესაც ნახავთ შენახულ უამრავ ნივთს, რომლებისთვისაც 10-20 წელია ხელი არავის უხლია. ეს შეიძლება იყოს დაშლილი მანქანის ნაწილები, ძველი რადიო და ბევრი მისთანა. არაფერი ითქმის ბებიების დროინდელ, 50-იანი წლების კლიფსებზე, ალბათ, იმიტომ რომ კვლავაც მტკიცედ ზის
კარგი ნივთების „მერესთვის“ შენახვა
პრაქტიკულად, ყველა საბჭოთა ოჯახში ინახებოდა გერმანული სერვიზი, ესტონური ქილები ფხვიერი პროდუქტისთვის და ბევრი სხვა რამ, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ იყენებდნენ და სერვანტში ჰქონდათ შენახული. ასეთ ნივთებს ხშირად ჩუქნიდნენ ქორწილებში, საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად ან დაბადების დღეებზე. და რაც მთავარია, თუ ვინმეს შემორჩა (და 90-იანებში არ გაყიდა), მათ დღესაც თვალის ჩინივით უფრთხილდება, სავარაუდოდ, „მერესთვის“, რომელიც არა და არ დადგა, თუმცა, ისინი ახლა უკვე სახსოვრად იქცნენ.
ნერვიულობა იმაზე, „რას იტყვის ხალხი“
ბავშვობაში გვაფრთხილებდნენ, არ გვეცელქა ქუჩაში, თორემ „ეს დეიდა დაგცინებს“. ეს გაფრთხილება ისე მტკიცედ გვაქვს გამჯდარი, რომ თითქმის მთელი ცხოვრება, ყოველი ქმედებისა თუ გადაწყვეტილების მიღებისას, ანგარიშს ვუწევთ ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს იმის შიშით, „რას იფიქრებენ“. დღეს მიაჩნიათ, რომ ამგვარი დამოკიდებულება შეიძლება იმ დროიდან იღებდეს სათავეს, როცა ქვეყანაში მეზობლის მიერ დასმენის გამო, შეიძლებოდა, სრულიად უდანაშაულო ადამიანი გაეციმბირებინათ.
უხერხულობის განცდა კომპლიმენტის მიღებისას
„ის ქალი არ არის, ის ხელმძღვანელია“- გახსოვთ, ალბათ, ეს ფრაზა ცნობილი საბჭოთა კომედიიდან „სამსახურეობრივი რომანი“. რატომღაც საბჭოთა ქალები უხერხულად გრძნობდნენ თავს კომპლიმენტების მიღებისას და იმის ნაცვლად, რომ გაეღიმათ და მადლობა გადაეხადათ, მაშინვე საკუთარი ნაკლის ჩამოთვლას იწყებდნენ. ეს ჩვევა, სამწუხაროდ, დღესაცაა შემორჩენილი.
არასოდეს გაუღიმო უცხოს
ანდაზაც კი არსებობს - უმიზეზოდ მხოლოდ სულელი იცინისო. ვაღიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდი ბევრისთვის სიუხვესა და კეთილდღეობასთან ასოცირდება, საბჭოთა ხალხმა მაინც რთული ცხოვრება განვლო: ომი, მრეწველობის ხელახლა ფეხზე დაყენება, რთული საცხოვრებელი პირობები და არც მათი გაუმჯობესების ან მანქანის შეძენის შესაძლებლობა... შეიძლება ითქვას, არც ჰქონდათ უცხოებთან თავაზიანობისა და ღიმილის განწყობა.
ხანგრძლივი მხიარულება
საბჭოთა დეფიციტის პერიოდი დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მტკიცე ჩვევად გვექცა წინასწარ ყველაფრის დიდი რაოდენობით მომარაგება, განსაკუთრებით, თუ სტუმრებს ველოდებით, იქნება ეს საკვები, სასმელი თუ სხვა წვრილმანი. სუფრისთვისაც უამრავი სახეობის კერძს ვამზადებთ.