09 იანვარი, 2018
მტკვრის პირას ნაპოვნი ახალგაზრდას ცხედარს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება - რას ყვება თვითმხილველი
8 იანვარს, მტკვრის ნაპირას ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 20 წლამდე ბიჭი მოკლულია - მას დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება. ახალგაზრდას ოჯახი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც თვითმხილველი ყვება, ცხედარი მაშველებმა საღამოს, დაახლოებით 18:00 საათისთვის იპოვეს:

"მაშველებმა ამოიყვანეს. ექსპერტებიც იყვნენ და შეამოწმეს ცხედარი. ნაცემი იყო თუ არა, არ ვიცით, ჩვენ არ გვანახეს ახლოდან, პოლიციელებს ლენტი ჰქონდათ გაბმული და არავის უშვებდნენ. ჩვენ
დავინახეთ, რომ გვამი ამოასვენეს მდინარის ნაპირზე", - ამბობს თვითმხილველი.

იხილეთ ვიდეო

ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინტერნეტმომხმარებელი ინგა ჩახვაშვილი პოსტს ავრცელებს:

"ჩემი კლასელის შვილი 29 დეკემბერს სახლიდან გავიდა და კვირაზე მეტხანს დაკარგული იყო. ვფიქრობდი, ოღონდ კი გამოჩნდეს, როგორმე, ნებისმიერი სიმართლით, ოღონდ ეს გაურკვევლობა დამთავრდეს-მეთქი. ახლა გავიგე, უპოვიათ, მტკვრის პირას, ყელგამოჭრილი, ნაწამები... და ისევ იმ ბრმა იმედს ვნატრობ, იმ გაურკვევლობას რომ ახლდა...

ღმერთო, ნათელში ამყოფე მისი სული. მის მშობლებს კი გაძლება მიეცი ამ დიდი ტკივილის, სამყაროსხელა სიცარიელის დათმენის. გული მეწურება, ღვთისნიერ, წესიერ ადამიანს, ჩემს ნათელ, მზესავით მეგობარს რატომ უნდა დატყდომოდა თავს ამხელა განსაცდელი..." - წერს ჩახვაშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS